"მილანის" ისტორია (ნაწილი პირველი)
დღეს მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს "მილანთან". როგორც ყოველთვის ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. მე გაგაცნობთ "როსონერის" ისტორიას,გუნდისას,რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული,თუ რამეს მოგება შეეძლო...
"მილანი", იტალიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სახელს იყოფს არგენტინულ "ბოკა ხუნიორსთან" (ორივე მათგანი ფიფას მიერ აღიარებული 18 ტიტულის მფლობელია). "როსონერი" გავლენიანი კლუბია, რომლის სათავეში იტალიის პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი დგას. მისი პრეზიდენტობის დროს გუნდმა იმდენი ტიტული მოიგო, რაც არც ერთი კლუბის პრეზიდენტს არ მოუგია.
ისტორია
დაარსება
მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსების შესახებ ინფორმაცია 1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „გაძეტა დელო სპორტის“ საშუალებით გავრცელდა. გაზეთის საარქივო მასალების მიხედვით, კლუბის დამაარსებლები არიან: ბრიტანული სამკერვალო ფაბრიკის მუშა ჰერბერტ კიპლინი, ასევე ბრიტანული ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი ელისონი და მეწაღე დევისი. იმ პერიოდში იტალიაში ფეხბურთის პოპულარიზაციას სწორედ ინგლისელები ეწეოდნენ.
გაზეთში გამოქვეყენებულ ცნობას მილანში მოღვაწე საქმოსნები ნათანი, ბარნეტი და ედვარდსი გამოეხმაურნენ. ეს უკანასკნელი მოგვიანებით "მილანის" პრეზიდენტად აირჩიეს. 1900 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მილანური კლუბი დაარეგისტრირა სახელწოდებით „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“. გუნდში ბრიტანელების სიჭარბის გამო სახელწოდებაში "მილანი" ეწერა ინგლისურად Milan და არა იტალიურად Milano.
კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ფინანსურ სარგებელზე გააკეთა — "მილანში" ვარჯიშის და თამაშის მსურველებს წლიურად 20 ლირა უნდა გადაეხადათ, ვინც გადასახდს არ გადაიხდიდა, კლუბს მაშინვე ტოვებდა.
ეკიპირება
"მილანის" პირველი კაპიტანი ასევე ინგლისელი ჰერბერტ კიპლინი იყო. მასვე ეკუთვნის მაისურის დიზაინი - შავ-წითელი ვერტიკალური ზოლები, ტრუსების ფერად თეთრი აირჩიეს. წლების განმავლობაში ზოლები ვიწროვდებოდა ან პირიქით, თუმცა მთლიანობაში არ შეცვლილა. ამის გამო მიიღო ზედმეტსახელი „როსონერი“, რაც ქართულად შავ-წითელს ნიშნავს.
გერბის შექმნაც კიპლინის სახელთანაა დაკავშირებული. მისი ინივიატივით კლუბის ემბლემად ლომბარდიის მხარის გერბი — თეთრ ფონზე წითელი ჯვარი დარჩა, რაც დღევანდელ ვარიანტშიცაა შემორჩენილი. ოვალი მარცხენა მხარე კლუბის ფორმის ფერებშია შეღებილი, მარჯვნივ ლომბარდიის გერბია, ზევით მილანის აბრევიატურა, ქვემოთ კი დაარსების წელი.
კლუბის ოფიცილური დასახელება რამდენჯერმე შეიცვალა. „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი” გახდა ”მილანის საფეხბურთო კლუბი“, ბოლოს კი ”საფეხბურთო ასოციაცია მილანი” დაერქვა, რაც იტალიურად ასე იწერება - Associazione Calcio Milan (AC MILAN).
პირველი ტიტულები
1900 წლის 11 მარტს "მილანმა" ჩაატარა პირველი არაოფიციალური მატჩი მილანის მეორე კლუბ "მედიოლანუმთან". იმ დროს "როსონერის" შემადგენლობაში იყვნენ: ჰუდი, კანიაჯი, ტორეტა, ლეესი, კილპინი, ვალერიო,დუბინი, დევისი, ნევილი, ელისონი, ფორმენტი. "მილანმა" თამაში 3:0 მოიგო. ამ მოგების შემდეგ "მილანი" იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანდა და იტალიის ჩემპიონატში თამაშის უფლება მიიღო. "სერია ა"-ში დებიუტი 1900 წლის 15 აპრილს "ტორინეზესთან" შედგა. პირველი ოფიციალური მატჩი "მილანმა" 0:3 წააგო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებს ყურები არ ჩამოუყრიათ და მეორე წელს "მილანმა" იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალში "მედიოლანუმს" 2:0 სძლია, ნახევარფინალში კი იყო პირველი ისტორიული ჯახი ტურინის "იუვენტუსთან" - მილანმა 3:2 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც წინა წლის ჩემპიონი "ჯენოა" დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა.
ორი წლის შემდეგ "მილანი" სკუდეტოსთვის გადამწყვეტ მატჩში ისევ "ჯენოას" შეხვდა და იმის მიუხედავად, რომ 2:0 დამარცხდა, ცხადი იყო - გუნდი მალე სერიოზულ წარმატებებს მიაღწევდა. იმ სეზონში "მილანმა" სამი არაოფიციალური ტიტული მოიგო: ალექსანდრიის ტურნირი, სან მარკოსა და ნავარას თასი.
1906 წელს "მილანი" ჯერ ლომბარდიის თასს დაეუფლა, შემდეგ კი ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც "იუვენტუსს" შეხვდა. პირველი მატჩი ფრედ დამთავრდა, მეორე შეხვდრაში კი მასპინძელმა "მილანელებმა" 2:0 მოიგეს და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ.
"როსონერიმ" ტიტული მომდევნო სეზონშიც დაიცვა. ამ პერიოდისთვის ჩემპიონატის ფორმატი უკვე შეცვლილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე "მილანეზე" დაამარცხა ორი მატჩის ჯამში. ფინალურ ჯგუფში "ტორინოსთან" ორჯერ ითამაშა ფრედ, "ანდრეა დორიას" მოუგო და ყველაზე მეტი 6 ქულა დააგროვა. ორივე შემთხვევაში გუნდს დანიელე ანჯელონი ხელმძღვანელობდა, მანამდე ჰერბერტ კიპლინი მწვრთნელის თანამდებობას ფეხბურთელობას უთავსებდა.
გუნდის გაყოფა
მომდევნო წლიდან "მილანი" ჩემპიონატიდან მოკვეთეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით , კლუბებს უცხოელი მოთამაშეების განაცხადში შეყვანა აეკრძალათ. იმის გამო, რომ "მილანში" ძირითადად სხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობდნენ, გუნდი ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ახალი კანონის გამო ჩემპიონატი დატოვეს "ჯენოამ" და "ტორინომ". აკრძალვა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა, თუმცა "მილანზე" დიდი გავლენა მოახდინა. დიდი ჩხუბის შემდეგ ლეგიონერებმა "როსონერი" დატოვეს და ახალი კლუბი, "ინტერნაციონალე", შემოკლებით "ინტერი", ჩამოაყალიბეს. 1908 წლის 9 მარტს დაარსებული გუნდის კაპიტნად ექსმილანელი შვეიცარიელი ერნსტ მანკტლი აირჩიეს.
იმავე წლის ოქტომბერში პირველი მილანური დერბი შვეიცარიის ქალაქ კასიოში გაიმართა. იმ თამაშში ქალაქის თასი გათამაშდა. შავ-წითლება მაშინ შავ-ლურჯებს 2:1 მოუგეს. 1909 წლის იანვარში კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ამჯერადაც "მილანმა" იმარჯვა - 3:2
შვედების ეპოქა
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იტალიის ჩემპიონატი შეწყდა. მოიგო. 1926 წელს პიეტრო პირელიმ "მილანის" ახალი სტადიონი, "სან სირო", დააარსა. სამი წლის შემდეგ კი "კალჩოც" (სერია ა) შეიქმნა. მსოფლიო ომების გარემოცვაში "მილანმა" ძალიან ცუდად ჩაატარა სეზონები და მხოლოდ მესამე ადგილებს დასჯერდა.
1940 წელს "მილანის" პრეზიდენტად უმბერტო ტრაბატონი დაინიშნა და მომდევნო 14 წლის განმავლობაში ის და მისი სიძე ანტონიო ბუსინი მონაცვლეობით ხელმძღვანელობდნენ კლუბს. მათი შრომის წყალობით გუნდმა ლიდერთა შორის დაიმკვირდა ადგილი.
40-იანი წლების მიწურულს "როსონერის" მაისური ერთი წლის ინტერვალით შვედეთის ნაკრების ლიდერებმა მოირგეს - გუნარ ნორდალის, გუნარ გრენისა და ნილს ლიდჰოლმის მოსვლით "მილანში" ახალი ერა დაიწყო. მთავარ მწვრთნელად უნგრელი ლაიოშ ჩეისლერი დაინიშნა. მან შვედეთში 12 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში პატარა "ნორჩეპინგი" 5 გახადა ჩემპიონი.
შვედური სამეული, გრე-ნო-ლი, "მილანს" შესანიშნავად მოერგო. ნორდალი გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო გრენი და ლიდჰოლმი მის უკან მოქმედებდნენ. 1949-1950 წლების სეზონში "მილანი" "იუვენტუსს" კუდში მისდევდა, 23-ე ტურში კი "ბებერი ქალბატონი" მისავე მოედანზე 7:1 დაამარცხა. საერთო ჯამში 38 მატჩში 118 გოლი გაიტანეს, თუმცა მაინც მეორე ადგილზე გავიდნენ.
იმ სეზონში "მილანმა" და ნორდალმა ორი რეკორდი დაამყარეს. კლუბმა სერია ა-ში ყველაზე მეტი 118 გოლი გაიტანა, შვედმა ფორვარდმა კი 35 ბურთით ბომბარდირის ტიტული არავის დაუთმო. 1950-1951 წლებში "მილანმა" როგორც იქნა ჩემპიონატი მოიგო. ამ სეზონშიც "როსონერიმ" ასზე მეტი გოლი გაიტანა, ნორდალიც ზედიზედ მეორედ გახდა სერია ა-ს ბომბარდირი.
ერთი წლის შემდეგ მილანელებმა პირველი დიდი საერთაშორისო ტიტული, ლათინთა თასი მოიგეს. შავ-წითლებმა ნახევარფინალში მადრიდის "ატლეტიკო" 4:1 დაამარცხეს, შემდეგ "ლილი" 5:0 გაანადგურეს, ჰეთ-თრიკი ნორდალმა შეასრულა. ფრანგების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონიონი, დე გრანდი, ბურინი, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ვიკარიოტო.
1954 წელს მულტიმილიონერმა ანდრეა რიცოლი კლუბის პრეზიდენტად დაინიშნა, დიდი ფული დააბანდა კლუბში და ძლიერი ფეხბურთელებიც შეიძინა - "ტრიესტრიდან" ახალგაზრდა მცველი ჩეზარე მალდინი, "პენიაროლიდან" ურუგვაელი, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონი ხუან სკიაფინო.
შედეგმაც არ დააყოვნა - 1955, 1957 და 1959 წლებში "სკუდეტო" მოიგო, 1956 წელს კი მეორედ აღმართა ლათინთა თასი, ნახევარფინალში ლისაბონის "ბენფიკა' 4:2 სძლია, ფინალში კი ბილბაოს "ატლეტიკი" 3:1 დაამარცხა.
1958 წელს "მილანი" პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ თამაშს, სკიაფინომ 59-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ გრილიომ დააწინაურა "მილანი", თუმცა გამოცდილებამ თავისი გიტანა - ჯერ ექტორ რიალმა გაათანაბრა, დამატებით დროში კი ფრანსისკო ხენტომ გამარჯვება მოუტანა გუნდს.
პირველი ევროპული თასები
60-იანი წლების დასაწყისში გუნდი ნერიო როკომ ჩაიბარა. იმ პერიოდში გუნდშო მოვიდნენ ბარზილიელი ფორვარდი ჟოზე ალტაფინი და იტალიური ფეხბურთის ”ოქროს ბიჭი” ჯანი რივერა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "მილანმა" პირველივე წელს მოიგო "სერია ა", გუნდმა 83 გოლი გაიტანა, მაშინ როდესაც მეორე ადგილზე გასულ "ინტერს" მხოლოდ 59-ჯერ ჰქონდა აღებული მეტოქეთა კარი.
მომდევნო სეზონში კი "მილანმა" ჩემპიონთა თასი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში როკოს გუნდმა ორგზის გამარჯვებული ლისაბონის "ბენფიკა" უემბლის სტადიონზე 2:1 დაამარცხა. ანგარიში პორტუგალიელმა ეუსებიომ გახსნა, შემდეგ ალტაფინიმ დუბლი გაიფორმა და კაპიტანმა მალდინიმ თასი ასწია. "მილანი" პირველი იტალიური კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც ეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული მოიგო. საკონტინენტაშორისო თასისთვის "მილანი" ბრაზილიის "სანტოსს" დაუპირისპირდა, რომელშიც პელე ბრწყინავდა. 1963 წელს იტალიელებმა სამხრეთამერიკელებს შინ 4:2 სძლიეს. ამავე ანგარიშით უკვე რიო დე ჟანეიროში 'სანტოსმა" მოიგო. მესამე და გადამწყვეტ მატჩში ბრაზილილელებმა 1:0 მოიგეს.
ამავე წელს პრეზიდენტმა რიცოლიმ "მილანის" სამწვრთნელო ბაზის, "მილანელოს" მშენებლობა დაასრულა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად ფრანკო კარარო მოვიდა. როკოს ყველა სურვილი დააკმაყოფილა და ახალი ფეხბურთელებიც დაიმატა. შავ-წითელი მაისური მოირგეს მეკარე ფაბიო კუდიჩინიმ, მცველმა სოლ მალატრაზიმ და შვედმა თავდამსხმელმა კურტ ჰამრინმა, გუნდს დაუბრუნდა პიერო პრატი. 1967 წელს "მილანმა" პირველად მოიგო იტალიის თასი - ფინალში "პადოვა" 1:0 დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ კი უკვე დუბლი შეასრულა, ჯერ "სერია ა" მოიგო, შემდეგ კი თასების მფლობელთა თასი, რომელიც მეორე ევროპული თასი იყო კლუბის ისტორიაში. ფინალში "ჰამბურგი" დაამარცხა 2:0. ორივე გოლი კნუტ ჰამრინმა გაიტანა.
მომდევნო სეზონი ტრიუმფალური აღმოჩნდა "როსონერისთვის". როკოს გუნდმა ჩემპიონთა თასი კიდევ ერთხელ მოიგო. ფინალში მილანელებმა ამსტერდამის "აიაქსი" 4:1 გაანადგურეს. ჰოლანდიურ კლუბში მაშინ იოჰან კრუიფის ვარსკვლავი იწყებდა გაბრწყინებას. "ბერნაბეუზე" გამართულ გადამწყვეტ მატჩში პრატიმ ჰეთთრიკი შეასრულა.
იმავე წელს "მილანის" ფეხბურთელმა პირველად მოიგო ”ოქროს ბურთი”. ”ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში იტალიის ნაკრების ლიდერმა, 1968 წლის ევროპის ჩემპიონმა ჯანი რივერამ პირველობა არავის დაუთმო. საკონტინენტაშორისო თასი "მილანმა" პირველად 1969 წელს მოიგო. ორმატჩიან დუელში იტალიელებმა არგენტინის "ესტუადიანტესს'' 4:2 სძლიეს.
კრიზისი
ფრანკო კარარომ პრეზიდენტის პოსტი 1971 წელს დატოვა, "მილანში" პრობლემებიც სწორედ მაშინ დაიწყო. გუნდი ინერციით კიდევ ახერხებდა წარმატებულ გამოსვლას და 1972 და 1973 წლებში ქვეყნის თასი მოიგო, მეორედ აღმართა თასების მფლობელთა თასი.
კონფლიქტი რივერასთან
1972 წელს "როსონერის" პრეზიდენტი ალბინი ბუტიკი გახდა. მისი მოღვაწეობა ყველაზე სკანდალური გამოდგა. მას ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ჯანი რივერასთან, რომელსაც გულშემატკივრები აღმერთებდნენ. ბუტიკი ყველანაირად ცდილობდა ვეტერანი ფეხბურთელის დამცირებას. აქვეყნებდა შეკვეთილ სტატიებს, ყველა ინტერვიუში მას ლანძღავდა. მის მიერ მიწვეული მწვრთნელები მოედანზე გასვლის საშუალებას არ აძლევდენენ. იმავე პერიოდში გუნდიდან წავიდნენ ჯოვანი ტრაპატონი,შნელინგერი, სოპრმანი, პრატი ჯანი რივერა კი 1974 წელს ტრანსფერზე დააყენეს. თუმცა ვეტერანი ფეხბურთელის წაყვანა არავინ ისურვა. ნელნელა ფეხბურთელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და საქმე სასამართლომდე მივიდა. ბუტიკი დამარცხდა და თანამდებობა დატოვა.
"მილანმა" იტალიის თასი 1977 წელს მეოთხედ მოიგო, ფინალში "ინტერი" დაამარცხა. 1979 წელს კი "სკუდეტო" მოიგო. იმ წელს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ჯანი რივერამ. თუმცა ერთი ლეგენდა მეორემ ჩაანაცვლა - იმ სეზოში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მომავალმა ლიდერმა ფრანკო ბარეზიმ.
დაქვეითება "სერია ბ"-ში
გულშემატკივრების რისხვა 1979-1980 წლების სეზონში გაიზარდა, მაშინ ''როსონერი'' ჩემპიონთა თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას. ''პორტუსთან'' ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა. სეზონის ბოლოს კი ''მილანი'' დიდ სკანდალში გაეხვა - გარიგებულ მატჩებში დასდეს ბარალი.
იტალიელმა სამართალდამცავებმა სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ ''ლაციოს'', "აველინოს", "ბოლონიას", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "ჯენოას", "პერუჯას" და "მილანის" ათეულობით ფეხბურთელი დააკავეს. "როსონერის" შემადგენლობიდან დააპატიმრეს ვეტერანი მეკარე ენრიკო ალბერტოზი და 33 წლის მცველი ჯორჯო მორინი. მალე მათ თავდამსხმელი სტეფანო კიოდოც დაემატათ. ბოლოს დაიჭირეს პრეზიდენტი ფელიჩე კოლომბო, რომელიც უამრავ გარიგებაში ამხილეს. მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ენრიკო ალბეტროზი 4 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მორინი ერთი წლით, ხოლო კიოდო ნახევარი წლით.
ყველაზე მეტად "მილანი" დაზარალდა - ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი გუნდი, რომელიც უცვლელად ასპარეზობდა იტალიის უმაღლეს ლიგაში, "სერია ბ-ში" დააქვეითეს. კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. გუნდის ხელმძღვანელობამ კი აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გააკეთა. ფრანკო ბარეზიმ, მაურო ტასოტიმ და სხვებმა "სერია ბ" მოიგეს და "მილანი" კვლავ ელიტაში დაბრუნდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით. 16 გუნდიან ჩემპიონატში "როსონერიმ" მე-14 ადგილი დაიკავა და კვლავ ქვედა ლიგაში გავარდა.
გაკოტრებული "მილანი"
1982-1983 წლებში "მილანმა" "სერია ბ" კიდევ ერთხელ მოიგო და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. თუმცა "როსონერის" პრობლემები ამით არ დამთავრებულა, 1985 წელს კლუბის პრეზიდენტმა ჯუზეპე ფარინა სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. იტალიელმა სამართალდამცავებმა დაადგინეს რომ 1982 წლიდან გაქცევამდე სანამ კლუბს მართავდა, თანხებს სხვადასხვა საეჭვო ფირმების ანგარიშებზე რიცხავდა.
"მილანის" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როსარიო ლო ვერდემ 1986 წლის 15 იანვარს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხდა რომ კლუბი გაკოტრებულია და აქციონერთა საბჭო მზადაა ნებისმიერი შემოთავაზება განიხილოს. თებერვლის დასაწყიში "მილანის" შეძენის სურვილი ბიზნესმენმა დარიო არმანიმ გამოთქვა. თუმცა მალე "მილანის" მესვეურებმა განაცხადეს, რომ 8 მილიარდი ლირის სანაცვლოდ აქციათა ძირითადი პაკეტი კომპანია ”ფინინვესტს” გადაეცა. მარტში მილანის თეატრ ”მონცონიში” კლუბის ახალი ხელმძღვანელების ინაუგურაცია შედგა. გულშემატკივრებმა სწორედ მაშინ გაიცნეს "როსონერის" ახალი პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცე პრეზიდენტი ადრიანო გალიანი.
ინფორმაციის წყარო: wikipedia.org
სტატიის ავტორი: WISHMASTER
- 19 ოქტომბერი 2010
- 2 268
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.