ფლორენტინო:„ჩვენ ვაინიცირებთ ახალ ინიციატივებს სამეფო კლუბში“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა კლუბის გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილ დირექტორთა საბჭოს და კლუბის წევრებს ვრცელი და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით მიმართა.

მადლიერება

 „მსურს დავიწყო ჩემი მადლიერების გამოხატვით იმ ნდობისთვის, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ბოლო არჩევნებზე გამომიცხადეთ. ეს არის ნდობა, რომელსაც უდიდესი სიამაყითა და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით ვიღებ, რადგან ის წარმოადგენს საერთო პროექტის, ჩვენი კლუბის გააზრების ფორმისა და მისი ღირებულებების, დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციური მოდელის დაცვის გზის მხარდაჭერას“.

ერთი ოჯახი

„ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც აერთიანებს განსაკუთრებული ისტორია, შეუვალი პრინციპები და ერთი და იგივე ვნება. „სოსიოების“ ერთიანობა ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. ჩვენი სტაბილურობის საუკეთესო გარანტია და მთავარი ძალა იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც წინ გველის. მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული, ყველაზე საყვარელი და ყველაზე აღფრთოვანების გამომწვევი სპორტული ინსტიტუციაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, უნივერსალური და საკუთარი ისტორიის ერთგული კლუბი. კლუბი, რომლის ერთადერთი მფლობელები სოსიოები ხართ და ყოველთვის იქნებით“.

სპორტული შედეგები

„ყველაფერი, რაც ერთად მოვიგეთ, ასახავს იმას, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ერთიანად ვმუშაობთ და ამბიციას ხელუხლებლად ვინარჩუნებთ. ბოლო 17 სეზონის განმავლობაში 59 ტიტული მოვიპოვეთ: 30 ფეხბურთში და 29 კალათბურთში. მათ შორისაა ფეხბურთის ექვსი ევროპის თასი (ჩემპიონთა ლიგა) და კალათბურთის სამი ევროპის თასი (ევროლიგა). ეს არის განსაკუთრებული ციფრები, რომლებიც ჩვენი 124 წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპის ნაწილია“.

„მაგრამ მადრიდის „რეალში“ ვიცით, რომ თითოეული წარმატება ამავდროულად ახალი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ისტორია ყოველთვის მეტს გვთხოვს. მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით: ჩვენი ვალდებულებაა გავაგრძელოთ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა, ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისთვის და კვლავ ავუსრულოთ ოცნებები მილიონობით მადრიდისტას მთელ მსოფლიოში.  ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებას. დღეს მადრიდიზმს იმედი დაუბრუნდა. ჩვენ გავაძლიერეთ განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს ბევრ საუკეთესო ფეხბურთელს აერთიანებს და რომელმაც მიმდინარე სეზონის განვლილ ნაწილში დაამტკიცა, რომ ყველაფრისთვის ბრძოლა შეუძლია. შემადგენლობა, რომელსაც სათავეში უდგას ჩვენი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელიც თავის სახლში დაბრუნდა, რათა ყველა მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს“.

შენაძენები

„მოვიდნენ ისეთი დიდებული ფეხბურთელები, როგორებიც არიან დიომანდე, დუმფრისი, კონატე, ბერნარდო სილვა, კარლოს ესპი და მსოფლიო ჩემპიონი მარკ კუკურეია. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს მეორე მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, რამაც გასულ ზაფხულს ამხელა სიხარული და სიამაყე მოგვგვარა“.

განსაკუთრებული ხსენება

 „ასევე ნებას მომცემთ, ყოველივე საუკეთესო ვუსურვოთ მათ, ვინც მადრიდის „რეალში“ თავისი ეტაპი დაასრულა: ალაბას, სებალიოსს, ფრან გარსიას, გონსალოს და მწვრთნელებს - ჩაბი ალონსოსა და არბელოას. ყველა მათგანმა იცის, რომ ეს ადგილი კვლავ მათ სახლად დარჩება და ჩვენს სიყვარულს სამუდამოდ წაიღებენ თან“.

„აქვე მსურს განსაკუთრებულად აღვნიშნო ჩვენი აკადემიის ერთ-ერთი უდიდესი აღზრდილი, დანი კარვახალი. იმ 12 წლის ბიჭუნამ, რომელმაც ჩვენს ძვირფას ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად ჩადო პირველი ქვა მადრიდის „რეალის“ საწვრთნელ ქალაქს, მადრიდის „რეალში“ კარიერა 27 ტიტულით დაასრულა, მათ შორის არც მეტი, არც ნაკლები, ექვსი ევროპის თასით, რითაც ჩვენს ასევე ძვირფას პაკო ხენტოს გაუთანაბრდა“.

კალათბურთი

 „ჩვენი საკალათბურთო პროექტი აგრძელებს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპის შენებას. წელს მნიშვნელოვანი განახლება განვახორციელეთ და გასულ სექტემბერში უკვე მოვიპოვეთ სეზონის პირველი ტიტული: აბუ-დაბიში გამართული ევროპის სუპერთასი“.

ქალთა ფეხბურთი

„ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქალთა ფეხბურთის განვითარებისადმი. წინსვლას ვაგრძელებთ და ეს უკვე ზედიზედ მეექვსე სეზონია, როდესაც ჩვენი გუნდი ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს“.

აკადემია (კანტერა)

„რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი აკადემიით, რომელმაც თავისი ისტორიის საუკეთესო წელი ჩაატარა. ჩვენი „ხუვენილ A“ (19-წლამდელთა გუნდი) ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. გახდა მსოფლიო ჩემპიონი  „სანტიაგო ბერნაბეუზე“, სადაც ახალგაზრდულ მატჩზე დასწრების მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა და ასევე გახდა ლიგისა და ჩემპიონთა თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, ჩვენი აკადემიის ათი გუნდი ლიგის ჩემპიონი გახდა“.

„ბერნაბეუ“

„სპორტული წარმატებების მუდმივი ძიების გარდა, რაც ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, დავასრულეთ ჩვენი სტადიონის, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ისტორიული ტრანსფორმაცია. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სტადიონი, საერთაშორისო ორიენტირი, რომელიც მომავლის წინასწარ განჭვრეტის ჩვენი უნარის სიმბოლოა. ეს არის ნაგებობა, რომელიც განასახიერებს ჩვენი კლუბის მოდერნიზაციას, მის ზრდასა და მსოფლიო სპორტში ლიდერობის გაგრძელების მუდმივ ნებას“.

პაპის ვიზიტი

„ამასთან, წელს იგი უნივერსალური მოვლენის ეპიცენტრი გახდა. ჩვენმა სტადიონმა პაპ ლეო XIV-ს უმასპინძლა. მისი ვიზიტი სამუდამოდ დარჩება ემოციურ კადრად, რომელსაც არასოდეს დავივიწყებთ“.

მადრიდის „რეალის“ ქალაქი (საწვრთნელი ბაზა)

 „„ბერნაბეუს“ ტრანსფორმაცია არის გლობალური პროექტის ნაწილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მომავლის შენება და რომელიც ასევე მოიცავს მადრიდის „რეალის“ ამ ქალაქის განვითარებას. ჩვენ ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას ისეთ ამბიციურ პროექტში, როგორიცაა მადრიდის დიდი ტექნოლოგიური პარკის - Madrid Innovation District-ის შექმნა, რომელიც მადრიდის „რეალის“ ქალაქის 120 ჰექტარიდან 85 ჰექტარზე გაშენდება. ეს უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მადრიდი ევროპის დიდ ტექნოლოგიურ დედაქალაქად იქცეს“.

აღიარებები

 „ მადრიდის „რეალისთვის“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ კომპანიების მიერ გენერირებულ მთელ ამ ცოდნასა და მათ ტექნოლოგიას კლუბის საქმიანობის, განსაკუთრებით კი მისი სპორტული მიმართულების გასაუმჯობესებლად გამოვიყენებთ. ეს ყოველივე აისახება იმ ლიდერის პოზიციაზე, რომელიც დღეს ჩვენს კლუბს უკავია. Forbes-ის მიხედვით, მადრიდის „რეალი“ ზედიზედ მეხუთე წელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბია.  Deloitte-ის მიხედვით,  მსოფლიოში ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე საფეხბურთო კლუბი, ხოლო Brand Finance-ის მიხედვით,  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და უძლიერესი საფეხბურთო ბრენდი“.

განსაკუთრებული ფინანსური მაჩვენებლები

„საოპერაციო შემოსავლებმა 1 მილიარდ 221 მილიონი ევრო შეადგინა, რითაც პირველად გადავაბიჯეთ 1 მილიარდს 200 მილიონი ევროს ნიშნულს. ეს არის ციფრი, რომლისთვისაც აქამდე არცერთ სხვა სპორტულ ორგანიზაციას არ მიუღწევია. EBITDA (მოგება პროცენტების, გადასახადებისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 287,4 მილიონ ევროს შეადგენს. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი კლუბს ოდესმე ჰქონია. გადასახადების შემდგომი წმინდა მოგება 26 მილიონ ევროს აღწევს, რაც წინა სეზონთან შედარებით 8 პროცენტით მეტია“.

„და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციფრი - „სანტიაგო ბერნაბეუს“ შემოსავალი უკვე ორჯერ აღემატება იმას, რაც რეკონსტრუქციამდე ჰქონდა“.

მსოფლიოში უდიდესი აუდიტორიის მქონე ინსტიტუცია

 „გარდა ამისა, ჩვენ კვლავ ვართ მსოფლიოში უდიდესი აუდიტორიის მქონე სპორტული ინსტიტუცია. ჩვენ ვართ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც სოციალურ ქსელებში 680 მილიონ გამომწერს მიაღწია, ხოლო ჩვენი ვებგვერდი ზედიზედ მეათე წელია კვლავ მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი საფეხბურთო კლუბის გვერდია“.

მადრიდის „რეალის“ ფონდი

 „ჩვენი ფონდი ჩვენი ინსტიტუციის სოლიდარული სულია. იგი თავის საქმიანობას ხუთი კონტინენტის ასზე მეტ ქვეყანაში ეწევა და სპორტსა და განათლებას ადამიანების ცხოვრების შესაცვლელ ინსტრუმენტებად იყენებს. ჩვენ გვაქვს 461 სოციალურ-სპორტული სკოლა და 1 373 პროექტი და აქტივობა, რომელთა მეშვეობითაც ყოველწლიურად 400 000-ზე მეტ ბენეფიციარს ვწვდებით, განსაკუთრებით კი სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს. რადგან ჩვენი სიდიადე მხოლოდ მოპოვებული ტიტულებით არ იზომება. იგი ასევე იზომება ჩვენი უნარით, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ხელი შევუწყოთ თანაბარ შესაძლებლობებს და გადავცეთ ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის“.

არჩევნები

„როგორც იცით, მაისში არჩევნები დავნიშნეთ და მსურს შეგახსენოთ, რატომ გავაკეთეთ ეს. მრავალი თვის განმავლობაში მადრიდის „რეალის“ გარშემო ძალიან მტრული, გადაჭარბებულად მტრული გარემო შეიქმნა. თითქმის ყოველდღიურად ვრცელდებოდა უამრავი ყალბი ამბავი. იქმნებოდა ყველანაირი ნარატივი, რათა ხალხისთვის დაეჯერებინათ, თითქოს მადრიდის „რეალი“ გახლეჩილი იყო, თითქოს სოსიოები აღარ ენდობოდნენ საკუთარ კლუბს და ყველაფერი უნდა შეცვლილიყო“.

„ასეთ ვითარებაში მე მხოლოდ ერთ შესაძლო პასუხს ვხედავდი, იმავეს, რასაც ეს კლუბი თავისი 124 წლიანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იძლეოდა.  სიტყვის დაბრუნება მადრიდის „რეალის“ მფლობელებისთვის, რომლებიც თქვენ ხართ, მისი სოსიოები. რადგან, სანამ მაქვს პატივი ვიყო ამ კლუბის პრეზიდენტი, არასოდეს დავუშვებ, რომ ვინმემ იგი საკუთარი ინტერესებისთვის ინსტრუმენტად გამოიყენოს. რათა არავინ ისარგებლოს მადრიდის „რეალით“ და პირადი ინტერესები კლუბის ინტერესებზე წინ არ დააყენოს. მადრიდის „რეალის“ ბედს მხოლოდ მისი სოსიოები გადაწყვეტენ. ეს ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება“.

„სოსიოებმა მკაფიოდ თქვეს თავისი სათქმელი. არჩევნები დასრულდა და რასაც საარჩევნო ყუთებთან ვერ მიაღწიეს, ვერც მედიაში გავრცელებული ჭორებით მიაღწევენ. მადრიდის „რეალი“ ეკუთვნის თავის სოსიოებს და სოსიოებმა უკვე აირჩიეს პროექტი, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სურთ“.

„სოსიოებმა მოითხოვეს მადრიდის „რეალი“, რომელიც გააგრძელებს მსოფლიო ფეხბურთის ლიდერობას, მადრიდის „რეალი“, რომელიც იქნება იმაზე უფრო ახლოს თავის გულშემატკივრებთან, ვიდრე ოდესმე, და მადრიდის „რეალი“, რომელსაც შეუძლია თავის დაცვა მათგან, ვისაც მისი გაკონტროლება საკუთარი ინტერესებისთვის სურს. სწორედ ამ სამ საკითხზე - ლიდერობაზე, კავშირსა და დაცვაზე  მსურს ახლა გესაუბროთ“.

ევროპული ფეხბურთი

 „ვიწყებ ლიდერობით და ამას ვაკეთებ ევროპულ ფეხბურთზე საუბრით - საკითხით, რომელმაც ბოლო წლებში ჩვენი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. სწორედ იმიტომ, რომ ესპანეთისა და ევროკავშირის სასამართლოებში გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარეს იყო, შევძელით მოლაპარაკების მაგიდასთან დავმსხდარიყავით კარგი შეთანხმების მისაღწევად  არა სისუსტის, არამედ სიმართლის ძალის პოზიციიდან“.

„ამგვარად, გასულ 11 თებერვალს მივაღწიეთ სამმხრივ შეთანხმებას - UEFA-ს, რომელიც 55 ფედერაციისგან შედგება; European Football Clubs-ს (EFC, ყოფილი ECA), რომელიც 900-ზე მეტ ევროპულ კლუბს წარმოადგენს და მადრიდის „რეალს“ შორის, რომელიც ევროპის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და თავისი 100 000 სოსიოს საკუთრებაა“.

„ამიტომ მსურს ასევე გაცნობოთ, რომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის ამ ახალი ეტაპის ფარგლებში, მადრიდის „რეალი“ მუშაობს, რათა დაბრუნდეს როგორც EFC-ში (ყოფილ ECA-ში), ისე UEFA-ს კომიტეტებში. ჩვენ დავბრუნდებით EFC-ში, რომლის დამფუძნებელი წევრებიც ვიყავით, რათა შიგნიდან შევუწყოთ ხელი ყველა იმ ტრანსფორმაციას, რომლებიც ასე აუცილებელია ევროპული ფეხბურთისთვის“.

ახალი მადრიდისტული პროგრამა

 „ჩვენ ვმუშაობთ ახალ მადრიდისტულ პროგრამაზე - ლოიალობის პროგრამაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამოვიცნოთ თითოეული გულშემატკივარი ყოველ ჯერზე, როცა იგი თავის კლუბთან დაამყარებს კავშირს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. როცა უყურებს მატჩს, როცა ყიდულობს მაისურს, როცა სტუმრობს „ბერნაბეუს“, როცა თვალს ადევნებს ჩვენს კონტენტს Real Madrid Play-ზე ან როცა მონაწილეობს ჩვენი ფან-კლუბების (პენია მადრიდისტების) აქტივობებში. გვსურს მთელი მსოფლიოს მადრიდისტებთან პირდაპირი, მუდმივი და პერსონალიზებული ურთიერთობა დავამყაროთ“.

„მსურს ერთი რამ ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რადგან ვიცი, რომ ეს სოსიოებისთვის მნიშვნელოვანია: ეს პროგრამა არაფერს ცვლის იმაში, თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის „რეალის“ სოსიო. სოსიოები ვართ კლუბის ერთადერთი მფლობელები. ჩვენ გვაქვს უნიკალური და ექსკლუზიური სტატუსი, რომლის შედარებაც მადრიდის „რეალთან“ დაკავშირების არცერთ სხვა ფორმასთან არ შეიძლება, და ჩვენ, როგორც მესაკუთრეები, ყოველთვის დავიკავებთ უნიკალურ ადგილს“.

„ეს პროგრამა შეცვლის კლუბის ეკონომიკას, რადგან საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ შემოსავლის ახალი წყაროები და ჩვენს ისტორიაში პირველად მოგვცემს პირდაპირ კავშირს მთელ მსოფლიოში მყოფ მილიონობით გულშემატკივართან, შუამავლების გარეშე“.

უსასრულო „ბერნაბეუ“ 

 „გასული 15 ივლისიდან ყველა სოსიოს შეუძლია სტადიონის ტურის ფარგლებში უფასოდ გამოსცადოს „უსასრულო ბერნაბეუს“ (Bernabéu Infinito) გამოცდილება: იმერსიული დოკუმენტური ფილმი, რომელიც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს არის გადაღებული“.

„ვირტუალური რეალობის სათვალეები ზუსტად იმავე გზას გაივლის. ისინი სულ უფრო მსუბუქი, უფრო იაფი და უფრო ხელმისაწვდომი გახდება, და რამდენიმე წელიწადში დაუჯერებლად მოგვეჩვენება, რომ ოდესღაც მატჩის შესაგრძნობად სტადიონზე ფიზიკურად ყოფნა იყო საჭირო. ჩვენ ვდგავართ რევოლუციის წინაშე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სპორტითა და გართობით ტკბობის ჩვენი წესი, ისევე როგორც მობილურმა ტელეფონებმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება. „ბერნაბეუს“ აქვს ის ტევადობა, რაც აქვს. მაგრამ მადრიდიზმს საზღვრები არ გააჩნია და არც „უსასრულო ბერნაბეუს“ ექნება“.

მმართველი გუნდების განახლება

 „ახალ ურთიერთობას ევროპულ ფეხბურთთან, მადრიდისტულ პროგრამასა და „უსასრულო ბერნაბეუს“ ერთი საერთო რამ აქვთ: მათ საუკეთესოები სჭირდებათ. ჩვენ ვახორციელებთ გეგმას, რათა გავაძლიეროთ კლუბის მმართველი გუნდები ჩვენი მენეჯმენტის თითოეულ სფეროში. ჩვენისთანა ინსტიტუციას სჭირდება ტალანტების ახალი თაობების მოზიდვა: ციფრული სამყაროს, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სპორტისა და გართობის ახალი ბიზნესების პროფესიონალების“.

„მაგრამ ამ განახლებას თან უნდა ახლდეს იმ ადამიანების დაფასებაც, რომლებიც გადამწყვეტნი იყვნენ და კვლავაც არიან ჩვენი პროექტის განვითარებაში და განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი გენერალური დირექტორი, ხოსე ანხელ სანჩესი, კლუბის პირველი აღმასრულებელი პირი, რომელიც 26 წელია ჩემ გვერდით მუშაობს და გადამწყვეტი ფიგურა იყო მადრიდის „რეალის“ ტრანსფორმაციაში როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით“.

ნეგრეირას საქმე

„გესაუბრეთ ლიდერობასა და კავშირზე. მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს, თუ თანაბარ პირობებში ასპარეზობა არ შეგვიძლია და თუ არ შეგვწევს უნარი, დავიცვათ ჩვენი კლუბი. და აქ უნდა გესაუბროთ ესპანურ ფეხბურთსა და განსაკუთრებული სიმძიმის საკითხზე, რომელიც არც შეგვიძლია და არც უნდა დავივიწყოთ, თუმცა ზოგიერთებს სურთ, რომ მასზე საუბარი შევწყვიტოთ მაშინ, როცა საფეხბურთო სამყაროში სხვა არაფერზე საუბრობენ - ნეგრეირას საქმეზე“.

„საქმე ისაა, რომ მომხდარი უკიდურესად მძიმეა. ესპანეთის მსაჯობის მეორე ნომერი, მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია) 8 მილიონ ევროზე მეტს იღებდა კლუბისგან, რომელსაც ყველანი ვიცნობთ. ჩვენ ვსაუბრობთ გადახდაზე სამსაჯო სისტემის საკვანძო თანამდებობის პირისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ის ატყობინებდა მსაჯებს მათი დაწინაურებისა და დაქვეითების შესახებ“.

„შეგახსენებთ, რა განაცხადა თავად ნეგრეირამ საგადასახადო სამსახურის წინაშე.“

„არ მაქვს განზრახული, საჯარო გავხადო ყველა ის დარღვევა, რომელიც კლუბის რომელიმე წევრთან დაკავშირებით ვიცი და მინახავს, მაგრამ თქვენ მაიძულებთ ამის გაკეთებას, თუ არ გადახედავთ თქვენს გადაწყვეტილებას და არ შეასრულებთ ჩვენს შეთანხმებას, რომ ჩემი მომსახურებით საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე გესარგებლათ“.

„მსურს ძალიან ზუსტი ვიყო. ჩემი საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ამას სასამართლოები და UEFA გააკეთებენ, და მე პატივს ვცემ მართლმსაჯულების ვადებსა და პროცედურებს. მაგრამ ჩემი მოვალეობაა, როგორც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტისა, მოვითხოვო ბოლომდე იქნას გამოძიებული ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ტურნირის სანდოობას. სრული სიცხადით გეუბნებით, რომ არ გავჩერდები, სანამ ყველა პასუხისმგებელი პირი არ გამოვლინდება“.

ლა ლიგა და ფედერაცია

 „ეს პირდაპირ ეხება სისტემის სხვა მონაწილეების - კლუბებისა და ინსტიტუციების პასუხისმგებლობას.  განსაკუთრებით, ორი ესპანური ინსტიტუციისას: ლა ლიგისა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციისას. მაშ ასე, მათ, ვისაც ეს მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება, მომხდარის დასჯა არ შეუძლიათ. ფედერაციამ დაკარგა თავისი უფლებამოსილება, რადგან ფაქტებს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა, ხოლო ლა ლიგას დისციპლინური უფლებამოსილება არ გააჩნია. მაგრამ საქმე ისაა, რომ, გარდა ამისა, მათ არც იმ ინსტიტუციისთვის მიუმართავთ, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დასჯის ეს უფლებამოსილება, როგორიცაა UEFA. მათ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ“.

„იძულებული გახდა მადრიდის „რეალი“, ერთ-ერთი დაზარალებული, ყოფილიყო ის, ვინც შეაგროვა მთელი ინფორმაცია და საჩივარი შეიტანა UEFA-ში. ჩვენ მას გადავეცით უხვი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები განსაკუთრებული სიმძიმის ფაქტების შესახებ და გასულ 1 ოქტომბერს UEFA-მ დაადასტურა, რომ მისი ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორები მთელ ამ დოკუმენტაციას სწავლობენ. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მკაფიოა - გამოიძიონ სიმკაცრით, იმოქმედონ მაქსიმალური სისწრაფით და აღსრულდეს სამართლიანობა. მივიდნენ ბოლომდე და აღმოიფხვრას ის შედეგები, რაც ამ ყველაფერს შესაძლოა მოჰყოლოდა“.

„ლა ლიგა სრულ უმოქმედობაში რჩება და იმით იმართლებს თავს, რომ უფლებამოსილება არ აქვს. მართალია, იგი ჩაერთო სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ საქმეში ჩართვა გამოძიებას არ ნიშნავს.  ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო პროცესის დაკითხვებზე კითხვებსაც კი არ სვამდა, თითქოს იქ არც ყოფილიყო. ასეთი დამოკიდებულების წინაშე მხოლოდ ორი ახსნა არსებობს, ან სურს დამალოს, რომ ინფორმაციას ფლობდა და არაფერი გააკეთა, ან უბრალოდ თავის პასუხისმგებლობას არ ასრულებს. და არცერთი მათგანი არ არის მისაღები“.

სამსაჯო სისტემა

 „ამან კიდევ უფრო გაამწვავა ჩვენი ურთიერთობა სამსაჯო კორპუსთან, რაც საბოლოოდ სისტემის სრულ დისკრედიტაციაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც ეს საქმე ცნობილი გახდა, სამსაჯო კორპუსი მადრიდის „რეალს“ უყურებს როგორც მტერს, როგორც ვიღაცას, ვინც სისტემას უპირისპირდება. იმიტომ, რომ ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც ამ სკანდალს ამხელს“.

„ამასთან ერთად გვიწევს ავიტანოთ, რომ ამ მსაჯთაგან არის ჯგუფი, რომელმაც მადრიდის „რეალს“ უჩივლა. ანუ, გვიჩივიან და შემდეგ ინიშნებიან ლა ლიგაში ჩვენი გუნდის მატჩების სამსაჯოდ. წარმოგიდგენიათ, რომ სასამართლოში გაგასამართლოთ მოსამართლემ, რომელმაც თავად გიჩივლათ? სწორედ ეს ხდება დღეს ჩვენს ჩემპიონატში“.

„ამიტომ აუცილებელია მსაჯობის მმართველობისა და პრიმერა დივიზიონის მსაჯთა შემადგენლობის ჭეშმარიტი განახლება. განახლება, რომელსაც დღეის მდგომარეობით, როგორც ჩანს, არავინ ეძებს. პირიქით. რჩება შთაბეჭდილება, რომ ესპანური ფეხბურთის მთელ სისტემას სურს დავივიწყოთ მომხდარი და სხვა რამეზე ვისაუბროთ. თავად მსაჯთა კომიტეტის (CTA) პრეზიდენტმა იქამდეც კი მივიდა, რომ თქვა, ფურცელი უნდა გადავშალოთო“.

„მაგრამ როგორ გადავშალოთ ფურცელი? ეს დაუსჯელი ვერ დარჩება.  დუმილი, ასეთი უკიდურესი სიმძიმის ფაქტების წინაშე, შესაძლოა პასუხისმგებლობის კიდევ ერთი ფორმა იყოს. მაგრამ ყველაზე მძიმე დუმილი არ არის. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ის, ვინც მაქსიმალური სიმკაცრით უნდა ითხოვდეს განმარტებებს, თავს ესხმის მას, ვინც გამოძიებას ითხოვს. ვგულისხმობ ლა ლიგის პრეზიდენტს, ბატონ ტებასს, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ ნეგრეირას საქმის გარკვევაში დაგვხმარებოდა, სხვა გზა აირჩია,  ყოველდღე თავს ესხმის მადრიდის „რეალს“ თავის სოციალურ ქსელებში“.

ტებასი

„16 ოქტომბერს ბატონმა ტებასმა ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც მადრიდის „რეალის“ კომუნიკაცია შეადარა პროპაგანდის იმ მექანიზმებს, რომლებსაც გებელსი, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი იყენებდა. იმ რეჟიმის პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირი, რომელმაც მსოფლიო თავისი ისტორიის უდიდეს ტრაგედიამდე მიიყვანა 6 მილიონზე მეტი დანაშაულით“.

„სწორედ ამასთან სურდა მადრიდის „რეალის“ სახელის დაკავშირება ლა ლიგის პრეზიდენტსა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს. ბოდიშის მოხდისა და სიტყვების უკან წაღების ნაცვლად, მან კიდევ უფრო გაამყარა თავისი პოზიცია, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ კვლავ იმეორებდა ამ შედარებას. და მეტსაც გეტყვით, უღირსობაა, რომ ამ დრომდე ბატონი ტებასი ჯერ კიდევ არ გადამდგარა და რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მისთვის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა არ შეუთავაზებია“.

სპორტის უმაღლესი საბჭო

„ინსტიტუციური უთანხმოებები პატივისცემითა და არგუმენტებით წყდება და არა ამ ტიპის შეურაცხყოფებით. ამიტომ მადრიდის „რეალმა“ მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა, და ამიტომაც გიდასტურებთ, რომ ამ განცხადებების გამო ბატონ ტებასს სპორტის უმაღლეს საბჭოში ვუჩივლეთ“.

„ასევე გეუბნებით, რომ მარტო არ ვართ,  თავად სპორტის უმაღლესმა საბჭომ, საკუთარი ინიციატივით, უკვე მიმართა სპორტის ადმინისტრაციულ ტრიბუნალს, რათა შეისწავლოს, წარმოადგენს თუ არა ეს სამწუხარო განცხადებები მძიმე სამართალდარღვევას“.

მადრიდის „რეალი“ არ იყიდება

„ამიტომ მსურს სრული სიცხადით გესაუბროთ ჩვენს ინსტიტუციურ სტრუქტურასა და საკუთრების მოდელზე. საკითხზე, რომელიც არჩევნების დროს გამოიყენეს და რამაც დიდი დეზინფორმაცია გამოიწვია. ბევრი რამ ითქვა, თითქოს კლუბის გაყიდვა გვსურდა, თითქოს სოსიოები აღარ იქნებოდნენ მფლობელები, თითქოს მადრიდის „რეალი“ სხვის ხელში გადავიდოდა. ყველაფერი სიცრუეა. ასე რომ მსურს ვისარგებლო ამ ასამბლეით და კიდევ ერთხელ ვთქვა აქ და ყველა თქვენგანის წინაშე, რათა არავითარი ეჭვი არ დარჩეს - მადრიდის „რეალი“ არ იყიდება. მისი გაყიდვა არასოდეს განხილულა და არც არასოდეს გაიყიდება“.

„კლუბი ეკუთვნის და ყოველთვის ეკუთვნება თავის სოსიოებს, და ეკუთვნის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დღეს“.

„ისინი, ვინც კამპანიის დროს კლუბის გაყიდვის სურვილში გვადანაშაულებდნენ, იქამდეც კი მივიდნენ, რომ წამოაყენეს წინადადება, გაღებულიყო მადრიდის „რეალის“ კარი, რათა სოსიოებს ახალ სოსიოებად გაეწევრიანებინათ ყველა ის ნათესავი, ვისაც მოისურვებდნენ. ჩემთან ერთად დაითვალეთ. დღეს დაახლოებით 100 000 სოსიო ვართ და ასეთი ზომის მიღებით ძალიან მოკლე დროში შესაძლოა 300 000 ან 400 000 ახალი სოსიო მიგვეღო, რის შედეგადაც დღევანდელი სოსიოები სოციალური მასის მინიმალურ ნაწილად ვიქცეოდით. სწორედ ეს იქნებოდა მადრიდის „რეალის“ სხვებისთვის ჩუქება, ყოველგვარი კონტროლის გარეშე“.

სოსიოები, როგორც მფლობელები და მცველები

„სოსიოები მხოლოდ მადრიდის „რეალის“ მფლობელები არ არიან. ისინი, უპირველეს ყოვლისა, მისი მცველები არიან. ისინი არიან ის ადამიანები, ვინც 124 წლის განმავლობაში იცავდა მის მემკვიდრეობასა და ისტორიას, და ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა, ხელუხლებლად და კიდევ უფრო გაზრდილად გადასცეს ისინი მომავალ თაობებს“.

„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია და ეს ღირებულება ჩვენია. ეს არის განძი, რომელიც ხელთ გვაქვს, მემკვიდრეობა, რომელიც ასევე ეკონომიკურია და რომელიც ეკუთვნის არა მათ, ვინც დღეს კლუბის სათავეში ვართ, არამედ ყველა სოსიოს“.

„მსურს დღეს აქედან ერთი ძალიან მკაფიო აზრით გახვიდეთ: მადრიდის „რეალი“ ჩვენია  და არა მხოლოდ რომანტიკული ან სენტიმენტალური თვალსაზრისით, არამედ ნამდვილად.  ვინც რაიმეს მფლობელია, უვლის მას, იცავს და არავის აძლევს უფლებას, წაართვას იგი. ამიტომ, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, გვჭირდება, რომ 100 000-ვე სოსიო ასევე აქტიურად ვიყოთ ჩვენი ეკონომიკური მემკვიდრეობის მცველები“.

მესაკუთრეთა სტატუსის განმტკიცება

 „სწორედ ამას ვისახავთ მიზნად იმ რეფორმით, რომელზეც ვმუშაობთ: განვამტკიცოთ ჩვენი, როგორც მესაკუთრეების სტატუსი, გავამყაროთ კლუბი გრძელვადიან პერსპექტივაში და დავიცვათ ის მემკვიდრეობა, რომელიც 1902 წლიდან ერთობლივად ავაშენეთ. რადგან მადრიდის „რეალის“ ლიდერობა უნდა იყოს მარადიული, დაცული და კოლექტიური, და იგი არასოდეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი დირექტორთა საბჭოს ან ერთი პრეზიდენტის ძალაზე“.

დასკვნა

„სოსიოებმა მოგვთხოვეს მადრიდის „რეალი“, რომელიც გააგრძელებს მსოფლიოში ლიდერობასა და ორიენტირად ყოფნას, რომელიც იქნება ახლოს თავის გულშემატკივრებთან და შეძლებს თავის დაცვას,  სწორედ ეს წარმოგიდგინეთ დღეს. მადრიდის „რეალი“, რომელიც მონაწილეობს ფეხბურთის მომავლის მშენებლობაში, რომელიც გაიცნობს და აღიარებს მსოფლიოს თითოეულ მადრიდისტას, სადაც არ უნდა იყოს იგი“.

„ჩვენ ვართ ფეხბურთისა და მსოფლიო სპორტის ისტორიაში საუკეთესო კლუბი, მაგრამ წარსულით არ ვცხოვრობთ. ჩვენი ისტორია შთაგვაგონებს, მოითხოვს ჩვენგან და გვავალდებულებს გავაგრძელოთ წინ ყურება. მადრიდის „რეალში“ თითოეული ტიტული გვიბიძგებს ვიფიქროთ მომდევნოზე და თითოეული გამოწვევა არის ახალი შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია“.

„მადრიდის „რეალი“ გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ტიტულები და მისი ინფრასტრუქტურა. მადრიდის „რეალი“ არის მილიონობით ადამიანის გრძნობა, რომლებსაც გვაერთიანებს ის ღირებულებები, რომლებითაც სპორტის უდიდესი ისტორია და უდიდესი ლეგენდა შევქმენით“.

ერთიანობა

 „სანამ ერთიანები ვრჩებით, სანამ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ვრჩებით ჩვენი ისტორიის ერთგულნი, გვექნება საჭირო ძალა ნებისმიერ გამოწვევასთან გასამკლავებლად. როგორც ყოველთვის გეუბნებოდით,  ერთიანები უძლეველები ვართ“.

„დღეს ისეთივე შემართება მაქვს, როგორიც პირველ დღეს მქონდა და გარწმუნებთ, რომ ვიმუშავებ, როგორც ყოველთვის, რათა მადრიდის „რეალმა“ გააგრძელოს გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რისთვისაც უკვე 26 წლის წინ მოვედი - თავისი სოსიოების მადრიდის „რეალისთვის“, სამუდამოდ“.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 13
3 იამალი 10
4 ზაბირი 9

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (178)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)