ვალდანო:„„რეალს“ „კამპ ნოუზე“ წაგება არ ეპატიება“
ხორხე ვალდანომ მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაცია მიმოიხილა და არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთა.
- ხორხე, მადლობა ინტერვიუსთვის. მადრიდის „რეალში“ ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდია. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით გუნდში არსებულ საერთო სიტუაციას?
მოგესალმებით. სიტუაცია ნამდვილად სპეციფიკურია და ღრმა ანალიზს მოითხოვს. „რეალს“ აქვს უდიდესი პოტენციალი, თუმცა ბალანსის პოვნა ჭირს და ეს სტაბილურობაზე აისახება.
- რა არის ამ არასტაბილურობის მთავარი მიზეზი?
მთავარი პრობლემა, რასაც თვალს ვადევნებთ, სწორედ მოედნის ცენტრში, ნახევარდაცვის ხაზში არსებული დისონანსია. გუნდს უჭირს თამაშის ტემპის მართვა.
- ამ კონტექსტში ფედერიკო ვალვერდესა და ორელიან ჩუამენის საყრდენ ზონაში ერთად თამაშზე რას იტყვით?
პირდაპირ გეტყვით. ვალვერდესა და ჩუამენის საყრდენ ზონაში ერთად თამაში „რეალის“ კრეატივს კლავს. ეს არაერთ დაპირისპირებაში უკვე ნათლად დამტკიცდა.
- რატომ უშლის ხელს ეს დუეტი შეტევების ორგანიზებას?
ორივე მათგანი ფიზიკურად უძლიერესია, თუმცა, როდესაც ისინი საყრდენ ზონაში ერთმანეთის გვერდით დგანან, ბურთის ამოტანის ფაზა ფერხდება და შემოქმედებითი ნაპერწკალი იკარგება.
- რა გამოსავალს ხედავთ, განსაკუთრებით ვალვერდეს შემთხვევაში?
უნდა ვაღიაროთ, რომ ვალვერდე კლასიკური ჩამშლელი არ არის, ამიტომ მისთვის ამ ზონაში ახალი ადგილის მოძიება ურთულესი იქნება.
- ტაქტიკური თვალსაზრისით რა უნდა შეიცვალოს?
სხვა შემთხვევაში, გუნდმა 4-4-2 სქემა უნდა აირჩიოს, რათა ფედემ მეტი მოქმედების არეალი მიიღოს და ნახევარდაცვა უკეთ დაკომპლექტდეს.
- კრეატივის ნაკლებობის ფონზე, გულშემატკივრებისთვის უდიდესი იმედია არდა გიულერი. რას იტყვით მასზე?
არდა გიულერი უბრალოდ ფენომენალურია და მას საოცარი საფეხბურთო თვისებები აქვს. ის გუნდს ზუსტად იმ ინტელექტს სძენს, რაც ტაქტიკურ ჩიხში აუცილებელია.
- კონკრეტულად რა არის თურქი ტალანტის მთავარი იარაღი?
ის ფლობს მოედნის საოცარ ხედვას და გადაცემის კულტურას. გიულერის უნარი, მცირე სივრცეებში ბურთი დაამუშაოს და გამჭოლი პასებით მჭიდრო დაცვა გაარღვიოს, უმაღლესი კლასის მანიშნებელია.
- ბევრი საუბრობს კილიან მბაპეს ადაპტაციაზე და ჟოზე მოურინიოს ტაქტიკასთან მის თავსებადობაზე. როგორ ხედავთ ფრანგი ვარსკვლავის როლს ამჟამინდელ ფორმაციაში?
კილიანი უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა მადრიდის „რეალში“ თამაში და თანაც მოურინიოს სპეციფიკურ ტაქტიკურ მონახაზში, სრულიად განსხვავებულ ადაპტაციას მოითხოვს. ფრანგი ვარსკვლავი მიჩვეულია თავისუფალ სივრცეებსა და შეტევაში სრულ დომინაციას, ჟოზე კი ითხოვს უდიდეს დისციპლინას, მათ შორის დაცვით ფაზაშიც. მბაპეს ინდივიდუალიზმი და სისწრაფე გუნდის უმთავრესი იარაღია კონტრშეტევებზე, თუმცა პოზიციურ შეტევებში მას მეტი ჩართულობა და თანაგუნდელებთან უკეთესი კომუნიკაცია სჭირდება. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ის ისწავლის თავისი ენერგიის სწორად გადანაწილებას და მოურინიოს პრაგმატულ სისტემაშიც იპოვის იმ თავისუფლებას, რაც მას ასე სჭირდება, თუმცა ამ სეზონში ნაჩვენები შედეგები ნამდვილად არ მეტყველებს იმაზე, რომ ფრანგი ვარსკვლავი „განსაკუთრებულის“ მითითებებს სწორად ვერ იგებს, მისი გოლების და საგოლე გადაცემების სტატისტიკა შესანიშნავია.
- ჟოზე მოურინიოს გუნდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დაცვის ხაზის საიმედოობით, თუმცა წელს „რეალის“ დაცვაში გარკვეული ბზარები მაინც ჩანს. რა არის ამის მიზეზი?
დაცვაში საიმედოობა მხოლოდ ოთხი მცველის პასუხისმგებლობა არასდროს არის, ეს მთლიანი გუნდის, როგორც ერთიანი მექანიზმის, მუშაობის შედეგია. პრობლემა კვლავ ნახევარდაცვის ბალანსს უკავშირდება. როდესაც ცენტრში ბურთი იკარგება და ტრანზიცია ნელდება, დაცვის ხაზი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა და მეტოქეს თავისუფალი ზონები უჩნდება. გარდა ამისა, ტრავმებმა და როტაციის პრობლემებმა გუნდს დააკარგვინა ის სინქრონი, რაც მოურინიოს სისტემაში უმნიშვნელოვანესია. მცველებს სჭირდებათ მეტი დაზღვევა საყრდენი ზონიდან და უფრო აკადემიური პოზიციური თამაში, რათა უკანა ხაზში ის კლასიკური „მოურინიოსეული“ სიმტკიცე და საიმედოობა დაბრუნდეს.
- გვინდა გკითხოთ იან დიომანდეზეც. როგორ შეაფასებთ მის პროგრესს შეტევის ხაზში?
დიომანდეს ტრანსფორმაცია და პროგრესი შეტევის ხაზში ნამდვილად შთამბეჭდავია. მან საოცრად სწრაფად აუღო ალღო ახალ მოთხოვნებს.
- მის მიერ უკვე გატანილი გოლები რაზე მეტყველებს?
ეს გოლები ამტკიცებს, რომ მას შეტევის დაგვირგვინების ბრწყინვალე ინსტინქტი გააჩნია. იანი გუნდს ძალიან მნიშვნელოვან შემტევ ოფციას აძლევს. დარწმუნებული ვარ, მისი პროგრესი კიდევ გაგრძელდება და მომდევნო მატჩებშიც არაერთი გოლის გატანას შეძლებს.
- ყურადღების ცენტრშია მთავარი მწვრთნელიც. რა ბედი ელის ჟოზე მოურინიოს?
ჟოზე მოურინიოს მუშაობა უნდა აცადონ, რადგან ახალი მექანიზმების დალაგებას დრო სჭირდება. ის უდიდესი გამოცდილების სპეციალისტა.
- თუმცა, წინ „ელ კლასიკოა“, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს...
ნამდვილად. მოახლოებული „ელ კლასიკოს“ წაგების შემთხვევაში, პორტუგალიელის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდება და წნეხი გაუსაძლისი გახდება.
- „ბარსელონა“ ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია. რა მოხდება, თუ კატალონიელები უპირატესობას 9 ქულამდე გაზრდიან?
თუ ასეთ კარგ ფორმაში მყოფი „ბარსელონა“ „რეალთან“ სხვაობას 9 ქულამდე გაზრდის, ამ სხვაობის აღმოფხვრას სამეფო კლუბი ვეღარ შეძლებს.
- გამოდის, რომ „კამპ ნოუზე“ გამარჯვება ერთადერთი გამოსავალია?
აბსოლუტურად. ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და „კამპ ნოუზე“ გამარჯვება, სხვა შედეგი კატასტროფის ტოლფასი იქნება. დარწმუნებული ვარ, სამეფო კლუბს შეუძლია ჰანსი ფლიკის გუნდის დამარცხება. ეს არამხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით, არამედ ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
- რა უნდა იყოს გუნდის მთავარი იარაღი „კამპ ნოუზე“ წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით?
„ელ კლასიკო“ არ არის მხოლოდ ტაქტიკა ან ფიზიკური მომზადება, ეს უპირველესად ფსიქოლოგიური ომია. „კამპ ნოუზე“ გასვლისას „რეალის“ ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ კლუბის ისტორია და ის „დნმ“, რომელიც მათ გამოუვალ სიტუაციებში გამარჯვებას აიძულებს. მთავარი იარაღი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება პირველ წუთებში, როდესაც „ბარსელონას“ ენთუზიაზმი და ტრიბუნების წნეხი პიკს მიაღწევს. ჟოზემ გუნდს უნდა ჩაუნერგოს აბსოლუტური რწმენა, რომ კონტრშეტევებზე მეტოქის ნებისმიერი შეცდომის დასჯა შეუძლიათ. თუ ფეხბურთელები მოედანზე შიშით ან ზედმეტი სიფრთხილით გავლენ, კატალონიელები ამას იგრძნობენ და გამოიყენებენ. საჭიროა ცივი გონება, მაქსიმალური აგრესია ორთაბრძოლებში და უდიდესი კონცენტრაცია თითოეულ ეპიზოდში.
- დღეს, 10:29
- 96
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



