„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებას მედრანოს განცხადებებთან დაკავშირებით მადრიდის „რეალი“ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
- ჩვენი კლუბი მიუღებლად მიიჩნევს ლა ლიგის პრეზიდენტის მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას „რეალის“ მუდმივი დამცირებისა და მასზე თავდასხმისთვის იმ ფორმით, როგორც ამას ის თავის თითოეულ საჯარო გამოსვლაში აკეთებს. ღრმა შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირი, რომელსაც ლა ლიგის ყველა კლუბის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ევალება, მანიაკალური დაჟინებითაა ფოკუსირებული „ბლანკოსზე“ და ჩვენს კლუბს საკუთარი საჯარო თავდასხმების მუდმივ სამიზნედ აქცევს.
- მისი უახლესი ქმედება განსაკუთრებით სერიოზული და გაუგებარია. შეუფერებელია პასუხისმგებლიანი ადმინისტრატორისთვის, რადგან ის ციფრულ მედიაში დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატიის კომენტირებას ეხება. ამის მიუხედავად, ის ჩვენი კლუბის წინააღმდეგ გამოდის და თავს უფლებას აძლევს, გააკრიტიკოს ჩვენი სპორტული სტრატეგია, რაც სრულიად აბსურდული და უპასუხისმგებლო ნაბიჯია.
- გასაოცარია, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი დროსა და საკუთარ არხებს „რეალის“ საჯარო დისკრედიტაციას უთმობს, ნაცვლად იმისა, რომ თანამდებობა გამოიყენოს იმ ინსტიტუტებისადმი ნდობის გასამყარებლად, რომლებსაც შეჯიბრების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა ევალებათ. ამ ქმედებებით ის აგრძელებს ზიანის მიყენებას როგორც თავად შეჯიბრების, ისე ესპანური ფეხბურთის იმიჯისთვის მთელ მსოფლიოში.
- მუდმივი და შეუფერებელი ქცევის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ესპანურ პროფესიულ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება ლიდერი, რომელიც შეძლებს შეჯიბრების მართვასა და მისი სრული პოტენციალის რეალიზებას, ამავდროულად კი დაიცავს ნეიტრალიტეტის ფუნდამენტურ ვალდებულებას. საჭიროა ადამიანი, რომელსაც ესმის ამ როლის არსი. ლა ლიგის პრეზიდენტი არ არის შეჯიბრების მფლობელი, არამედ ადმინისტრატორია, რომელიც ემსახურება იმ კლუბებს, რომლებიც ამ გაერთიანებას ქმნიან და რომლებმაც მას ხელმძღვანელობა ანდეს. ჩვენ, კლუბებს, გვჭირდება ადამიანი, რომელიც პატიოსნად მოემსახურება ამ მისიას.
- დღეს, 11:06
- 78
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



