რონსერო:„მოურინიოს „რეალისთვის“ „ატლეტიკოს“ დამარცხება ბევრად მარტივი იქნება“
ტომას რონსერო მადრიდული დერბის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჟოზე მოურინიოს მიერ დამკვიდრებული და განვითარებული სტილი დღეს „რეალს“ აძლევს იმ უზარმაზარ ტაქტიკურ უპირატესობას, რომელიც დიეგო სიმეონეს გუნდს უშანსოდ დატოვებს. ეს არის სისტემების დაპირისპირება, სადაც მოურინიოს საფეხბურთო მიდგომა „როხიბლანკოს“ დააბნევს,“
„კარლო ანჩელოტის სიფრთხილე, ჩაბი ალონსოს საძიებო ფაზა თუ ალვარო არბელოას ემოციური მენეჯმენტი კარგია ისტორიისთვის, მაგრამ მადრიდულ დერბიში გამარჯვებისთვის სრულიად სხვა სისასტიკე და სიზუსტეა საჭირო. მოურინიოს ფორმაციის „რეალი“ არ ცნობს უაზრო ბურთის ფლობას ან ცენტრში დროის გაყვანას. ეს არის ვერტიკალური, დაუნდობელი მანქანა, რომელიც მეტოქის ნებისმიერ შეცდომას მომაკვდინებელი დარტყმით სჯის.“
„არ შეიძლება შევადაროთ მოურინიოს პირველი ეპოქა და „ატლეტიკოს“ მაშინდელი ძალა, ახლანდელს, თუმცა მაშინაც პორტუგალიელი „როხიბლანკოსთან“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩოლოს გუნდის მეტოქე რადიკალურად განსხვავებული სტილის სამეფო კლუბია, რომელიც ბურთის ფლობაზე არ კონცენტრირდება, ელვისებურად გადადის შეტევაში და ცდილობს, ფლანგების რესურსი სრულფასოვნად აითვისოს. სწორედ ეს იქნება უდიდესი ტაქტიკური თავსატეხი ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტისთვის.“
„მთავარი კოზირი სწორედ ის ლეგენდარული, ელვისებური კონტრშეტევებია, რომლებსაც სიმეონეს დაცვითი ბლოკი ფიზიკურად ვერ ეწევა. როდესაც „ატლეტიკო“ სტანდარტული ჩარჩოებიდან გამოდის და წინ იწევს, მოურინიოს გუნდი სივრცეებს წამებში იყენებს. ეს ტაქტიკური მონახაზი ბევრად უფრო დიდი თავის ტკივილია „როხიბლანკოსთვის“, ვიდრე ნებისმიერი პოზიციური წნეხი, რადგან დაცვიდან შეტევაში გადასვლის სისწრაფე მეტოქის მთელ საყრდენ ზონას უქმნის პრობლემას.“
„თუმცა, ცივი ტაქტიკის პარალელურად, მოედანზე ფანტასტიკური ინდივიდუალური ოსტატობაც წყვეტს ყველაფერს. კილიან მბაპეს საოცარი კონდიცია ამ სისტემაში იღებს სრულ აფეთქებას. მისი სისწრაფე და სივრცეებში შეჭრის უნარი ნებისმიერ მცველს კოშმარად ექცევა, ხოლო „ატლეტიკოს“ ცენტრალური მცველები მის წინააღმდეგ უბრალოდ უძლურები იქნებიან.“
„ინდივიდუალური ბრწყინვალება მხოლოდ თავდასხმით არ შემოიფარგლება. არდა გიულერის შესანიშნავი ფორმა გუნდს აძლევს იმ შემოქმედებით ენერგიას და ბურთის ფლობის კულტურას, რომელიც საჭიროა ტემპის გასაკონტროლებლად. თურქი ტალანტი მოედანზე მოძრაობს არა როგორც დამწყები, არამედ როგორც გამოცდილი დირიჟორი, რომელიც წინასწარ კითხულობს მეტოქის პრესინგს.“
„ამავდროულად, შეუძლებელია არ აღინიშნოს ჯუდ ბელინგემის უდიდესი პროგრესი, რომლის ფიზიკური დატვირთვა და საჯარიმოში დროული გამოჩენა მადრიდულ ნახევარდაცვას კიდევ უფრო სოლიდურად აქცევს. ჯუდი ასრულებს შავ სამუშაოს დაცვაში და ამავდროულად წყვეტს მატჩების ბედს შეტევის ფაზაში, რაც სიმეონეს სისტემისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს.“
„თუმცა, შეტევა მხოლოდ ნახევარი საქმეა. წარმატების მთავარი საძირკველი მაინც დაცვის ხაზის სტაბილური გამოსვლა იქნება მადრიდულ დერბიში, რადგან „ატლეტიკო“ თავის შანსებს ყოველთვის სტანდარტული მდგომარეობებიდან და ძალისმიერ ორთაბრძოლებში ეძებს.“
„20 სექტემბერს განსაკუთრებით გადამწყვეტი ფაქტორი იქნება დაცვაში სწორი პოზიციონირება . თუ უკანა ხაზი შეინარჩუნებს კონცენტრაციას და არ მისცემს მეტოქეს მეორე სართულზე დომინირების საშუალებას, დერბის ბედი „ბლანკოსის“ სასარგებლოდგადაწყდება.“
„მოურინიოს სტილი არ ითხოვს სილამაზეს სილამაზისთვის. ის ითხოვს ეფექტს, დისციპლინას და გამარჯვებას ნებისმიერ ფასად. ეს არის მიდგომა, რომელსაც „ატლეტიკო“ ვერ უპირისპირებს ვერაფერს, გარდა ძველებური აგრესიისა, რომელიც ამჯერად საკმარისი აღარ იქნება.“
„ყველაფერი საბოლოოდ მაინც მწვანე მოედანზე დამტკიცდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ ტაქტიკური დამოკიდებულებით, მადრიდის „რეალი“ უფრო მარტივად გაიმარჯვებს „ატლეტიკოსთან“, ვიდრე ამას წინა სეზონებში აკეთებდა.“
- დღეს, 11:19
- 226
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




