ლორენტეს "მაგია", ვილას რეკორდი და დაუდევარი მცველები
შეტევა კარგია, მაგრამ დაცვაში ძირეული პრობლემებია...
დავიწყოთ იმით, რომ დავიდ ვილამ რაულ გონსალეს ბლანკოს რეკორდი დაამხო და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით თავისი 44-ე გოლი გაიტანა. ამჟამად "ფურია როხას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დავიდ ვილაა.
გუშინ საღამოს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, შოტლანდიამ უმასპინძლა. შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო, სწრაფ ტემპში დაიწყო... მიუხედავად იმისა, რომ პირინეელებმა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს, დელ ბოსკეს შეგირდების სათამაშო უპირატესობა გამოკვეთილი იყო. "ფურია როხას" სწრაფი ბურთის გორებით გადაღლილმა ბრიტანელმა მცველებმა მატჩის მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი გამოიუმუშავეს, მეტოქის საჯარიმო მოედანში სერხიო რამოსი აქტიურობდა, სწორედ სერხიოს დარტყმის შემდეგ მოხვდა ბურთი ხელზე შოტლანდიელთა მცველს და მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა... პენალტი ზუსტად დავიდ ვილამ შეასრულა და ეროვნული ნაკრების მაისურით თავისი 44-ე გოლი გაიტანა. პირინეელთა უპირატესობა ორ ბურთამდე ანდრეს ინიესტამ გაზარდა. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ შოტლანდიელებს მატჩის გადარჩენა აღარ შეეძლოთ, მაგრამ მოხდა სასწაული და ეს სასწაული ხერარდ პიკეს დამსახურებაა, რომელმაც ჯერ იყო და შეხვედრის 58-ე წუთზე საჯარიმო მოედანში პოზიცია დაკარგა და ნეისმიტს კარში თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი ზუსტად 8 წუთში, პიკემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში "საყაიმო" გახადა. მოვლენების ასეთი განვითარების მიუხედავად, მოედანზე შექმნილი დესტაბილიზაცია, ფერნანდო ლორენტემ გახადა სტაბილური, მან მეტოქის კარი 79-ე წუთზე აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ესპანელთა შემტევი პოტენციალი და პირინეელი ნახევარმცველების ფანტაზია უშრეტია... დელ ბოსკეს შეგირდებმა ნამდვილი "მასტერ-კლასი" ჩაუტარეს შოტლანდიელ ფეხბურთელებს... მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხას" შემადგენლობაში არ იმყოფებოდა ჩავი ერნანდესი, მისმა შემცვლელმა სანტი კასორლამ დიდებულად იასპარეზა და თავისზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა.
მატჩის დებიუტში, სანტი კასორლამ, დავიდ ვილამ, ანდრეს ინიესტამ და ჩაბი ალონსომ ბურთი ისე გაითამაშეს, როგორც "Playstation"-ში ხდება, მათ მეტოქე გუნდის მცველებს თავბრუ დაახვიეს, დავიდ სილვა მაკგრეგორთან პირისპირ გაიყყვანეს, თუმცა ესპანელთა ახალგაზრდა ვინგერმა ეპიზოდის გოლად გარდაქმნა ვერ მოახერხა.
შეტევაში გადართულ ესპანელ მცველებს, შოტლანდიელთა რამოდენიმე კონტრშეტევა გამოეპარათ, თუმცა მათდა საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
შეტევა კარგია, მაგრამ დაცვის ხაზში საქმეები რიგზე ვერ არის... გავიხსენოთ მომენტი, როდესაც კენი მილერმა ესპანელთა საჯარიმო მოედანში ჩააწოდა ბურთი, სად არის ამ დროს კარლეს პუიოლი? - დარენ ფლეტჩერს მეურვეობს, სად არის ამ დროს ხერარდ პიკე? - უმოქმედო მდგომარეობაშია, სად არის ამ დროს სერხიო რამოსი? - პიკეს დაზღვევას ვერ ასწრებს და გარი ნეისმიტს თაური დარტყმით გააქვს გოლი ესპანელთა კარში.
ახლა კი განვიხილოთ შემდეგი ეპიზოდი, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა შოტლანდიელი გარემარბი, გვერდი აუარა კაპდევილას, დაბალი ჩაწოდება განახორციელა კარის გასწვრივ, ბურთს ხერარდ პიკე შესწვდა, კატალონიელმა მცველმა ეპიზოდის განმუხტვა სცადა, თუმცა გულის წადილი ძალიან ცუდად აასრულა, მან ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში "გაათანაბრა".
დაცვის ხაზმა შეხვედრა ჩააგდო, თუმცა აგერ უკვე ზედიზედ მეორე მატჩია ესპანელებს მსხსნელად, ბასკი ფერნანდო ლორენტე მოევლინათ, რომელმაც შოტლანდიელთა კარის ბადეში ბურთი 79-ე წუთზე გაახვია და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
By Kevlisha...
- 14 ოქტომბერი 2010
- 2 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.