ფლორენტინო:„წინ დიდი სიახლეებია, ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“
ფლორენტინო პერესმა „რეალის“ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მადრიდულ პუბლიკას მიმართა.
„ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში და გავაგრძელებთ მუშაობას ახალი ტიტულების მოსაპოვებლად. გავიმარჯვეთ ყველა საარჩევნო უბანზე და დავაფიქსირეთ რიგით მეორე საუკეთესო შედეგი „რეალ მადრიდის“ საარჩევნო ისტორიაში. პირველი საუკეთესო შედეგიც ჩვენ გვეკუთვნის, რომელიც 2004 წელს მოვიპოვეთ. ეს არაჩვეულებრივი მაჩვენებელია. უნდა გითხრათ, რომ შედეგი კიდევ უფრო უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ფორმალური ხარვეზების მიზეზით ფოსტით გამოგზავნილი თითქმის ათასი ხმა გაგვიუქმეს. ხმები, რომლებიც ნოტარიულად იყო დამოწმებული. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან გვჯერა, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.
თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ კლუბისადმიერთგულება და თავდადება. დღეს „რეალ მადრიდმა“ გაიმარჯვა. ჩვენ მსოფლიოს ვუჩვენეთ დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და თანაარსებობის მაგალითი. დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელსაც უყვარს „რეალ მადრიდი“ და მზად არის მომავლისთვის. როგორც „რეალის“ პრეზიდენტი, მე უზომოდ ვამაყობ თითოეული თქვენგანით. ეს იყო ბრწყინვალე საარჩევნო დღე, სადაც კლუბის წევრებმა (სოსიოსებმა) თავისუფლად გამოხატეს საკუთარი ნება, რათა გადაეწყვიტათ ისტორიაში საუკეთესო კლუბის ბედი“.
სიამაყე
„კვლავ აქ ვარ. კლუბის წევრები მიცნობენ. მე აქ ვარ „ბლანკოსის“ დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გუნდმა კვლავაც მოიპოვოს ტიტულები. კვლავაც ვიამაყებთ „სანტიაგო ბერნაბეუთი“. მსოფლიოში საუკეთესო სტადიონით. ვიამაყებთ, რომ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და რომ კლუბში ბრუნდება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ნამდვილი მადრიდისტა - ჟოზე მოურინიო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, ჩემი პრეზიდენტობისას „რეალ მადრიდი“ იყო, არის და ყოველთვის დარჩება მისი წევრების საკუთრებად“.
„თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რას ნიშნავს მადრიდიზმი, რას ნიშნავს ეს გრძნობა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, მათ შორის რომის პაპსაც, რომელიც დღეს, ძალიან შორიდან, ისე ამაყობს ჩვენი „რეალ მადრიდით“, როგორც არასდროს“.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები. ჩვენ გვამოძრავებს გატაცება სამეფო კლუბის მიმართ. მსურს, კვლავაც ვაშენო კლუბი, რომელიც მუდმივად ლიდერი იქნება ყველა პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგში. კლუბი, რომელიც იქნება ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე მსოფლიოში და ამასთანავე, საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაციის მქონე. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ღირებულებები მუდამ იყოს იმის საფუძველი, რაც ვართ. ის ღირებულებები, რომლებიც დღეს ვიხილეთ - შრომა, პატივისცემა, თავმდაბლობა, მუდმივი თვითგანვითარება და სოლიდარობა.“
„ასევე მინდა მივმართო იმ წევრებს, რომლებმაც ხმა არ მომცეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყურადღება მივაქციო მათ წუხილებსა და მითითებებს. გვენდეთ, რადგან ჩვენ იმაზე ახლოს ვიქნებით კლუბის თითოეულ წევრთან, ვიდრე ოდესმე, რადგან ყველანი „რეალ მადრიდის“ ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს ცხოვრების საკუთარი აღქმა და ვშრომობთ იმისთვის, რომ ყველა დროის საუკეთესო კლუბი კიდევ უფრო დიდებული გავხადოთ“.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სამაგალითო საარჩევნო დღის უზადო ორგანიზებაში. მიუხედავად ყველა იმ სირთულისა, რაც დღეს მადრიდში იყო, კლუბის წევრებმა ხმის მიცემით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ უდიდესი პასუხისმგებლობა და მოვალეობის ღრმა შეგნება“.
- დღეს, 11:03
- 162
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



