პერესი:,,ის, რაც მე შევძელი, ბარსელონამ არსებობის მანძილზე ვერ შეძლო"

ფლორენტინო პერესმა ხოსეპ პედრეროლს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ყველა მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

„ცოტა გაოგნებული ვარ შექმნილი სიტუაციითა და მედიაში ატეხილი კრიტიკის იმ არაპროპორციულობით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას არც ეკონომიკური და არც სპორტული თვალსაზრისით“.

„მტკივა ცრუ ჭორები, როგორც ჩემს პერსონაზე, ისე კლუბზე გავრცელებული. ინსტიტუციური, სოციალური თუ სპორტული კუთხით, კლუბს უზარმაზარი და საღი ეკონომიკური ჯანმრთელობა აქვს“.

ჟურნალისტი: თქვენ „ბარსაზე“ მეტი ევროპის თასი გაქვთ მოგებული...

„რა თქმა უნდა,პირადად ჩემი პრეზიდენტობის წლებში უფრო მეტი ევროპის თასი მაქვს მოგებული, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ათ წელიწადში ექვსი მოვიგეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთისთვის ესეც არ არის საკმარისი. საერთოდ, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ?“.

ჟურნალისტი: ეს ორკესტრირებული კამპანიაა?

„ზოგიერთი ჟურნალისტის მიერ ორკესტრირებული. მე ყველაფერს ვუძლებ, მაგრამ მართლაც რთულია „რეალის“ მფლობელებთან, ანუ კლუბის წევრებთან (სოსიოებთან)  თანაცხოვრება ასეთ მტრულ ატმოსფეროში. ამიტომაც ვთქვი: „მორჩა, არჩევნებს ვნიშნავთ“. მაქვს სურვილი, გავაგრძელო მუშაობა და კიდევ ბევრი ევროპის თასი მოვიგო“.

ჟურნალისტი: და გრძნობთ ძალას საიმისოდ, რომ გააგრძელოთ?

„როგორ შეიძლება ძალა არ მქონდეს? თქვენც ხომ არ გჯერათ, რომ ავად ვარ? ეს რაღა უბედურებაა?“.

ჟურნალისტი: ევროპის შვიდი თასი წარმოუდგენელი მიღწევაა.

„და 66 ტიტულიც ასევე წარმოუდგენელი რამ არის“.

ჟურნალისტი: როდესაც ორი წლის განმავლობაში ვერც ლა ლიგას იგებთ და ვერც ჩემპიონთა ლიგას, გესმით, რატომ კითხულობს ხალხი - რა სჭირს „რეალსო“?

„ჩვენ იქამდე მივედით, რომ იმის გაუფასურება დავიწყეთ, რაც გვაქვს. შარშან ორი ტიტული მოვიგეთ: ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ეს უკვე აღარაფერს ნიშნავს? მაშინ ევროპაში ყველა გუნდმა თავი უნდა მოიკლას - „ბაიერნმა“, „პსჟ-მ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „სიტიმ“... ნუ მივიყვანთ საქმეს აბსურდამდე. ეს არის ორკესტრირებული კამპანია ვიღაცის მხრიდან, ვისაც „რეალზე“ გავლენის მოპოვება სურს. მე „ბლანკოსში“ 26 წლის წინ მხოლოდ ერთი მიზნით მოვედი - კლუბის მფლობელები მისი წევრები ყოფილიყვნენ. იმიტომ, რომ ეს არ არის კლუბი, რომელსაც ერთი მეპატრონე ჰყავს. მე არ ვარ მფლობელი. მფლობელები „მადრიდის“ წევრები არიან“.

ჟურნალისტი: რატომ გადაწყვიტეთ არჩევნების ახლა დანიშვნა, თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა?

„ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან მუდმივი და მზარდი დესტაბილიზაციის მცდელობის გამო. თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც კანდიდატურის წარდგენა სურთ, მათ ახლავე ვაძლევ ამის შესაძლებლობას, რათა გამოჩნდნენ, გავიგოთ ვინ არიან, რა გზა გაუვლიათ, რა კომპანიები აქვთ და მათ გაცნობას შევძლებთ. „რეალიდან“ ერთი ევროც კი არასდროს მიშოვია. უზარმაზარი თანხის თავდებობა (გარანტია) პირადად ავიღებდი, ფეხბურთელებს ხელფასები რომ აეღოთ და მას შემდეგ ეკონომიკურად, სპორტულად და სოციალურად საუკეთესო წლები გვქონდა. კიდევ რა უნდათ, რომ გავაკეთო?“.

ჟურნალისტი: ენრიკე რიკელმემ წერილი გამოგიგზავნათ, სადაც დიალოგსა და არჩევნების გადადებას გთხოვთ.

„არ ვიცი, მე ასეთი წერილი არ მიმიღია. როდესაც 2000 წელს არჩევნები დაინიშნა, მე მეტი დრო არ მითხოვია, წარვდექი და მოვიგე კიდეც“.

ჟურნალისტი: გადარდებდათ, რომ „ბერნაბეუზე“ თქვენთვის დაესტვინათ ან გაჟღერებულიყო შეძახილები: „ფლორენტინო, გადადექი“?

„როგორ უნდა მადარდებდეს? აქ უკვე საუკუნის მეოთხედია ვარ. ეს პირველად ხომ არ მემართება. მაგრამ მე ერთგული უნდა დავრჩე კლუბის მფლობელების, რადგან თავად არ ვარ მფლობელი. მე ასეთი ატმოსფერო არ მინდა.“

ჟურნალისტი: ხალხი მოელოდა, რომ მბაპესთან ერთად „რეალი“ კიდევ უკეთესი იქნებოდა.

„წელს საქმე ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც გვსურდა. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ვფიქრობ, ამ ყველაფრის სათავე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია. წინასასეზონო მომზადება არ გაგვივლია, რამაც 28 ტრავმამდე მიგვიყვანა, როცა მწვრთნელი შევცვალეთ და ახლაც ამდენივეა. ფიზიკური კონდიციების აღდგენა ვერ შევძელით, რადგან ოთხშაბათსა და კვირას თამაშის გამო ფეხბურთელები შავდებიან, სათანადო ფიზიკური მომზადება კი არ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მეორე ადგილი დავიკავეთ. მაშინ „ატლეტიკოს“ წევრებმა რა უნდა ქნან? ან „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში? ამას ჩვენ ვერ შევეგუებით“.

ჟურნალისტი: გუშინ ჩვენ სულ სხვა ფლორენტინო ვნახეთ.

„ასე ვთქვათ, ზოგიერთი მასმედიის მანიპულაციებით განრისხებული ფლორენტინო. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გადავმდგარიყავი და კანდიდატურა არ დამეყენებინა. თუმცა შეცდნენ, რადგან ზუსტად იმავე ენთუზიაზმით წარვდგები, როგორითაც 2000 წელს“.

ჟურნალისტი: ულტრასები ისევ იქ არიან?

„უცხოეთიდან ჩამოსული ხალხი მილოცავს, რომ ულტრასები არ გვყავს. ეს ხომ ევროპის სენი და პრობლემაა, როგორც იცით. მათ საფეხბურთო მოედანზე ადგილი არ აქვთ და თუ სხვაგან მათი გაძევება ვერ შეძლეს, მე ეს შევძელი. ეს ყველაფერი უკავშირდება მაფიოზურ ორგანიზაციებს, რომლებიც აბონემენტებს ყიდიან. წელს „რეალ მადრიდიდან“ 1600 წევრი გავრიცხეთ, რომლებიც აბონემენტებით ვაჭრობდნენ“.

ჟურნალისტი: „ბარსელონა“ სასამართლოში ჩივილით გემუქრებათ.

„ძალიან კარგს იზამენ, თუ თვლიან, რომ ასე უნდა მოიქცნენ“

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ ლა ლიგის ტიტულები მოგპარეს.

„ეს საუბრის მანერაა. აქ ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე ლა ლიგის. ნეგრეირას საქმის შესახებ სულ რაღაც სამი წლის წინ გავიგე. ეს საგამოძიებო საქმე „რეალს“ არ მოუთხოვია, საგადასახადო ინსპექციამ დააფიქსირა, რომ იქ შესაძლოა რაღაც საეჭვო ხდებოდა. შემდგომში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც პირველი, ვინც დაზარალებულ მხარედ წარსდგა, „რეალია“. „ბარსამ“ აღიარა, რომ მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ფულს უხდიდა. მაგრამ კითხვაზე - რისთვის? მათ აღიარეს, რომ ეს „რეალის“ წინააღმდეგ საბრძოლველად კეთდებოდა. მერე ამბობენ, თითქოს ანგარიშებსადგენდნენო. ასეთი ანგარიშები არ არსებობს. მწვრთნელებმაც ისაუბრეს და თქვეს, რომ მსგავსი ანგარიშები თვალით არ უნახავთ. ჰოდა, როგორც აქ, მადრიდში იტყვიან ხოლმე - სამართალმა უნდა იზეიმოს“.

ჟურნალისტი: ამ თემაზე ჩეფერინს ესაუბრებით?

„ვესაუბრე და მან იცის, რომ მომავალ კვირას დოსიეს წარვადგენთ. მითხრა - იდეალურია, ეს თქვენი უფლებააო. ლა ლიგა კი პროცესში ერთვება, მაგრამ კითხვებს არ სვამს, რითაც ამ საქმის თანამონაწილე ხდება, რადგან ხმას არ იღებს. მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტი კი ამბობს, ეს უნდა დავივიწყოთ, დიდი ხნის წინ მოხდაო. როგორ უნდა დავივიწყოთ? მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ელოდება ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციული საქმის გამოძიებას. ეს სისტემური კორუფციაა, როგორც გამომძიებელმა და მოსამართლემ აღნიშნა“.

სასამართლო გადაწყვეტილება „ბერნაბეუზე“ გამართულ კონცერტებთან დაკავშირებით.

„„რეალ მადრიდს“ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ეს არის ის, რაც მათ გადმოგვცეს. ასე რომ, ავტონომიურ გაერთიანებასთან (რეგიონის მთავრობასთან) მოლაპარაკებებს გავმართავთ. მესმის, რომ „რეალი“ ძალიან ძლიერია და არსებობენ ადამიანები, ვისაც ამ ძალასთან თანაარსებობა არ სურს. თუმცა ჩვენ გვაქვს სტადიონი, ღონისძიებები კი ყველგან ტარდება. ახლა რომის პაპი ჩამოდის და მასაც „ბერნაბეუზე“ ყოფნა სურს. მიმდინარეობს მუშაობა ხმის იზოლაციაზე — ყველაფერზე, რაც მთავრობამ მოგვთხოვა. ჩვენ კონცერტებით ფულს არ ვშოულობთ, ეს რეპუტაციის საკითხია“.

ჟურნალისტი: დაბრუნდება კონცერტები „ბერნაბეუზე“?

„ვფიქრობ, დიახ. თანაც ძალიან მალე, ამ გადაწყვეტილების შემდეგ“.

ჟურნალისტი: გეტკინათ ეს ყველაფერი?

„დიახ, მტკივა. ისევე როგორც პარკინგების თემა. პარკინგები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს მერიამ გვთხოვა. ჩვენ ას მილიონს ვდებდით მაცხოვრებლებისთვის, მათ კი ეს არ მოინდომეს. ასეთ რამეს პირველად წავაწყდი. იმ მეზობლებზე, რომლებიც მადრიდის წინააღმდეგ მიდიან, უნდა ვიფიქრო, რომ „ატლეტიკოს“ ფანები არიან. არ გვიმართლებს. თუმცა არაუშავს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც ბერნაბეუს უკვე ისედაც აქვს გაკეთებული და რაც „რეალისთვისაა“ განკუთვნილი“.

ჟურნალისტი: მოგწონთ მოურინიო?

„ყველა მწვრთნელი მომწონს. მოურინიო ჩვენთან იყო, მან ჩვენი კონკურენტუნარიანობა აამაღლა.  სწორედ ამის შემდეგ მოვიგეთ ეს ექვსი ევროპის თასი ათ წელიწადში.“

ჟურნალისტი: ფეხბურთელები ბევრს წყვეტენ „რეალში“?

„აქ ყველაფერს მწვრთნელები წყვეტენ. ფეხბურთელები ვერაფერს განაგებენ. როგორ უნდა მართონ ბევრი რამ? მე მათ საქმეში არასდროს ჩავრეულვარ. არცერთ ფეხბურთელთან არ მქონია ამაზე საუბარი“.

ჟურნალისტი: მბაპე გუნდის ერთგულია?

„მბაპე ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც „რეალს“ ჰყავს. მას „ოქროს ბუცი“ გადასცეს. ყველაზე მეტი გოლი მას გააქვს. თუმცა არის რაღაც, რაც ნამდვილად უნდა გავაუმჯობესოთ. მე ამაში არ ჩავერევი.  თუ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, უნდა გითხრათ, რომ გული გვწყდება, რადგან მსაჯმა, რომელიც დაგვინიშნეს, წაგვართვა ულამაზესი ნახევარფინალი და ფინალი, სადაც შეგვეძლო მიგვეღწია. თუმცა ამ მსაჯს ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებია - უბრალოდ ვერ მიხვდა, რომ ოთხი წუთით ადრე ბარათი უკვე ჰქონდა ნაჩვენები. ეს რომ სცოდნოდა, მეორეს აღარ აჩვენებდა“.

ჟურნალისტი: გააცნობიერა მბაპემ, რას წარმოადგენს „რეალი“?

„ვფიქრობ, დიახ, რადგან შარშანაც და წელსაც უამრავი გოლი გაიტანა. მისი მისია სწორედ ბევრი გოლის გატანაა. შესაძლოა, სხვებს ნაკლები გააქვთ, მაგრამ მე ამის განმკითხველი არ ვარ. ამ შემადგენლობის ანალიზია საჭირო“.

ჟურნალისტი: იქნება თუ არა ტრანსფერები მომავალ სეზონში?

„რა თქმა უნდა, იქნება. ტრანსფერები ყოველთვის იყო. ჩვენ ყოველთვის საუკეთესოებს ვსახავდით მიზნად. მე გავიფორმე ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექჰემი... მოგვიანებით კრიშტიანუ რონალდუ, კაკა, ბენზემა. როცა სადმე კარგი მოთამაშეა, მის მოსაყვანად მივდივარ“.

ჟურნალისტი: ჰალანდი მოგწონთ?

„ამაზე აზრს არ გამოვთქვამ. მართლა არა. ეს სპორტული ხელმძღვანელობის სამუშაოა. მე მართლაც არ ვეკარები მენეჯმენტის საქმეებს“.

ჟურნალისტი: „ბარსელონასთან“ ურთიერთობა გაწყვეტილია?

„ურთიერთობა სრულიად გაწყვეტილია. არ მსურს კავშირი მქონდეს კლუბთან, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში მსაჯებს ფულს უხდიდა. უბრალოდ არ მინდა ურთიერთობები. მსურს, რომ ამ საქმეში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ამგვარი სიმძიმის დანაშაულში, მართლმსაჯულებამ იმოქმედოს და ის რეალურად მოქმედებს კიდეც“.

ჟურნალისტი: აპირებთ ვინისიუსთან კონტრაქტის განახლებას?

„მე ხომ არ ვანახლებ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. წინ მთელი მომავალი სეზონია. ჩემთვის ის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც „ბლანკოსს“ ჰყავს. თუ გსურთ, გეტყვით, რომ ბოლო ორი ევროპის თასი სწორედ მან მოგვაგებინა“.

ჟურნალისტი: თქვენ თუ გისურვებიათ „რეალის“ მწვრთნელობა?

„არა, ფეხბურთელობას ვისურვებდი“.

ჟურნალისტი: როდის ესაუბრეთ მოურინიოს ბოლოს?

„არც მაშინ მისაუბრია, როცა აქ ჩამოვიდა. ვერც ვნახე, რადგან არ სურდა გამოჩენა, ან არ ვიცი სად დაიმალა, რადგან დისკვალიფიკაცია ჰქონდა.“

ჟურნალისტი: ეს ფლორენტინო ნამდვილად ჩემი ფლორენტინოა.

„არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ექსკლუზიურად იმის მტკიცებას უთმობენ დროს, თითქოს „რეალში“ ქაოსია. პირველი, რაც ჟურნალისტებს უნდა მოეთხოვოთ, არის ის, რომ სიმართლე თქვან“.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (97)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)