კაპელო:„დერბიში „რეალის“ შეცდომა აკრძალულია“
ფაბიო კაპელომ მადრიდული დერბის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მადრიდული დერბი არასდროს არის უბრალოდ მორიგი მატჩი კალენდარში, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში მნიშვნელობა მაქსიმუმამდეა გაზრდილი. „რეალისთვის“ ეს შეხვედრა გადამწყვეტია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქულების დაკარგვა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ასეთ მომენტებში ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგრადობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკური მონახაზი. მადრიდელები მოედანზე უნდა გავიდნენ არა სათამაშოდ, არამედ მოსაგებად, რადგან ტიტული სწორედ ასეთ დაძაბულ მატჩებში მოიპოვება.“
„ალვარო არბელოასთვის, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ამ მატჩში გამარჯვება მხოლოდ სამი ქულა არ იქნება. ეს არის მისი პრესტიჟისა და ავტორიტეტის განმტკიცების საუკეთესო შანსი. სიმეონესთან ტაქტიკური დუელის მოგება და ტიტულისთვის ბრძოლაში გუნდის შენარჩუნება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ის მზად არის სამეფო კლუბის გრძელვადიანი ლიდერობისთვის.“
„რაც შეეხება „ატლეტიკოს“, მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის „სტომატოლოგთან ვიზიტს“ ჰგავს, ეს მტკივნეულია და დიდ მოთმინებას მოითხოვს. სიმეონეს გუნდი არ გაძლევს ამსუნთქვის საშუალებას, ისინი კეტავენ ყველა თავისუფალ ზონას და გიბიძგებენ შეცდომისკენ. „რეალმა“ უნდა შეძლოს ბურთის სწრაფი ცირკულაცია, რათა მეტოქე დაცვითი ბლოკის გადაწყობა აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ატლეტიკოს“ მწყობრი ხაზების გარღვევა თითქმის შეუძლებელი გახდება.“
„ ინტენსიური სტილი როხიბლანკოელთა „დნმ“-შია. ისინი არ თამაშობენ მხოლოდ ფეხბურთს, ისინი იბრძვიან ყოველი მეტრისთვის. მათი პრესინგი პირველივე წუთებიდანვე აგრესიულია, რაც მეტოქეს აიძულებს რიტმიდან ამოვარდეს. „ბლანკოსის“ ნახევარდაცვას დღეს განსაკუთრებული ცივსისხლიანობა მართებს, რათა ამ წნეხს გაუძლოს და თამაშის სადავეები არ გაუშვას, რადგან ინტენსივობაში სიმეონეს გუნდზე აყოლა ხშირად დამღუპველია.“
„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო დიეგო სიმეონე და მისი დაუცხრომელი ჟინი. წლები გადის, თუმცა მისი ვნება და ენერგია უცვლელია. ჩოლო არის მწვრთნელი, რომელიც თავის ხასიათს გუნდზე სრულად აპროექტებს, დიეგოს გუნდი მისივე ანარეკლია მოედანზე - ჯიუტი, მებრძოლი და უკომპრომისო. ეს ჟინი ხშირად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც ტექნიკური თვალსაზრისით მეტოქე შესაძლოა უფრო ძლიერი ჩანდეს.“
„ტაქტიკური თვალსაზრისით, „როხიბლანკოს“ დაცვითი ფორმაცია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ისინი საოცარი დისციპლინით იცავენ საკუთარ საჯარიმოს და მინიმუმამდე დაჰყავთ სახიფათო მომენტების რაოდენობა. სამეფო კლუბს დასჭირდება ფლანგების მაქსიმალური გამოყენება და ინდივიდუალური ოსტატობა, რათა ეს კედელი ბზარი გაჩნდეს. სტატიკური თამაში დღეს „ატლეტიკოს“ წისქვილზე დაასხამს წყალს.“
„შანსებზე საუბრისას, ვფიქრობ, რეალს აქვს უპირატესობა საშინაო კედლებისა და შემადგენლობის სიღრმის გამო, თუმცა ეს მხოლოდ ფურცელზეა. მადრიდულ დერბიში ფავორიტი არ არსებობს. თუ მასპინძლები ვერ შეძლებენ პირველივე წუთებიდან კონცენტრაციის შენარჩუნებას, სიმეონეს გუნდი აუცილებლად დასჯით მათ. ეს იქნება ნერვების ომი, სადაც გამარჯვებული ის დარჩება, ვინც ნაკლებად აჰყვება ემოციებს.“
- დღეს, 13:41
- 19
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




