საგანგაშო სტატისტიკა - ტრავმების ეპიდემიას მხოლოდ 5 ფეხბურთელი გადაურჩა
მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბში ტრავმების ეპიდემია ბობოქრობს.
ამ ეტაპისათვის ჩატარებული 46 მატჩიდან 26 შემთხვევაში „რეალს“ 5 ან მეტი ფეხბურთელი აკლდა. ეს მონაცემები არა მხოლოდ სამედიცინო კრიზისის მასშტაბებს, არამედ ქრონიკულ პრობლემებს ასახავს, რომელიც გუნდს მოჰყვება მოსამზადებელი პერიოდიდან.
ტიბო კურტუას ბოლო დიაგნოზის შემდეგ, დაშავებული მოთამაშეების რაოდენობამ 51-ს მიაღწია. „თეთრების“ სატრავმო კალენდარი შემზარავია: 2 შემთხვევა აგვისტოში, 4 სექტემბერში, 7 ოქტომბერში, პიკი კი ნოემბერში დაფიქსირდა (11). დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით სტაბილურად 7 დაზიანება ფიქსირდებოდა, ხოლო მარტში ლაზარეთს კიდევ 6 წევრი შეემატა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მადრიდელების ბოლოდროინდელი წარმატებები კიდევ უფრო მეტ ფასს იძენს: 10 დანაკლისით „სელტასა“ და „ელჩეს“ ძლევა, შვიდი და რვა წამყვანი ფიგურის გარეშე „სიტის“ ბარიერის გადალახვა ნამდვილი გმირობა იყო. ახლა მადრიდული დერბის მოლოდინში, გუნდს კვლავ ხუთი მოთამაშე აკლია.
დაუსრულებელი დანაკლისებით გამოწვეული დრამა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო, როდესაც ჩაბი ალონსოს განკარგულებაში მენდი, ბელინგემი, ენდრიკი და კამავინგა არ იყვნენ. ამ უკანასკნელმა სეზონის „სამედიცინო ბარათი“ 8 აგვისტოს გახსნა და კოჭის ტრავმის გამო მოედანს 38 დღით ჩამოშორდა. მას შემდეგ ლაზარეთის კარები არ დახურულა. 17 მარტს კურტუას მორიგი დაზიანება უკანასკნელი აღმოჩნდა, რაც მას თვენახევრით გამოთიშავს საქმიდან. მოცემული დროისთვის ტრავმა უკვე 19 ფეხბურთელმა მიიღო. ასევე, საოპერაციო მაგიდაზე კარვახალი და როდრიგო აღმოჩნდნენ. საოცარია, მაგრამ დაზიანებებს მხოლოდ ხუთი მოთამაშე გადაურჩა: ვინისიუსი, გიულერი, ბრაიმი, ფრან გარსია და გონსალო.
ამ მაჩვენებლით ლა ლიგაში „რეალი“ მხოლოდ „სევილიას“ (53) ჩამორჩება. შედარებისთვის, „ბარსელონას“ 37 ტრავმა ჰქონდა, „ატლეტიკოს“ კი — 32. ფიზიკურმა გაუმართაობამ გუნდს განსაკუთრებით შარშანდელი 11-თვიანი მარათონის შემდეგ შეუტია, როდესაც შვიდ ტურნირზე მოუხდა ასპარეზობა.
საკადრო პრობლემების გამო, ჯერ ჩაბი ალონსოს, შემდეგ კი ალვარო არბელოას, ერთხელაც არ მიეცათ შანსი, სრული შემადგენლობით ესარგებლათ. ყველაზე ხშირად სამედიცინო დახმარება მბაპეს დასჭირდა (8 შემთხვევა), ხოლო ყველაზე მეტი, 26 მატჩი, ფერლან მენდიმ გამოტოვა. პარალელურად, 20-მატჩიან ზღვარს კიდევ სამი მოთამაშე გასცდა: მილიტაო (24), რუდიგერი (22) და ტრენტი (21). ათზე მეტი შეხვედრა გაუცდათ კამავინგას, ბელინგემს, კარვახალსა და ალაბას. რაც შეეხება როდრიგოს, ბრაზილიელი მომდევნო წლამდე საერთოდ ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
არსებულმა ფონმა კლუბის ხელმძღვანელობა აიძულა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. ფიზიკურ მომზადებას სათავეში კვლავ პინტუსი ჩაუდგა, მთავარ სამედიცინო ზედამხედველად კი ნიკო მიჰიჩი დაბრუნდა.
MARCA
- 20 მარტი 2026
- 450
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




