არბელოა და სხვა არავინ
„ორი თვის წინ ვერ დავიჯერებდი, რომ აქ ვიქნებოდი“ - ალვარო არბელოამ, სახეზე ფართო ღიმილით, „ეტიჰედ სტედიუმის“ საპრესკონფერენციო დარბაზში აღნიშნა. მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან პეპ გვარდიოლას „სიტი“ გამოთიშა.
ორმატჩიანი დუელის ჯამური ანგარიში - 5:1, ზუსტად ასახავს მადრიდული კლუბის აღზევებას მას შემდეგ, რაც ჩაბი ალონსოს პროექტის დასაწყისში გუნდის საძირკველი შეირყა
ესპანელმა სპეციალისტმა გამოწვევა სიმამაცით მიიღო და „ცხელ კარტოფილს“ (როგორც ამას გუტი იტყოდა) მტკიცედ ჩაავლო ხელი. მან სეზონის შუაში ჩაიბარა „რეალი“ და დაპირისპირებული გასახდელი ერთ მუშტად შეკრა. დღეს არბელოა „Special Two“-დ მოინათლა. ის ჟოზე მოურინიოს საუკეთესო მოსწავლეა, რომელმაც ევროპულ არენაზე, სულ რაღაც ორ ეტაპზე, უპრეცედენტო მიღწევას მოაწერა ხელი.
სალამენკელი პირველი დამრიგებელია ევროპის თასის ისტორიაში, ვინც ტურნირიდან ერთდროულად მოურინიო და გვარდიოლა გაუშვა, თანაც ისე, რომ ორივე სპეციალისტს ორივე შეხვედრა მოუგო. მანამდე დიდებული სპეციალისტების გაგდება მხოლოდ იურგენ კლოპმა და დიეგო სიმეონემ შეძლეს, თუმცა ოთხივე მატჩში წარმატების მიღწევა მათაც კი არ გამოუვიდათ.
ამრიგად, არბელოამ საკუთარ კარიერას მორიგი რეკორდი შემატა.
„ვერ გავბედავდი იმის თქმას, რომ გვარდიოლასნაირ მწვრთნელს რამეში ვაჯობე. მას ელიტაში თითქმის 1000 მატჩი აქვს ჩატარებული და უამრავი ტიტული მოპოვებული. თუ ეს ეტაპი გადავლახეთ, მხოლოდ ფეხბურთელების თავდადების დამსახურებაა. ჩემი ამოცანა ოპონენტის ანალიზი და სუსტი წერტილების ძიება იყო. როდესაც გეგმა მუშაობს, გამარჯვებაც უფრო მარტივად მოდის“, - განმარტა მწვრთნელმა მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, სადაც მადრიდელებს უკვე „ბაიერნი“ ელოდება.
მან ტაქტიკურად აჯობა გვარდიოლას „ბერნაბეუზე“ და ანალოგიური ჩანაფიქრი განახორციელა მანჩესტერშიც. არბელოამ იდეალურად მართა სათამაშო რიტმი: პირველ შეხვედრაში ვალვერდე მეტოქისთვის „უხილავ“ საფრთხედ აქცია, ხოლო საპასუხო მატჩში ვინისიუსს სრული თავისუფლება მიანიჭა დუელის დასასრულებლად.
„ჩემი საქმე იყო მოთამაშეებისგან მაქსიმალური უკუგების მიღება, რათა მათ მოედანზე თავი კომფორტულად ეგრნოთ, გუნდი კი დაბალანსებული და კომპაქტური ყოფილიყო. ფეხბურთელებმა კარგად გაითავისეს, რომ საჭიროა ერთიანობა და კოლექტიური მენტალიტეტი. საოცარი ბიჭები მყავს“ - დასძინა და საკუთარი წვლილი დააკნინა.
მიუხედავად ამისა, წარმატებაზე მთავარი პასუხისმგებელი სწორედ ალვარო არბელოაა, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობაში უდიდესი ნდობა მოიპოვა. ის ამ დაპირისპირების მთავარი გამარჯვებულია.
MARCA
- გუშინ, 13:22
- 574
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




