ვინისიუსის ახალი როლი „რეალში“
ბოლო თვეების განმავლობაში „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზაზე ვინისიუს ჟუნიორის სრულიად გარდასახული ვერსია იკვეთება.
ბრაზილიელი შემტევი აშკარად დამშვიდდა, თანაგუნდელებთან მეტად გაიხსნა და კოლექტიურ ცხოვრებაშიც აქტიურად ჩაერთო. ეს შინაგანი ტრანსფორმაცია ყველაზე მეტად ყოველდღიურ სავარჯიშო პროცესსა და გასახდელის ატმოსფეროზე აისახა.
25 წლის ასაკში, სამეფო კლუბში გატარებული შვიდი სეზონის შემდეგ, ვინიმ თვისებრივად სხვა როლის მორგება დაიწყო. ის აღარ არის მხოლოდ ფლანგის მოთამაშე, რომელსაც ინდივიდუალური ოსტატობით მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია. კლუბის შიგნით ახლა უკვე მოწიფულ სპორტსმენს ხედავენ. მან საკუთარი ავტორიტეტი გააცნობიერა და აკადემიის აღზრდილებისთვის საიმედო საყრდენად იქცა. ეს არის დინჯი, უხმაურო ლიდერობა, ზედმეტი პათეტიკისა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე, რაც მადრიდულ იერარქიაში სრულიად ბუნებრივ პროცესად აღიქმება.
ჩაბი ალონსოდან ახალ დასაწყისამდე
ვინისიუსის ეს პიროვნული ზრდა სათადარიგო სკამზე მომხდარ ცვლილებებს დაემთხვა. ბოლო პერიოდში, ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით, ბრაზილიელი თითქოს დაიბნა. მათ შორის სრული ურთიერთგაგება ვერ დამყარდა. ფორვარდმა დაკარგა ის ნაპერწკალი და თავდაჯერება, რაც წლების განმავლობაში მის მთავარ იარაღს წარმოადგენდა. მოთამაშის ძველი რიტმის დაბრუნება ვერც კარლო ანჩელოტიმ მოახერხა თავისი მადრიდული ეპოქის ფინალურ ეტაპზე. „ოქროს ბურთის“ როდრისთვის გადაცემით გამოწვეულმა იმედგაცრუებამაც ფეხბურთელზე მძიმე კვალი დატოვა.
გარკვეული დროის განმავლობაში ამ დარტყმამ მასზე მოსალოდნელზე მეტად იმოქმედა, მაგრამ თვეების სვლასთან ერთად ემოციურმა ფონმა იკლო. დღეს ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება არა მის სტატისტიკურ მაჩვენებლებში, არამედ ქცევასა და დამოკიდებულებებშია.
მენტორობა და ახალგაზრდა ტალანტები
ვალდებებასში უკვე ჩვეულ სურათად იქცა ვინისიუსის საუბრები „კასტილიელებთან“. ამის საუკეთესო მაგალითი დანი იანიესია. ახალგაზრდა ტალანტმა, რომლის სტილიც ბრაზილიელისას მოგვაგონებს, ვინისიუსისგან „ბერნაბეუზე“ დებიუტის წინ უმნიშვნელოვანესი რჩევები და მხარდაჭერა მიიღო. გარედან ეს შეიძლება უმნიშვნელო ჟესტად მოჩანდეს, მაგრამ კლუბის შიგნით ასეთ ნაბიჯებს უდიდეს დატვირთვას ანიჭებენ.
მსგავსი ტრანსფორმაციის მოლოდინი მადრიდში დიდი ხანია არსებობდა. წლების განმავლობაში კარლო ანჩელოტი მისთვის ერთგვარი მეგზური იყო. იტალიელი სპეციალისტი მისგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვდა, თუმცა ამავდროულად ვინისიუსის მთავარ დამცველად რჩებოდა მაშინაც კი, როცა მედია მოთამაშის ემოციურ ფეთქებადობაზე ფოკუსირდებოდა. „ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება ვინისიუსის მიმართ“ - იმეორებდა კარლო ყველაზე დაძაბულ მომენტებში. ის ხვდებოდა, რომ ბრაზილიელის პროგრესი მხოლოდ საფეხბურთო კლასით არ უნდა შემოფარგლულიყო.
რა თქმა უნდა, ვინისიუსი კვლავინდებურად აზარტული და ემოციურია. მას „აალებისთვის“ მატჩის რიტმი და დაძაბულობა სჭირდება. მოედნის მიღმა მისი ევოლუცია უდავოა. დღეს ის ახალი ლიდერების ძიებაში მყოფი გასახდელის ერთ-ერთი მთავარი მორალური საყრდენია.
MARCA
- დღეს, 17:43
- 289
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




