რუდიგერი: „ამისათვის ბევრს ვშრომობდი“
„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ, მედიის წინაშე ანტონიო რუდიგერი წარსდგა. მადრიდელთა მცველმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე, საკუთარ ფორმასა და ერლინგ ჰოლანდთან მოსალოდნელ დუელზე ისაუბრა.
„მსგავსი მასშტაბის მატჩებში არაერთხელ მითამაშია. „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა უკვე მოვიგე, ჩვენ კი სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვვარჯიშობთ. ბოლო წლებში „სიტის“ ხშირად ვუპირისპირდებით - ისინი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ. მათ წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა, რადგან თუ ამ ტურნირის მოგება გსურს, ადრე თუ გვიან „სიტის“ ბარიერის გადალახვა მაინც მოგიწევს“, - აღნიშნა გერმანელმა.
ფიზიკური კონდიციები
„გარკვეული პრობლემები მქონდა, თუმცა ეს უკვე წარსულია. ვფიქრობ, ბოლო შეხვედრებში კარგად გამოვიყურები და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. სეზონის ამ გადამწყვეტ ეტაპზე საუკეთესო ფორმაში ვარ. ბევრს ვშრომობდი, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.“
ჰოლანდთან დუელი
„სტატისტიკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჯგუფურ ეტაპზე მან ეს ბრძოლა მოიგო. ჰოლანდი უმაღლესი კლასის მოთამაშეა, მასთან ფიზიკური ჭიდაობა ჩემთვის დიდ მოტივაციასა და სიამოვნებასთან ასოცირდება. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო დინ ჰუისენის დიდებული თამაში - დაცვაში მხოლოდ მე არ ვდგავარ. ჰოლანდი მსოფლიო დონის ფორვარდია და მის წინააღმდეგ გამოსვლა ფანტასტიკური გამოწვევაა. თანაც, ის კარგი პიროვნება ჩანს.“
კონტრაქტის განახლება
„ჩემთვის მთავარი ჯანმრთელობაა. როგორც აღვნიშნე, თავს კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, კლუბთან შეთანხმებას მივაღწევთ. ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. მადრიდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ვხედავ ხალხის პატივისცემას და ამას ძალიან ვაფასებ. მე შეყვარებული ვარ „რეალზე“ და ჩემს საქმეს სიამოვნებით ვაკეთებ.“
ინციდენტი „ხეტაფესთან“
„ნელი კადრებიდან ჩანს, რომ ის ეპიზოდი საშინლად გამოიყურება, თუმცა რეალურად განზრახ არავისთვის მიმიყენებია ტრავმა. უხეშად ვითამაშე, მაგრამ წითელ ბარათს არ ვიმსახურებდი. მატჩის შემდეგ მეტოქეს ვესაუბრე. მიყვარს ხისტი ფეხბურთი, თუმცა ზღვარს არასდროს გადავდივარ. ამ თემაზე ატეხილი ხმაური ცოტა გადაჭარბებული მგონია.“
ვეტერანის როლი და აკადემიის აღზრდილები
„გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და ჩემი მოვალეობა მათთვის პასუხისმგებლობის ნაწილის საკუთარ თავზე აღებაა. მათ უნდა გააცნობიერონ თავიანთი როლი - კარიერის დასაწყისში არავინ არის რამოსი ან მალდინი. ამ პროცესში მეც და ისინიც თანაბრად ვართ ჩართულნი. მოხარული ვარ, რომ აკადემიის ბიჭები, მაგალითად ტიაგო, დიდებულად გამოიყურებიან. მწვრთნელი მათ ენდობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
გადამწყვეტი პენალტი
„იმედია, საქმე პენალტებამდე არ მივა, თუმცა მზად ვარ. თუ საჭირო გახდება, პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ავიღებ და გადამწყვეტ დარტყმას უპრობლემოდ შევასრულებ.“
- დღეს, 16:24
- 241
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



