კროოსი:„ვალვერდეს წინ კარიერის საუკეთესო სეზონები აქვს“
ტონი კროოსმა მადრიდის „რეალის“ მდგომარეობასა და ფედერიკო ვალვერდეზე არგუმენტირებული და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
„სიმართლე გითხრათ, ბევრი ელოდა, რომ საკადრო პრობლემების გამო ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ხასიათი. ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით კი ბერნაბეუზე, ამ გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია. გუნდმა ითამაშა წარმოუდგენელი დისციპლინით და იმ სიმშვიდით, რაც ასეთი დონის მატჩებში გადამწყვეტია. 3:0 „მანჩესტერ სიტისთან“ შემთხვევითი არასდროს არის, ეს იყო სრულყოფილი ტაქტიკური შესრულება, რომელმაც ყველა კითხვას პასუხი გასცა.“
„რაც შეეხება ფედერიკო ვალვერდეს, ის, რაც მან დღეს მოედანზე აჩვენა, უბრალოდ სხვა პლანეტიდან იყო. ჰეთ-თრიკი ასეთ თამაშში საოცარი მიღწევაა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მისი სამუშაო ეთიკაა. ფედე არის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს ჩერდება. ის იყო ყველგან - დაცვაში, შეტევაში, მოედნის ცენტრში. მისი გოლები იყო დაგვირგვინება იმ უდიდესი შრომისა, რომელსაც ის ყოველდღიურად დებს. დღეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ კლუბის ნამდვილი სიმბოლოა.“
„დარწმუნებული ვარ, მომდევნო 3-4 წელიწადში ჩვენ ვიხილავთ ვალვერდეს კარიერის საუკეთესო სეზონებს. ის ახლა იმ ასაკში და კონდიციებშია, როცა ფიზიკური ძალა და გამოცდილება იდეალურ ბალანსს აღწევს. ფედეს აქვს პოტენციალი, გახდეს არა მხოლოდ „რეალის“, არამედ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფიგურა. მისი პროგრესი შეუმჩნეველი ვერ დარჩება და მჯერა, რომ მისი პიკი ჯერ კიდევ წინ არის.“
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ალვარო არბელოას მუშაობა. მან შეძლო არსებული რესურსის სრული ათვისება და წარმოუდგენელი ტაქტიკური მოქნილობა გამოიჩინა. ნახევარდაცვაში 5 ფეხბურთელის გამოყენება იყო გენიალური სვლა, რამაც გუნდს საშუალება მისცა, მოედნის ცენტრში სრული დომინაცია მოეპოვებინა. „სიტი“ ყოველთვის ცდილობს ბურთის კონტროლს, მაგრამ „რეალმა“ მანჩესტერულ გრანდს სივრცეები წაართვა.“
„როდესაც მოედნის ცენტრში ასეთი სიმჭიდროვე გაქვს, მეტოქეს გადაწყვეტილებების მისაღებად დრო არ რჩება. არბელოამ ზუსტად გათვალა, როგორ დაებლოკა მათი საპასო ხაზები და ამავდროულად, როგორ შეექმნა პლატფორმა „ბლანკოსის“ კონტრშეტევებისთვის. ეს იყო მწვრთნელის გამარჯვებაც, რადგან თითოეულმა ფეხბურთელმა ზედმიწევნით იცოდა თავისი ფუნქცია. ასეთ ტაქტიკურ გარემოში თამაში ნებისმიერი ნახევარმცველისთვის სიამოვნებაა.“
„მთლიანობაში, ეს იყო საღამო, რომელიც დიდხანს ეხსომებათ. „მერენგებმა“ კი დაამტკიცეს, რომ მიუხედავად დანაკლისისა, გუნდური სულისკვეთება ყველაფერს ამთლიანებს. ვამაყობ ბიჭებით და განსაკუთრებით იმით, თუ როგორ მიიღეს ეს გამოწვევა. ახლა მთავარია ეს მუხტი შენარჩუნდეს და შემდეგ ეტაპზეც ასეთივე კონცენტრაციით ითამაშოს კოლექტივმა. მადრიდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.“
- გუშინ, 11:48
- 266
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




