მარსელო - ფეხბურთელი, რომელმაც მარცხენა ფლანგი ხელოვნებად აქცია

დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფეხბურთელზე, რომელიც ფეხბურთის დაარსებიდან დღიდან დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ესთეტიურ და სტაბილურ მარცხენა მცველად ითვლება.  თუ გიყვარს ბრაზილიელი და მისი კარიერა, გამოგვყევი...

მარსელოს ისტორია რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში, „ფლუმინენსეს“ აკადემიაში დაიწყო. ბრაზილიელი ბიჭუნა, რომელიც თავიდან ფუტსალით იყო გატაცებული, მალევე იქცა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად. მისი ბურთთან მოპყრობის მანერა, პლასტიკა და სილაღე თავიდანვე მიანიშნებდა, რომ ის არ იქნებოდა სტანდარტული განაპირა მცველი. 2007 წლის იანვარში, როდესაც 18 წლის მარსელო სანტიაგო ბერნაბეუზე გამოჩნდა, ცოტას თუ სჯეროდა, რომ ის კლუბის ისტორიას შეცვლიდა.

მისი მადრიდული კარიერის დასაწყისი უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ წარიმართა. მარსელოს წინაშე იდგა თითქმის შეუძლებელი მისია - შეეცვალა რობერტო კარლოსი, ადამიანი-ლეგენდა, რომელმაც ათწლეულის განმავლობაში მარცხენა ფლანგი საკუთარ საკუთრებად აქცია. ახალგაზრდა ბრაზილიელს არამხოლოდ კარლოსის ჩრდილიდან გამოსვლა, არამედ იმ ეჭვების გაქარწყლებაც უწევდა, რომლებიც მისი ფიზიკური მონაცემებისა და გამოუცდელობის გამო არსებობდა.

თავდაპირველად, მარსელოს მთავარ პრობლემას დაცვითი ფუნქციები წარმოადგენდა. მისი ბუნებრივი ინსტიქტი შეტევისკენ იყო მიმართული, რაც ხშირად ტოვებდა თავისუფალ ზონებს უკანა ხაზზე. ბევრი ექსპერტი მიიჩნევდა, რომ ის უფრო გარემარბი იყო, ვიდრე მცველი. სწორედ აქ გამოჩნდა ჟოზე მოურინიოს როლი. „განსაკუთრებულმა“ მარსელოს დისციპლინა და ტაქტიკური სიმწიფე შესძინა. მოურინიომ ასწავლა მას, როგორ ყოფილიყო აგრესიული დაცვაში ისე, რომ შეტევითი პოტენციალი არ დაეკარგა.

კონკურენცია მარსელოს კარიერის განუყოფელი ნაწილი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაბიო კოენტრაუს პერიოდი. პორტუგალიელი მცველი, რომელიც დაცვაში უფრო საიმედოდ ითვლებოდა, პრინციპულ მატჩებში ხშირად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, მარსელომ ეს გამოწვევაც მიიღო. მან ისწავლა მოთმინება და დაამტკიცა, რომ კრიტიკულ მომენტებში მისი კრეატივი გუნდისთვის უფრო ფასეული იყო, ვიდრე ნებისმიერი „მშრალი“ დაცვითი თამაში.

მარსელოს ტექნიკა სცდებოდა მცველის სტანდარტებს. მისი პირველი შეხება ბურთთან ხშირად უფრო დახვეწილი იყო, ვიდრე ბევრი ცენტრალური ნახევარმცველის. ის ბურთს ისეთი სიმსუბუქით იმორჩილებდა, თითქოს ის მისი სხეულის გაგრძელება ყოფილიყო. სისწრაფესთან ერთად, ეს ტექნიკური არსენალი  საშუალებას აძლევდა, ურთულესი მდგომარეობიდანაც კი გამოსულიყო გამარჯვებული.

მისი სინთეზი მესუთ იოზილთან „რეალის“ შეტევებს ელეგანტურობას მატებდა. ორივე ფეხბურთელი ერთი შეხებით თამაშის ოსტატი იყო, რაც კომბინაციურ ფეხბურთს იდეალურს ხდიდა. თუმცა, ყველაზე გამორჩეული მაინც კრიშტიანო რონალდუსთან ტანდემი აღმოჩნდა. მარსელო და რონალდუ მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭული პოულობდნენ. ბრაზილიელის მიერ შექმნილი სივრცეები და ზუსტი ჩაწოდებები პორტუგალიელი გოლეადორისთვის საუკეთესო საჩუქარი იყო.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ მისი კავშირი კარიმ ბენზემასთან. მარსელოს უნივერსალობა საშუალებას აძლევდა, ხშირად შეწეულიყო ცენტრისკენ და „ათიანივით“ ემართა თამაში. ის არ იყო უბრალოდ ფლანგის მცველი, რომელიც ხაზზე დარბოდა, ის იყო თამაშის ორგანიზატორი, რომელიც შეტევის ნებისმიერ ფაზაში აქტიურად მონაწილეობდა.

მარსელომ მადრიდში მთელი ეპოქა შექმნა. ის გახდა კლუბის სიმბოლო, კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი „რეალის“ ისტორიაში. მისი ანალოგი თანამედროვე ფეხბურთში პრაქტიკულად არ არსებობს. მსოფლიო ასპარეზზე ბევრია სწრაფი ან ტექნიკური მცველი, მაგრამ არავინ ფლობს იმავე სტილს, სადაც ბავშვური ხალისი და პროფესიონალური სიმკაცრე ასე ჰარმონიულად არის შერწყმული.

სამხრეთ-ამერიკელის  დრიბლინგი იყო რაღაც მისტიკური და ალოგიკური განაპირა მცველისთვის. მისი საფირმო მოძრაობები და სხეულის ფინტები მეტოქეებს ხშირად უმწეო მდგომარეობაში ტოვებდა. წარმოუდგენელი გახლდათ იმის ნახვა, თუ როგორ იწყებდა ბრაზილიელი კონტრშეტევას საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან, სადაც ერთი-ერთზე მოტყუება მისთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. ის არ ეძებდა მარტივ გზებს,  მარსელო პირდაპირ მიდიოდა საფრთხეზე, რათა თამაში გაეხსნა.

ხშირად გვინახავს ეპიზოდები, როდესაც ვიეირა 3-4 მეტოქეს ისე უვლიდა გვერდს, თითქოს ისინი სტატიკური ფიგურები ყოფილიყვნენ. მისი უნარი, ვიწრო სივრცეში ბურთის შენარჩუნებითა და მოულოდნელი მანევრით „გაესუფთავებინა“ ზონები თანაგუნდელებისთვის, „რეალის“ ტაქტიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. ამ დროს ის არამხოლოდ მეტოქის დაცვას შლიდა, არამედ პარტნიორებს აძლევდა დროსა და სივრცეს, რათა იდეალური პოზიციები დაეკავებინათ საგოლე შეტევის დასასრულებლად.

ეს იყო ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ერთი მოძრაობით შეეცვალა მატჩის დინამიკა. როდესაც თამაში ჩიხში შედიოდა, სწორედ მარსელოს ინდივიდუალური ოსტატობა ხდებოდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც მეტოქის მძიმე დაცვას ბზარებს აჩენდა. მისი თამაში იყო თავისუფლებისა და ფანტაზიის ნაზავი, რაც მას თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ხელშეუხებელ ფიგურად აქცევს. მცველად, რომელიც მოედანზე ყველაფერს აკეთებდა, გარდა იმისა, რასაც მისგან მოითხოვდნენ.

მისი ხასიათი „რეალის“ გასახდელის ხერხემალი იყო. მარსელო ყოველთვის ასხივებდა პოზიტივს, რაც გუნდს მძიმე წუთებში ეხმარებოდა. მისი ღიმილი და ცნობილი აღნიშვნები გულშემატკივრებისთვის კლუბთან ემოციური კავშირის სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად არაერთი ტრავმისა, მისი ფიზიკური მდგრადობა და მებრძოლი სული  ყოველთვის მოედანზე აბრუნებდა.

საოცარია ის ფაქტი, თუ როგორ გარდაიქმნა მარსელო წლების განმავლობაში.ჟოზეს პერიოდში მიღებულმა დისციპლინამ და ანჩელოტის თუ ზიდანის დროს მიცემულმა თავისუფლებამ ის სრულყოფილ მოთამაშედ აქცია. ის იყო „ბლანკოსის“ შეტევების ფარული ძრავა, რომელიც მეტოქეს მუდმივ შიშში ამყოფებდა.

მარსელოს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და გადამწყვეტი მომენტი 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს, „ლა დესიმას“ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ თამაში სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მისმა შემოსვლამ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ სრულიად შეცვალა მატჩის სურათი. დამატებით დროში, როდესაც ფეხბურთელები ძალებისგან იყვნენ დაცლილნი, მარსელომ მოედნის ცენტრიდან წამოიწყო რეიდი, რამდენიმე მცველი ჩამოიშორა და გაიტანა გოლი, რომელმაც საბოლოოდ გატეხა მეტოქე. ეს იყო კლასიკური ვიეირა -  ენერგიული, დაუღალავი და საჭირო დროს საჭირო ადგილას მყოფი.

არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მისი პერფორმანსი 2017 წელს, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. იმ საღამოს მარსელომ ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა.  ის ერთდროულად იყო მცველიც, ნახევარმცველიც და ფორვარდიც. ყველას გვახსოვს სამხრეთ-ამერიკელის  გენიალური გარღვევა დამატებით დროში, როდესაც მან პრაქტიკულად მთელი „ბაიერნის“ დაცვა გააბითურა და კრიშტიანო რონალდუს ცარიელ კარში გაატანინა. იმ მატჩში ვიეირამ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველი იყო და მისი შეჩერება უმაღლესი დონის გუნდებისთვისაც კი შეუძლებელ მისიას წარმოადგენდა.

ლა ლიგის ფარგლებში, მარსელოს გენიალურობა ხშირად „ელ კლასიკოებში“ ვლინდებოდა. 2017 წლის აპრილის დაპირისპირებაში, მიუხედავად „რეალის“ მარცხისა, ბრაზილიელმა საოცარი თამაში აჩვენა. სწორედ მისმა აქტიურობამ და დაუღალავმა ქმედებებმა შექმნა უამრავი მომენტი, ხოლო მისმა საგოლე პასმა  მატჩის მიწურულს სტადიონი ფეხზე დააყენა. მარსელო იყო ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო „ბარსელონას“ დაცვის ხაზი მხოლოდ თავისი პოზიციონირებით აერია, რადგან არავინ იცოდა, საიდან გამოჩნდებოდა ის მომდევნო წამს.

შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2018 წლის ფინალი „ლივერპულის“ წინააღმდეგ კიევში. მარსელომ იმ მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მათ შორის ერთი გარეთ ბეილის ისტორიულ მაკრატელა დარტყმაზე. ეს შეხვედრა იყო გვირგვინი მისი ევროპული დომინაციის. ის ფლანგზე სრულად აკონტროლებდა სიტუაციას და ამტკიცებდა, რომ დიდ თამაშებში მისი ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ეს მატჩები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მემკვიდრეობისა, რომელიც ბრაზილიელმა  დატოვა და რომელიც ყოველთვის შეახსენებს გულშემატკივარს, თუ რას ნიშნავს იყო სამეფო კლუბის ნამდვილი ნომერი 12.

მარსელოსა და ბრაზილიის ნაკრების ურთიერთობა ყოველთვის წინააღმდეგობრივი და გარკვეულწილად დრამატული იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე ის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველად ჩამოყალიბდა, „სელესაოში“ მისი გზა მარტივი არ ყოფილა. ხშირად ის ნაკრების მიღმა რჩებოდა სხვადასხვა მწვრთნელის ტაქტიკური ხედვის გამო. ზოგს მისი გადამეტებული შეტევითი სტილი აშინებდა, ზოგი კი უპირატესობას უფრო სტაბილურ და დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთელებს ანიჭებდა. მის მთავარ კონკურენტად ნაკრებში ფილიპე ლუისი ითვლებოდა, რომელიც თავისი საიმედოობით ხშირად აიძულებდა მწვრთნელებს, მარსელო სათადარიგო სკამზე დაეტოვებინათ.

სამწუხარო რეალობაა, რომ მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ ეროვნულ გუნდთან ერთად რაიმე მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, თუ არ ჩავთვლით 2013 წლის კონფედერაციის თასს. 2014 წლის საშინაო მსოფლიო ჩემპიონატის ფიასკო და შემდეგ წლებში ნაადრევი გამოთიშვები ტურნირებიდან მის სანაკრებო კარიერას სევდიან ელფერს სძენს. მარსელომ, რომელმაც ევროპული ფეხბურთი დაიპყრო, ვერ მოახერხა ბრაზილიისთვის ისეთივე ეპოქალური დიდების მოტანა, როგორიც მისმა წინამორბედმა რობერტო კარლოსმა შეძლო. ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დღემდე რჩება ბრაზილიელი ქომაგების გულებში, რადგან ასეთი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებდა ოქროს მედალს სამშობლოს სახელით.

მისი წასვლით „რეალმა“ დაკარგა არამხოლოდ ფეხბურთელი, არამედ ფილოსოფია. დღეს, როდესაც ფეხბურთი უფრო ათლეტური და სქემატური ხდება, მარსელოსნაირი „არტისტები“ იშვიათობაა. ის ამტკიცებდა, რომ დაცვაში თამაშიც შეიძლება იყოს სანახაობრივი და რომ მარცხენა მცველს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა არამხოლოდ ჩაჭრით, არამედ გენიალური პასით ან დრიბლინგით.

მარსელოს მემკვიდრეობა სანტიაგო ბერნაბეუზე სამუდამოდ დარჩება. ყოველი ახალი მარცხენა მცველი მადრიდში ყოველთვის მას შეედარება, თუმცა მისი სტილის კოპირება შეუძლებელია. ის იყო ბოლო „ესთეტი“ დაცვის ხაზში, რომელმაც ფეხბურთი გართობად და ხელოვნებად აღიქვა.

ფლორენტინო პერესმა მარსელოს გაცილება დიდ ღონისძიებად აქცია, რაც სრულიად შეეფერებოდა იმ მასშტაბის ლეგენდას, რომელიც 15 წლის განმავლობაში „თეთრებს“ ემსახურებოდა. დარბაზში გამოფენილი იყო 25 ტიტული.  საკლუბო დონეზე მოგებული ყველა თასი, რაც მარსელოს რეკორდულ მაჩვენებელსა და მის დაუჯერებელ მიღწევებზე მეტყველებდა. ღონისძიებას მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, თანაგუნდელები და კლუბის ხელმძღვანელობა ესწრებოდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ, რომ მადრიდიდან მიდიოდა არა უბრალოდ ფეხბურთელი, არამედ ეპოქალური მნიშვნელობის მქონე პიროვნება, რომელმაც მარცხენა ფლანგის გაგება სამუდამოდ შეცვალა.


ყველაზე მძაფრი მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც მარსელო გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარსდგა. ბრაზილიელმა, რომელიც ყოველთვის მხიარულებითა და პოზიტივით გამოირჩეოდა, ცრემლები ვერ შეიკავა, რამაც დამსწრე საზოგადოებაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო გულწრფელი ემოცია ადამიანის, რომლისთვისაც „ბლანკოსი“ მხოლოდ სამსახური კი არა, მთელი ცხოვრება და სახლი გახდა. მისი ცრემლები იყო მადლიერების გამოხატულება იმ სიყვარულისთვის, რაც მადრიდისტებმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აჩუქეს და იმავდროულად, ეს იყო დასასრული ულამაზესი ზღაპრის, რომელსაც საფეხბურთო სამყარო „მარსელოს ეპოქად“ იცნობს.

შესაძლოა გავიდეს კიდევ ათწლეული, თუმცა მსოფლიოში არ გამოჩნდეს იმ ტიპის განაპირა მცველი, როგორიც ვიეირა იყო. „რეალს“ კი 2007 წელს ნამდვილად გაუმართლა, ვინაიდან რობერტო კარლოსის ეპოქის დასასრულს მარსელოს კარიერის დასაწყისი მოყვა.

ბრაზილიური ჟინი, მადრიდული თავდადება და მსოფლიო კლასის ოსტატობა - ეს არის მარსელო. ფეხბურთელი, რომელმაც დაამტკიცა, რომ რობერტო კარლოსის შეცვლა შესაძლებელი ყოფილა, თუ შენს საქმეს ისეთივე სიყვარულით აკეთებ, როგორც ამას 15 წლის განმავლობაში მარსელო ვიეირა აკეთებდა .


1

24 თებერვალი 2026 16:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 876

ადმინ შენ ხო არ ღადაააობ, ეს რა სტატია გააძრე.


მარსელოს სტილის ფეხბურთელი რეალს არასდროს არ ყოლია. კარლოსი თავისი ბენეფიტებით ძაან მაგარი იყო, მაგრამ საერთო ჯამში მარსელო უფრო კლასნი იყო


2

24 თებერვალი 2026 16:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 315

და მარსელოს შემდეგ ვუყურებთ მენდი, გარსია, კარერასს, ამ სამიდან 100 პასიდან ყველა 99 უკან აკეთებს პროსტა


3

24 თებერვალი 2026 17:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 664

დასაფასებელია მწერლების შრომა 



4

24 თებერვალი 2026 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 173
24 თებერვალი 2026 17:23, Maestro says:

დასაფასებელია მწერლების შრომა 


მაგარი მოიხოდა, დასაფასებელია... ძალიან მოინდომეს.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

5

24 თებერვალი 2026 20:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 322

მახსოვს კაპელომ რომ იყიდა ეს და იგუაინი ერთად ზამთარში,  ესენი ვინ მოიყვანეს რა უნდა აქ  მეთქი: ))


6

24 თებერვალი 2026 21:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 016

ბუჩქი ძალიან მაგარი იყო რეალში.მისი დონის,მცველები იშვიათობაა თანამედროვე ფეხბურთში.


7

25 თებერვალი 2026 00:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 121

ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველია .


8

25 თებერვალი 2026 01:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 863

მარსელოს ვერავის ვერ შეადარებ კაცი, მაგრამ კარერასი კარგია საკმაოდ პირველი სეზონია ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მეორე ფლანგზე არნოლდი უნდა შევიდეს ფორმაში და პრობლემა არ იქნება არანაირი. ნახევარმცველი გვინდა ისეთი სერიოზული პასი და ბურთის ფლობა რომ ჰქონდეს ასევე მოედნის ხედვა. წინ მარჯვენა ვინგერი საერთოდ არ გვყავს და მბაპე და ვინისიუსი ერთად უბრალოდ შეუძლებელია ისე ჩანს. ორი ესეთი ფეხბურთელი ერთ გუნდში არ უნდა თამაშობდეს. ეს არის რეალის პრობლემა სხვა არაფერი. უბრალოდ არავის უნდა რო სმ პრობლემის მოგვარება თავის თავზე აიღოს. 


9

25 თებერვალი 2026 01:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436
25 თებერვალი 2026 01:13, Axl says:

მარსელოს ვერავის ვერ შეადარებ კაცი, მაგრამ კარერასი კარგია საკმაოდ პირველი სეზონია ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მეორე ფლანგზე არნოლდი უნდა შევიდეს ფორმაში და პრობლემა არ იქნება არანაირი. ნახევარმცველი გვინდა ისეთი სერიოზული პასი და ბურთის ფლობა რომ ჰქონდეს ასევე მოედნის ხედვა. წინ მარჯვენა ვინგერი საერთოდ არ გვყავს და მბაპე და ვინისიუსი ერთად უბრალოდ შეუძლებელია ისე ჩანს. ორი ესეთი ფეხბურთელი ერთ გუნდში არ უნდა თამაშობდეს. ეს არის რეალის პრობლემა სხვა არაფერი. უბრალოდ არავის უნდა რო სმ პრობლემის მოგვარება თავის თავზე აიღოს. 

ეს პირველი შემთხვევა არარის როცა რეალის სატრანსფერო პოლიტიკა შემადგენლობის გეგმაზე არაა მორგებული, ოქროს ბურთის მფლობელი ოუენი სკამზე დავაჯინეთ) რონალდო გვყავდა და კაკაც მივუწყვილეთ რას დაფრინავდა და ვაბშე ჩაქიმა ტიპმა როვერიგრძნო ლიდერობა, კიდე ძალიან ბევრი. 

არიან ფეხბურთელები რომლებსაც ლიდერის როლი თუ არ აქვთ ვერიჩენენ ისე თავს და მათ შესაძლებლობებს ვერაჩვენებ, ისევე ვინი მბამპეს სიტუაცია არმახსენდება რომ ორივემ ფენომენალურქდ ითამაშოს, ერთი თუ კარგია მეორე ჩამქრალია ამიტომ ეს ფეხბურთელებზე მეტად სატრანსფერო პოლოტიკის ბრალია. 

პერეს მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული სადაც ხალხი გვჭირდება და პრაიმ წლები გადის ხალხს აქ კრიზისში ეს უბრალოდ დანაშაულია როცა ყველაზე მდიდარია გუნდი და შემოსავლებს ვერითვლიან ლამის.

ახლაც ჯუდი გვყავს ათიანზე ტოპ კლასის, (გამოჩბდა ბევრჯერ რომ ბურთის ამოტანაზე მეტად შეტევებში გამოსდის თავის გამოჩენა) არდაც პოტენციურად მისი შემცვლელია, იქვე ბრაჰიმი, მასტანტუონო, და მოყავთ ნიკო პაზი რომელმაც კომოში ძალიან მაგარი სეზონი გამოაცხო, და მარტივი გამოსაცნობია რომ ვიღაც-ების კარიერა სავარაუდოდ მაგრად რეგრესირდება? კიდე სმიტზე ყიდვაზე იწევიან 10 იანზე მოთამაშე პსვ-დან. 


10

25 თებერვალი 2026 01:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 018

ბოდო გლინტმა დედა უტირა ინტერს. არადა ხუთი ტურის მეტე ზოგიერთებს ინტერი პოტვ5 ფავორიტებში  შეყავდა. გოლს არ უშვებსო და კარგ ფორმაში არისო :)))

მბაპე მეთქი რონალდოა რეკორდს გააუმჯობესებსთქო და ხვარ არ იქნება. მერე თუ გავედით კიდე და სიტის შეგვხვდა ეგ რეკორდი გვერდზე დარჩება. იმიტომ რომ არამგონია სიტის გაუტანოს 4 გოლი. სიტის თუ გავვცდით მერე შეიძლება. მაგრამ იმედია სპორტინგი შეგვხვდება და მანდ უფრო გააუადვილდება გოლების გატანა. თუმცა ჩვენ თუ შეგვხვდა სპორტინგი ბოდო გლინტს შეხვდება სიტიიი. 


11

25 თებერვალი 2026 02:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 173

გლინტი ეძახე და სიტის, ატლეტიკოს და ინტერს ორი თამაში მოუგო... ბრავო რა!

-----------------------
Hala Madrid! White heart!

12

25 თებერვალი 2026 03:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 664
24 თებერვალი 2026 18:05, Rustaveli1990 says:
24 თებერვალი 2026 17:23, Maestro says:

დასაფასებელია მწერლების შრომა 


მაგარი მოიხოდა, დასაფასებელია... ძალიან მოინდომეს.

კიი, ბევრ შრომას დებენ, იმედია ხალხიც გააქტიურდება და ცოტა რეკლამებიც წამოვა რომ ამ ბიჭებს დაუფასდეთ შრომა


13

25 თებერვალი 2026 03:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 018

ესენი გამოვარდნას ცომ არ აპირებენ ბენფიკადთან? აბა იმდენი ხალხი გვაკლია რომ რავიი. ან სად მოასწრეს დამტვრევა ვერ ვხვდები. ისევ ასენსიოს და ალაბას იმედად არ დავრჩებით იმედია ცენტეში და რუდიგერს დააყენებს. 

იმედია ვინისიუსი გაიგიჟებს თავს და იზამს რამეს. პირველ რიგში მისგან ველოდები.

ბელინგემი,.სებალიოსი, მილიტაო, ჰაუსენი, როდრიგო და მბაპე არ იქნებიან. დიდი დანაკლისი გვაწ ძაან. 

კურტუა,.ტრენტი, რუდი, ალაბა, კარერასი. ასენსიოს დაყენებას ისევ ალაბა მირჩევნია იდგეს. 

არდა, ფედე, ჩუამენი

ვინი, გარსია, მასტა, ან ბრაჰიმი. 

ან ცენტრში კამა დაამატოს და წინ ვინი და გარსია. 

ვნახოთ რას გადაწყვეტს


14

25 თებერვალი 2026 10:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 315

განვლილ სეზონში ყველა ტიტულს ერთიანად დაეჭიდა ინტერი და ბოლოს არაფერი შერჩათ ხელში, ასე რომ საერთოდ არ იყო ეს ყველაფერი მოულოდნელი


15

25 თებერვალი 2026 11:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 876
25 თებერვალი 2026 03:11, Maestro says:
24 თებერვალი 2026 18:05, Rustaveli1990 says:
24 თებერვალი 2026 17:23, Maestro says:

დასაფასებელია მწერლების შრომა 


მაგარი მოიხოდა, დასაფასებელია... ძალიან მოინდომეს.

კიი, ბევრ შრომას დებენ, იმედია ხალხიც გააქტიურდება და ცოტა რეკლამებიც წამოვა რომ ამ ბიჭებს დაუფასდეთ შრომა

რეკლამები მართლა არსად აღარ არის...

რამე დონაციის თემა რომ იყოს. თითო კაცმა რომ 1-2 ლარი ჩარიცხოს ხოლმე თვეში, ის თანხა ნაღდად აგროვდება რომ საიტის ადმინისტრირებას ხელი შეეწყოს და ხარჯები დაფაროს.  მე სიამოვნებით შევუერთდებოდი ეგეთ იდეას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (109)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)