სტრატეგიული სიბრმავე - რატომ არის „ესთეტის" გარეშე დარჩენა კატასტროფა
ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის წასვლა არ იყო უბრალოდ ორი ვეტერანის გაცილება, ეს იყო გუნდის ტვინის დემონტაჟი. როდესაც კლუბმა გადაწყვიტა, რომ მათ ჩასანაცვლებლად მაღალი კლასის, კრეატიული ცენტრალური ნახევარმცველი არ ეყიდა, დაუშვა შეცდომა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში უპატიებელია. ელიტარულ დონეზე თამაში მხოლოდ ფიზიკური სიმძლავრით შეუძლებელია, თუ არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც თამაშის რიტმს აკონტროლებს.
გუნდმა ნახევარდაცვაში დაკარგა არამხოლოდ პასის სიზუსტე, არამედ სათამაშო ინტელექტი. კროოსის მიერ შესრულებული დიაგონალური პასები და მოდრიჩის უნარი, ვიწრო სივრცეში ბურთი შეინარჩუნოს, იყო ის საძირკველი, რომელზეც მთელი ტაქტიკური სტრუქტურა იდგა. მათ გარეშე ნახევარდაცვა გახდა ათლეტური, მაგრამ უფანტაზიო, რაც გუნდს აიძულებს ითამაშოს უფრო ქაოსურად და ნაკლებად პროგნოზირებად პოზიციურ შეტევაში.
ბალანსის დარღვევა ყველაზე მწვავედ გადასვლის ფაზაში იგრძნობა. როდესაც დაცვიდან შეტევაში გადასვლა ხდება არა გააზრებული კომბინაციით, არამედ მხოლოდ ინდივიდუალური გარბენებით, გუნდი დაუცველი ხდება კონტრშეტევების მიმართ. მაღალი კლასის რეჟისორის გარეშე, ნახევარმცველები ხშირად კარგავენ პოზიციას, რაც დაცვის ხაზს პირდაპირი დარტყმის ქვეშ აყენებს.
ეს პრობლემა პირდაპირ აისახა წინა ხაზზე. კილიან მბაპე და ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლები არიან, თუმცა ისინი დამაგვირგვინებლის სტატუსს უნდა ფლობდნენ და არა შემქმნელების. როდესაც ნახევარდაცვიდან არ მოდის ჭკვიანი გადაცემები, მბაპე იძულებულია ბურთის მისაღებად სიღრმეში ჩავიდეს, რაც მას ყველაზე სახიფათო ზონას - მეტოქის საჯარიმოს აშორებს.
წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტური იქნებოდა კილიანის და ვინისიუსის დუეტი, მათ ზურგს უკან რომ ისეთი ფეხბურთელი იდგეს, რომელიც დაცვის ხაზს ერთი პასით გაკვეთდა. ფანტაზიის ნაკლებობა ნახევარდაცვაში ნიშნავს, რომ ფორვარდები მუდმივად ორმაგი მეურვეობის ქვეშ არიან, რადგან მეტოქემ იცის საფრთხე მხოლოდ ამ ორი მოთამაშისგან მოდის და არა ნახევარდაცვის ცენტრიდან.
მარტინ სუბიმენდის არშეძენა ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანია. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაშის დაჭერა და პრესინგის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნება. მისმა იგნორირებამ გუნდი დატოვა გამთამაშებლის გარეშე, რომელიც დაცვასა და თავდასხმას შორის ხიდის როლს შეასრულებდა.
ანალოგიურია ენცო ფერნანდესის ან ნიკოლო ბარელას შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ბარელას ტრანსფერი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თანამედროვე ბაზარზე ასეთი ინვესტიცია აუცილებლობაა. მოლაპარაკებების შეჩერება ფინანსური მიზეზების გამო მაშინ, როცა გუნდის ხერხემალი იშლება, სტრატეგიული მარცხია, რადგან მოედანზე დაკარგული ხარისხი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ნებისმიერი სატრანსფერო ფასი.
თანამედროვე ფეხბურთი „ესთეტების" ეპოქაშია. შეხედეთ პსჟ-ს და ვიტინიას. პორტუგალიელი ნახევარმცველი გახდა გუნდის მთავარი ძრავა, რომელიც არამხოლოდ ართმევს ბურთს, არამედ კარნახობს თამაშის ტემპს. ვიტინიას გარეშე პარიზული კლუბის შეტევა ისეთივე ქაოტური იქნებოდა, როგორიც დღეს ბევრი გრანდის თამაშია.
ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ალექსის მაკ ალისტერის მაგალითი „ლივერპულში". მან გუნდს დაუბრუნა ის წონასწორობა, რომელიც ხშირად აკლდა. მაკ ალისტერი არ არის მხოლოდ „მუშა" ფეხბურთელი, ის არის მოაზროვნე, რომელიც ბურთს ყოველთვის საჭირო მომენტში და საჭირო სიჩქარით ამოძრავებს.
ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ბალანსს ქმნის, გუნდისთვის დაზღვევის ტოლფასია. როდესაც მოედანზე გყავს როდრი (სიტი) ან ფაბიან რუისი (ესპანეთის ნაკრებში), დანარჩენ მოთამაშეებს ეხსნებათ ხელ-ფეხი იმპროვიზაციისთვის. მათ გარეშე კი, ყველა ფეხბურთელი შებოჭილია საკუთარი პოზიციური დავალებებით, რადგან ეშინიათ ბურთის დაკარგვისას შექმნილი სიცარიელის.
კროოსის წასვლით გაქრა ე.წ. „პაუზის ფენომენი“, უნარი, გააჩერო დრო, მიმოიხედო და აირჩიო საუკეთესო ვარიანტი. დღევანდელი ნახევარდაცვა ცდილობს ყველაფერი სისწრაფეში გააკეთოს, რაც იწვევს ტექნიკურ წუნს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ეს კი პირდაპირ აისახება გუნდის საერთო ესთეტიკაზე.
ფედერიკო ვალვერდეს, ორელიენ ჩუამენისა და ჯუდ ბელინგემის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ მათგან იმ ფუნქციების შესრულებას ითხოვენ, რაც მათ ბუნებრივ სათამაშო სტილს ეწინააღმდეგება. ურუგვაელი მსოფლიო დონის ნახევარმცველია, რომლის მთავარი იარაღი დინამიკა და სივრცეების ათვისება გახ;ავთ, მაგრამ როდესაც ფედეს კროოსისებური თამაშის მართვა და ტემპის კონტროლი ევალება, მისი საუკეთესო თვისებები იჩრდილება.
იგივე ითქმის ჩუამენიზეც, რომლის მთავარი ფუნქცია დაცვის წინ კედლის აღმართვა და მეტოქის იერიშების ჩაშლაა. მისგან გამთამაშებლის როლის მორგება არამხოლოდ მის პოტენციალს ზღუდავს, არამედ გუნდს დაცვითი თვალსაზრისითაც ასუსტებს. როდესაც ფრანგი ზედმეტად არის ორიენტირებული შეტევის დაწყებაზე, ის კარგავს იმ პოზიციურ დისციპლინას, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენად აქცევდა. ეს არის მოთამაშის რესურსის არასწორი მართვა.
ჯუდ ბელინგემის შემთხვევა კი ყველაზე თვალსაჩინოა. შარშანდელი სეზონის შემდეგ, სადაც მან თავი „ათიანის" პოზიციაზე დაგვამახსოვრა, წელს ის იძულებულია უფრო ღრმად ჩამოვიდეს ბურთის მისაღებად. ინგლისელი საჯარიმოშია ყველაზე სახიფათო, იქ, სადაც მომენტებს ასრულებს. „ესთეტი" ნახევარმცველის არარსებობის გამო, ის ენერგიას ხარჯავს ბურთის ამოტანაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევის ფინალურ ფაზაში მას აღარც ძალა ჰყოფნის და აღარც ის პოზიციური უპირატესობა აქვს, რამაც იგი ვარსკვლავად აქცია.
საბოლოო ჯამში, აღნიშნული ფეხბურთელების დაკნინებაც კი ხდება, რადგან მათ უწევთ ისეთი რამის გაკეთება, რაც უბრალოდ არ შეუძლიათ. მაყურებელი მათგან კროოსისეულ სიზუსტეს ითხოვს, რაც ფიზიკურად შეუძლებელია მათი პროფილის მოთამაშეებისთვის. როდესაც ფედე ან ბელინგემი ვერ აკეთებენ იმას, რაც მათ ბუნებაში არ დევს, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ ფორმა დაკარგეს, სინამდვილეში კი ისინი უბრალოდ სისტემური შეცდომის მსხვერპლნი არიან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ედუარდო კამავინგას როლი. ფრანგი ნახევარმცველი უდავოდ ნიჭიერია და თავისი ქაოსური, ენერგიული სტილით ხშირად ახერხებს თამაშში გარდატეხის შეტანას. მას შეუძლია ბურთის დრიბლინგით ამოტანა და პრესინგის დაძლევა, რაც გარკვეულ ეპიზოდებში გუნდს ჟანგბადს აძლევს. თუმცა, ედუ მაინც ვერ არის ის „ინტელექტი", რომელიც „ბლანკოსის" დონის გუნდს სჭირდება თამაშის სრული კონტროლისთვის.
კამავინგას თამაში უფრო ინსტინქტებზეა დაფუძნებული, ვიდრე სტრატეგიულ გათვლაზე. მას აკლია ის ხედვა, რაც კროოსს ან მოდრიჩს გააჩნდათ. უნარი, დაინახო თამაში ორი-სამი სვლით წინ. მისი იმპროვიზაცია კარგია გეგმა „ბ“-სთვის, მაგრამ როდესაც ის ხდება თამაშის მთავარი წარმმართველი, გუნდი კარგავს სტრუქტურულ სიმყარეს. ფრანგი ქმნის განსხვავებას ინდივიდუალური აფეთქებებით, მაგრამ ვერ ქმნის სისტემას.
შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი ნახევარმცველებით შესაძლებელია ჩემპიონთა ლიგის ან შიდა პირველობის მოგება სტაბილურად. ფეხბურთის ისტორია გვაჩვენებს, რომ ტრიუმფატორი გუნდები ყოველთვის შენდებოდა დიდი არქიტექტორების გარშემო, იქნება ეს ზეედორფი, პირლო, ჩავი, ინიესტა, მოდრიჩი თუ კროოსი.
სწორედ ამიტომ იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ისეთი ფეხბურთელის მოყვანა, რომელიც ამ ფიზიკურად ძლიერ ნახევარდაცვას გონიერებას შემატებდა. „ესთეტის" გვერდით ვალვერდეც, ბელინგემიც და ჩუამენიც გაცილებით ეფექტურები იქნებოდნენ, რადგან დაკავდებოდნენ იმით, რაც საუკეთესოდ გამოსდით. დღეს კი გვაქვს სურათი, სადაც უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელები საშუალო დონის თამაშს აჩვენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ზურგს უკან ტვინი არ მუშაობს.
საბოლოო ჯამში, მაღალი კლასის ცენტრალური ნახევარმცველის არშეძენა არის უარი განვითარებაზე. გუნდი, რომელიც უარს ამბობს „ესთეტზე", უარს ამბობს თამაშის კონტროლზე. მბაპესა და ვინისიუსის პოტენციალის სრულად ათვისება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ ზურგს უკან იდგება ადამიანი, რომელიც ბურთს მათთვის ამზადებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერებზე ეკონომიამ იქ, სადაც გუნდის ინტელექტუალური რესურსი წყდება, გამოიწვია სისტემური კრიზისი. სანამ გუნდში არ გამოჩნდება ახალი „ესთეტი", რომელიც ბურთთან ერთად კომფორტულად გრძნობს თავს ისე, როგორც კროოსი, მოდრიჩი და სხვები, გუნდი დარჩება მხოლოდ ვარსკვლავების კრებულად და არა ერთიან სისტემად.
- დღეს, 11:46
- 37
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




