დავიდ დე ხეა - ვერშემდგარი ტრანსფერი „რეალში“, რამაც მეკარის კარიერა შეცვალა
ფეხბურთის ისტორიაში არსებობს მომენტები, რომლებიც არამხოლოდ კლუბების, არამედ ცალკეული მოთამაშეების ბედს რადიკალურად ცვლის. 2015 წლის 31 აგვისტო სწორედ ასეთი თარიღია. დღე, როდესაც „ფაქსის აპარატის“ გაუმართაობამ (ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად დასახელდა) დავიდ დე ხეას კარიერა სხვა მიმართულებით წაიყვანა. მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა საბუთების დაგვიანებამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გარიგება ჩაშალა.
ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიუროკრატიულმა დეტალმა შეცვალოს სპორტული იერარქია. დე ხეა იმ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეობის პრეტენდენტი იყო, „რეალს“ კი იკერ კასილასის ღირსეული მემკვიდრე სჭირდებოდა. ტრანსფერის ჩაშლამ მადრიდში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ფლორენტინო პერესს სურდა, გუნდს ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი გოლკიპერი ჰყოლოდა.
რა დაკარგა თავად დე ხეამ? პირველ რიგში ტიტულები. მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედში“ ის კლუბის ლეგენდა გახდა და არაერთხელ აღიარეს წლის საუკეთესო მოთამაშედ, ვერ მოიგო ის მთავარი ჯილდოები, რაც „რეალმა“ მომდევნო წლებში დააგროვა. მადრიდული კარიერის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ დავიდი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამი თასის მფლობელი გახდებოდა, რაც მის მემკვიდრეობას სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანდა.
დე ხეას მადრიდული კარიერა, დიდი ალბათობით, სტაბილურობით გამოირჩეოდა, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ფსიქოლოგიური მდგრადობა. „ოლდ ტრაფორდზე“ ის გუნდის მთავარი იმედი იყო, სადაც ყოველ მატჩში 5-6 რთული „სეივის„ გაკეთება უწევდა. „ბლანკოსში“ კი მეკარეს სხვაგვარი კონცენტრაცია სჭირდება: შესაძლოა 80 წუთი უსაქმოდ იყოს და ერთადერთ გადამწყვეტ მომენტში უნდა გადაარჩინოს გუნდი.
საინტერესოა, სად იქნებოდა ტიბო კურტუას ადგილი ამ სცენარში? თუ დე ხეა 2015-ში „რეალში“ გადავიდოდა და იქ წარმატებულად დამკვიდრდებოდა, კურტუას ტრანსფერი 2018 წელს, სავარაუდოდ, საერთოდ არ ცშედგებოდა. ბელგიელი მეკარე მადრიდისთვის პრიორიტეტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც დე ხეას ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიფუშა და „მანჩესტერმა“ ესპანელს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ცნობილი სპორტული ფიგურები ამ ფაქტს ხშირად ირონიით იხსენებენ. თავად სერ ალექს ფერგიუსონმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ „რეალმა“ დააგვიანა, რადგან მათ სურდათ ყველაფერი ბოლო წამზე გაეკეთებინათ. ფლორენტინო პერესმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ თქვა - „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მანჩესტერს გამოცდილება დააკლდა საბუთების მართვაში“. ეს იყო ორ გრანდს შორის არსებული კინკლაობის კლასიკური მაგალითი.
კიდევ ერთი ასპექტი არის ესპანეთის ნაკრები. დავიდს მადრიდში ყოფნა მას ეროვნულ გუნდში მეტ ავტორიტეტს შესძენდა . ხშირად მიიჩნევენ, რომ მისი ფორმის ვარდნა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ იმ ფსიქოლოგიური წნეხის შედეგი იყო, რაც „მანჩესტერში“ არსებულმა ქაოსმა გამოიწვია. . მადრიდი მას სულ სხვა თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს მისცემდა.
სტატისტიკურად, დე ხეა 2015-2018 წლებში პიკში იყო. მისი რეაქციები ხაზზე მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ. თუმცა, ფეხბურთში არაერთმა ტაქტიკურმა ცვლილებამ მოითხოვა მეკარე, რომელიც ფეხით კარგად თამაშობს და საჯარიმოს გარეთ გამოსვლებს არ უშინდება. ამ კომპონენტში დე ხეა ყოველთვის მოიკოჭლებდა, რაც მადრიდში შესაძლოა კრიტიკის საგანი გამხდარიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს ზიზუ წვრთნიდა და ხშირად მაღალ პრესინგს რისკავდა.
საბოლოო ჯამში, 2015 წლის „ჩაშლილი ტრანსფერი“ რჩება ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს „რა მოხდებოდა, თუ...“ ისტორიად. დე ხეამ დაკარგა ოქროს მედლები, მაგრამ მოიპოვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრების უპირობო სიყვარული. „ბლანკოსმა“ კი, გარკვეული პაუზის შემდეგ, იპოვა კურტუა, რომელმაც კლუბს ახალი ეპოქა აჩუქა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც ტექნიკურმა ხარვეზმა ირიბად, ბელგიელი კარის დარაჯის კარი გახსნა და ახალი ისტორია დაწერა.
- დღეს, 17:30
- 13
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




