„ბენფიკა“ - „რეალი“ - ყველაფერი მატჩის წინ და დიდი ისტორია!
17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის ეტაპი ნამდვილ საფეხბურთო კლასიკას გვთავაზობს, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. ლისაბონის „ბენფიკა“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ორი გუნდის დაპირისპირება, ეს არის ევროპული ფეხბურთის ორი ისტორიული გუნდის შეხვედრა, რომელთაც ჯამში ჩემპიონთა თასი 17-ჯერ აქვთ აღმართული. „ესტადიო და ლუჟზე“ გასამართი მატჩი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
ისტორიულად, ამ ორ გუნდს შორის დაპირისპირება ყოველთვის ეპიკურ ხასიათს ატარებდა. ყველას ახსოვს 1962 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი, სადაც ეუსებიოს „ბენფიკამ“ ფერენც პუშკაშის „რეალი“ 5:3 დაამარცხა. მას შემდეგ „ბენფიკას“ თითქოს მისტიკური ძალა უშლის ხელს ევროპულ წარმატებაში (ცნობილი „გუტმანის წყევლა“), ხოლო „რეალი“ ტურნირის აბსოლუტურ მეფედ იქცა. მადრიდელებისთვის ლისაბონი ყოველთვის კეთილგანწყობილი ქალაქი იყო, სწორედ აქ მოიგეს მათ ნანატრი მეათე თასი („ლა დესიმა“) 2014 წელს.
მადრიდის „რეალი“ ამ მატჩს შერეული ემოციებით ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ლა ლიგაში სტაბილურად ასპარეზობს, ტრავმების ეპიდემიამ „ბლანკოსის“ დაცვის ხაზი საგრძნობლად შეასუსტა. თუმცა, სამწვრთნელო შტაბისთვის ეს ახალი გამოწვევა არ არის, ლიდერების არყოფნა მინიმალურად აისახა შედეგებზე. მადრიდელთა მთავარი იარაღი ისევ და ისევ ნახევარდაცვისა და თავდასხმის სინთეზია იქნება, თუმცა დაცვაში ტრენტის, კარვახალის და რუდიგერის დაბრუნება, რესურსს აორმაგებს.
მადრიდის „რეალის“ მთავარი დამრტყმელი ძალა კილიან მბაპეა, რომელიც მიმდინარე სეზონში ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. ფრანგი თავდამსხმელი „ბლანკოსის“ შემტევ ხაზს სრულიად სხვა განზომილებას სძენს, მისი სისწრაფე და ინდივიდუალური ოსტატობა ნებისმიერი დაცვისთვის გადაუჭრელი ამოცანაა. ლისაბონურ მატჩში ფრანგი იქნება ის ფიგურა, რომლისკენაც „ბენფიკას“ მცველების მზერა მუდმივად იქნება მიპყრობილი, რადგან მას ერთი შეხებით შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა და სტუმართათვის სასურველი შედეგის დაფიქსირება.
სამეფო კლუბისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ტრენტ ალექსანდრ არნოლდის დაბრუნებაა. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ინგლისელი მცველი დაცვის მარჯვენა ფლანგს არა მხოლოდ სიმტკიცეს, არამედ კრეატიულობასაც მატებს. ტრენტის უნიკალური უნარი, შეასრულოს ზუსტი გრძელი გადაცემები და ჩაერთოს შეტევების ორგანიზებაში, არბელოას საშუალებას აძლევს, თამაში უფრო მეტად გაშალოს და მეტოქის დაცვა ფლანგებიდან გაარღვიოს.
ტაქტიკური თვალსაზრისით, „რეალი“ სავარაუდოდ 4-3-3 ან მოქნილ 4-4-2 ალმასისებურ სისტემას დაეყრდნობა. არბელოას მთავარი ამოცანა „ბენფიკას“ მაღალი პრესინგის დაძლევა იქნება. მადრიდელები ეცდებიან აქცენტი სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთონ, სადაც ვინისიუს ჟუნიორის სისწრაფე და არდა გიულერის სიღრმიდან თამაში გადამწყვეტი იქნება. „ბენფიკა“ კი, თავის მხრივ, ეცდება მოედნის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას და ფლანგებიდან აქტიურ ჩაწოდებებს, რათა „რეალის“ დაცვის ცენტრს პრობლემები შეუქმნას.
ტრენტისა და ვინი-მბაპეს ტანდემი ფლანგებზე „რეალის“ შეტევით რესურსს პიკამდე ზრდის. როდესაც მარჯვნიდან ტრენტის გამჭოლი პასები და მარცხნიდან ვინისიუსი-მბაპეს ელვისებური გარღვევები ერთიანდება, მეტოქის დაცვის ხაზი იძულებულია მაქსიმალურად გაიფანტოს, რაც ცენტრში დამატებით თავისუფალ სივრცეებს წარმოქმნის. ეს ტაქტიკური უპირატესობა მადრიდელებს აძლევს საშუალებას, მართონ თამაშის ტემპი და „ბენფიკას“ საკუთარი სცენარი თავს მოახვიონ.
„რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგა საკუთარი ეზოს ტურნირივითაა. მათი მოტივაცია ყოველთვის მაქსიმალურია, თუმცა წელს განსაკუთრებული ჟინია - გუნდს სურს დაამტკიცოს, რომ მწვრთნელთა და თაობათა ცვლის პერიოდშიც კი ისინი რჩებიან მთავარ ფავორიტებად. მეორე მხრივ, „ბენფიკასთვის“ ეს არის შანსი, საბოლოოდ დაამსხვრიოს ევროპული კომპლექსები და დაამარცხოს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რაც მათთვის სეზონის უდიდესი წარმატება იქნება, ჟოზე მოურინიოსთვის კი კიდევ ერთი ნაბიჯი მწვერვალისკენ.
- დღეს, 10:58
- 53
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




