ანხელ დი მარია იუბილარია!
დღეს ანხელ დი მარიას დაბადების დღეა.
არგენტინელი ფეხბურთელი 38 წლის გახდა.
დი მარიას კარიერის დიდი ნაწილი „რეალისთვის“ არ მიუძღვნია, მაგრამ დაუვიწყარია რამდენიმე წელიწადი, რომელიც სამხრეთ-ამერიკელმა სამეფო კლუბის სადარაჯოზე გაატარა და „ლა დესიმას“ მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
„ელ ფიდეო“, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, მოედანზე ისეთი სიმსუბუქით გადაადგილდებოდა, თითქოს ფიზიკის კანონები მასზე არ ვრცელდებოდა. ანხელის ტექნიკა, განსაკუთრებით კი საფირმო „რაბონა“ და საოცარი ჩაწოდებები, რონალდუსა და ბენზემასთვის გოლების გატანას საქმეს საგრძნობლად უადვილებდა.
ის არ ყოფილა მხოლოდ შემტევი, რომელიც ბურთს ელოდება; ანხელი მოედნის თითოეულ სანტიმეტრზე იბრძოდა და დაცვაშიც ისეთივე მონდომებით ეხმარებოდა გუნდს, როგორც შეტევაში. მისი ტაქტიკური მრავალფეროვნება განსაკუთრებით კარლო ანჩელოტის ხელში გამოჩნდა, როდესაც მან ფლანგიდან ნახევარდაცვის ცენტრში გადაინაცვლა. სწორედ ამ პოზიციურმა ცვლილებამ მისცა „რეალს“ ის საჭირო ბალანსი, რომლითაც გუნდმა ნანატრი „ლა დესიმა“ მოიპოვა.
დღეს, მის დაბადების დღეზე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც დი მარია მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო . მისი რეიდი „ატლეტიკოს“ დაცვაში, რასაც ბეილის გადამწყვეტი გოლი მოჰყვა, სამუდამოდ დარჩება მადრიდისტების მეხსიერებაში.
ვულოცავთ დი მარიას და წარმატებებს ვუსურვებთ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- დღეს, 14:30
- 38
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



