ლუკა მოდრიჩი - ხორვატი მაესტრო, ბერნაბეუს მაგიური ღამეების შემქმნელი!
მოდით, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ლუკა მოდრიჩზე, რომელიც „რეალიდან“ წასვლის შემდეგ „მილანში“ ვარსკვლავებს წყვეტს და ასაკის მიუხედავად, მსოფლიო დონის ფეხბურთს თამაშობს. ლეგენდამ უკვე მოახერხა და „როსონერის“ ქომაგების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფიგურა გახდა.
მოდრიჩის წასვლა მადრიდის „რეალიდან“ არ არის მხოლოდ ერთი ლეგენდის გაცილება, ეს არის გუნდის „სულის“ და იმ მაგიური ელემენტის დაკარგვა, რომელიც ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი გამარჯვების ფორმულას ქმნიდა. ხორვატი იყო მაესტრო , რომელიც ასაკობრივ ბარიერებსა და ფიზიკურ კანონზომიერებებს ეწინააღმდეგებოდა. მისი წასვლით სამეფო კლუბმა დაკარგა უნიკალური სათამაშო ინტელექტი, რომელიც მოედანს არამხოლოდ ხედავდა, არამედ გრძნობდა. თითოეული მისი შეხება ბურთთან იყო გათვლილი რისკი, რომელიც გუნდს შეტევის ახალ განზომილებას სძენდა.
მიუხედავად ასაკისა, ლუკიტა აჩვენებდა ფენომენალურ ფიზიკურ გამძლეობას, რაც მისი პროფესიონალიზმისა და პერფექციონიზმის შედეგი იყო. ის არ იყო მხოლოდ ტექნიკური მოთამაშე. ლუკა იყო პირველი, ვინც პრესინგზე გადადიოდა და ბოლო, ვინც მოედანს დაღლილი ტოვებდა. მისი უნარი, 90-ე წუთზეც კი გაეკეთებინა გადამწყვეტი სპრინტი, ამტკიცებდა, რომ სათანადო მიდგომით, ბიოლოგიური ასაკი მხოლოდ ციფრებია. ამ ენერგიისა და დაუცხრომელი შემართების გარეშე, „მერენგების“ შუა ხაზმა დაკარგა ის დინამიზმი, რომელიც ხშირად მეტოქეს აფრთხობდა.
მოდრიჩის საოცარი პასი, განსაკუთრებით კი მისი საფირმო „Trivela“ (გარე ტერფით გადაცემა), იყო იარაღი, რომლის ანალოგიც მსოფლიო ფეხბურთში არ არსებობს. მისი ხედვა სცდებოდა სტანდარტულ ტაქტიკურ მონახაზებს. მას შეეძლო ერთი პასით გაეჭრა მეტოქის მთელი დაცვა ისეთი ტრაექტორიით, რომელსაც კომპიუტერული სიმულაციაც კი ვერ გათვლიდა. ეს იყო კრეატივი, რომელიც „ბლანკოსს“ საშუალებას აძლევდა, გაეტეხა ყველაზე მყარი დაცვაც კი, რაც დღევანდელ, უფრო მექანიკურ გუნდს აშკარად აკლია.
კრიტიკულ მომენტებში, როდესაც გუნდი აგებდა ან ზეწოლას განიცდიდა, ბურთი ყოველთვის მოდრიჩთან მიდიოდა. მისი მყარი ფსიქიკა საშუალებას აძლევდა, ყველაზე დაძაბულ წამებშიც კი მიეღო ცივსისხლიანი გადაწყვეტილებები. ის იყო ავტორიტეტი, რომლის ერთი გამოხედვაც კი თანაგუნდელებს თავდაჯერებას მატებდა. ლუკას წასვლით გასახდელმა დაკარგა ის მშვიდი ლიდერი, რომელიც სიტყვებით კი არა, მოედანზე თავგანწირვითა და უშეცდომო თამაშით უძღვოდა კოლექტივს წინ.
ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ხორვატსს საშუალებას აძლევდა, თამაშით „ემანიპულირა“. მან ზუსტად იცოდა, როდის უნდა შეენელებინა ტემპი და როდის აეფეთქებინა შეტევა. ეს ტაქტიკური სიმწიფე „რეალისთვის“ იყო უსაფრთხოების გარანტი. დღევანდელ ნახევარდაცვას, სადაც ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეა, აკლია ზუსტად ის გონებრივი სიმშვიდე, რომელსაც ლუკა თამაშის მართვისას ასხივებდა.
არგუმენტი, რომ ფლორენტინო პერესს მოდრიჩი მინიმუმ კიდევ ერთი წლით უნდა დაეტოვებინა, რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. პირველ რიგში, გუნდში კროოსის წასვლის შემდეგ, ორივე „ტვინის“ ერთდროულად დაკარგვა ტაქტიკური შოკია. ლუკიტას დატოვება იქნებოდა ხიდი ძველ და ახალ ეპოქას შორის, რაც გარდამავალ პერიოდს ბევრად უმტკივნეულოს გახდიდა. მისი გამოცდილება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიებზე ოქროს ფასი იქნებოდა, თუნდაც ის მოედანზე მხოლოდ 30 წუთით შემოსულიყო.
მოდრიჩის როლი ახალი თაობის - ვალვერდეს, ჩუამენის, კამავინგასა და ბელინგემის ჩამოყალიბებაში შეუფასებელია. ის არ იყო მხოლოდ კონკურენტი, ის იყო ცოცხალი სახელმძღვანელო. მისი ყურება ვარჯიშებზე, მისი მიდგომა საქმისადმი და თამაშის კითხვა ახალგაზრდებისთვის საუკეთესო სკოლა იყო. ლეგენდს კიდევ ერთი წლით დარჩენა ნიშნავდა ამ ახალგაზრდებისთვის მეტი გამოცდილების გაზიარებას და უმაღლესი დონის ოსტატებად ჩამოყალიბებას, რადგან ლუკას გვერდით თამაში ნებისმიერი ნახევარმცველისთვის განვითარების დაჩქარებული კურსია.
დღევანდელ ფეხბურთში, რომელიც სულ უფრო მეტად ემსგავსება ათლეტების შეჯიბრს, მოდრიჩი რჩებოდა ესთეტიკის ბოლო ბასტიონად. მისი წასვლით „რეალმა“ დაკარგა ის ელეგანტურობა, რომელიც გუნდს სხვა გრანდებისგან გამოარჩევდა. არ არსებობს სხვა მოთამაშე, რომელიც ასეთივე სიმსუბუქითა და ეფექტურობით აერთიანებს დაცვით ფუნქციებსა და გენიალურ კრეატივს. ის იყო ფეხბურთელი, რომლის გამოც გულშემატკივარი სტადიონზე მიდიოდა, რათა ენახა „საფეხბურთო ბალეტი“ უმაღლეს დონეზე.
პერესის გადაწყვეტილება, არ გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, შესაძლოა ეკონომიკურად გამართლებული ჩანდეს, მაგრამ სპორტული და მენტალური თვალსაზრისით, ეს არის უდიდესი რისკი. მოდრიჩი არ იყო უბრალოდ ფეხბურთელი, ის იყო „რეალის“ წარმატების კოდი, რომლის გაშიფვრასაც მადრიდელები მისი წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს ეცდებიან.
მოდრიჩის ტრანსფერი „მილანში“ ბევრი სკეპტიკოსისთვის კარიერის დასასრულის დასაწყისად აღიქმებოდა, თუმცა ხორვატმა მაესტრომ იტალიურ პუბლიკას საპირისპირო დაუმტკიცა. სერია A-ს ტაქტიკურ და მჭიდრო გარემოში, ლუკას სათამაშო ინტელექტი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, მან „როსონერის“ შუა ხაზს ის სიმშვიდე და კლასი შესძინა, რომელიც გუნდს წლების განმავლობაში აკლდა. 40 წლის ლუკა მოედანზე ისევ ისეთივე სიმსუბუქით გადაადგილდებოდა, როგორც ათი წლის წინ, ხოლო მისი უნარი, ეკონტროლებინა მატჩის რიტმი „ინტერისა“ თუ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ადასტურებდა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთისთვის მთავარი არა სირბილის სისწრაფე, არამედ აზროვნების სისწრაფეა.
„სან სიროზე“ მოდრიჩი არამხოლოდ მოთამაშე, არამედ მოედანზე მყოფი „მწვრთნელი“ გახდა, რომელმაც იტალიურ ფეხბურთს თავისი საფირმო ესთეტიკა დაუბრუნა. მისი ფიზიკური მომზადება კვლავაც საოცარი იყო. ის ახერხებდა ზედიზედ რამდენიმე რთული მატჩის სრულად ჩატარებას, რაც პერესის გადაწყვეტილებას მისი გაშვების შესახებ კიდევ უფრო საკამათოს ხდიდა. მოდრიჩმა მილანში დაამტკიცა, რომ პერფექციონიზმი და საკუთარ სხეულზე ზრუნვა დროსთან ბრძოლაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მან აჩვენა, რომ ლეგენდები არ ბერდებიან, ისინი უბრალოდ იცვლიან ლოკაციას, რათა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენონ საკუთარი გენიალურობა.
- დღეს, 13:25
- 19
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




