ფასდაუდებელი ძალა - ტონი კროოსის წასვლამ რეალობა შეცვალა!
ის, რომ ტონი კროოსის „რეალიდან“ წასვლამ გუნდში ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ყველამ იცის და ყველასთვის ნათელია, მაგრამ ამ სტატიაში მიმოვიხილოთ არაერთი საინტერესო კომპონენტი, რომლითაც უფრო ნათლად და ღრმად დავინახავთ დანაკლისს, რომელიც გერმანელის კარიერის ნაადრევად დასრულებამ გამოიწვია.
კროოსის წასვლა მადრიდის „რეალიდან“ არ იყო უბრალოდ ერთი ეპოქალური ფეხბურთელის კარიერის დასრულება. ეს იყო ფეხბურთის იმ იშვიათი არქიტექტურის დემონტაჟი, რომელზეც სამეფო კლუბის წარმატება ათწლეულის განმავლობაში იდგა. გერმანელმა ნახევარმცველმა მოედანი ისე დატოვა, რომ თავისი სტილისა და გავლენის შემცვლელი არათუ გუნდში, არამედ თანამედროვე ფეხბურთშიც არ დაუტოვებია.
ტონის და ლუკა მოდრიჩის დუეტი ფეხბურთის ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც სრულყოფილი სიმბიოზი, სადაც გერმანული რაციონალიზმი და ხორვატული კრეატივი ერთმანეთს იდეალურად ავსებდა. კროოსი მოედნის „არქიტექტორი“ იყო, რომელიც ღრმა პოზიციიდან, არნახული სიზუსტის პასებით მართავდა თამაშის ტემპს, მაშინ როცა ლუკიტა „მხატვრის“ როლს ასრულებდა - თავისი დრიბლინგითა და მოულოდნელი მანევრებით მეტოქის ხაზებს შორის ქაოსი შეჰქონდა. მათ შორის არსებობდა უხილავი კავშირი, როდესაც ერთი ბურთს ფლობდა, მეორემ ქვეცნობიერად იცოდა, რომელი სივრცე უნდა შეევსო, რაც „მერენგების“ ნახევარდაცვას პრესინგის მიმართ შეუვალ ციხესიმაგრედ აქცევდა.
ამ კოლაბორაციის მთავარი ძალა როლების იმ ბალანსში მდგომარეობდა, რომელიც გუნდს აბსოლუტურ კონტროლს ანიჭებდა. კროოსი იყო სტაბილურობის გარანტი, რომელიც 95%-ზე მეტი სიზუსტით ათამაშებდა ბურთს და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მოდრიჩი კი თავისი დინამიურობითა და კრეატიული პასებით თამაშს ვერტიკალურ სიმწვავეს მატებდა. მათ ერთად შეძლეს ის, რაც ბევრმა დიდებულმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო, მათ დაიმორჩილეს დრო და სივრცე, რამაც სამეფო კლუბს საშუალება მისცა, ჩემპიონთა ლიგის ეპოქალური დომინაცია დაემყარებინა. ეს არ იყო მხოლოდ ორი ვარსკვლავის თამაში, ეს იყო ერთიანი ორგანიზმი, სადაც ინტელექტი ფიზიკურ ძალაზე მაღლა იდგა.
მათი კოლაბორაცია ამტკიცებდა, რომ ფეხბურთში ყველაზე ძლიერი იარაღი არა სირბილთან დაკავშირებუი სისწრაფე, არამედ აზროვნების სისწრაფეა. მათ შექმნეს სტანდარტი, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთში ანალოგი არ ეძებნება. ორი სრულიად განსხვავებული სტილის მაესტრო, რომლებიც ერთმანეთის ეგოს კი არ ეჯახებოდნენ, არამედ ერთმანეთის უნარებს ათასჯერ უფრო ეფექტურს ხდიდნენ. ეს იყო „საფეხბურთო ტვინის“ მწვერვალი, რომლის დანაკლისსაც მადრიდი კიდევ დიდხანს იგრძნობს.
1. უნიკალური სათამაშო იდენტობა
კროოსის წასვლით „რეალმა“ დაკარგა „შემოქმედი“ - ადამიანი, რომელიც განსაზღვრავდა თამაშის ტემპს, რიტმსა და გეომეტრიას. დღევანდელ ფეხბურთში, სადაც აქცენტი ათლეტიზმსა და სისწრაფეზე კეთდება, ტონი რჩებოდა ინტელექტუალურ ოაზისად. მისი არყოფნა გუნდს აიძულებს, გადავიდეს უფრო ქაოტურ, გარბენებზე დაფუძნებულ სტილზე, რაც ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტურობას.
2. პერფექციონიზმი და სიზუსტის სტანდარტი
კროოსისთვის პასის სიზუსტის 95%-იანი მაჩვენებელი ცალკე ოსტატობის გამომჟღავნება იყო. მისი პერფექციონიზმი აიძულებდა თანაგუნდელებს, ყოფილიყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები. როდესაც მოედანზე გყავს მოთამაშე, რომელიც პასს მილიმეტრის სიზუსტით აწვდის, შენ აღარ გაქვს უფლება, არასწორი პოზიცია დაიკავო ან ტემპი დააგდო.
3. მყარი ფსიქიკა კრიტიკულ მომენტებში
„რეალის“ წარმატების საიდუმლო ხშირად მის სიმშვიდეში იმალებოდა. მაშინაც კი, როცა გუნდი ზეწოლის ქვეშ იყო, ტონი ბურთს ისეთი სიმშვიდით ათამაშებდა, თითქოს საკუთარ ეზოში ყოფილიყო. ეს „ყინულოვანი“ ფსიქიკა გადამდები გახლდათ. მისი ერთი პასიც კი საკმარისი იყო გუნდისთვის ნერვების მოსათოკად.
4. საოცარი ხედვა და დიაგონალები
ტონის ჰქონდა უნარი, დაენახა სივრცე იქ, სადაც სხვები მხოლოდ მეტოქის ფეხებს ხედავდნენ. მისი საფირმო დიაგონალური პასები ფლანგებზე არ იყო მხოლოდ ლამაზი სანახაობა, ეს იყო იარაღი, რომელიც წამებში შლიდა მეტოქის კომპაქტურ დაცვას. დღევანდელ „რეალში“ ამ მასშტაბის გრძელი პასის ოსტატი უბრალოდ არ არსებობს.
5. გამოცდილება, როგორც უხილავი ძალა
ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კროოსს საშუალებას აძლევდა, თამაში „წაეკითხა“ რამდენიმე სვლით ადრე. მან ზუსტად იცოდა, როდის უნდა აეჩქარებინა შეტევა და როდის „მოეკლა“ დრო ბურთის შენარჩუნებით. ეს არის ტაქტიკური სიმწიფე, რომელსაც ახალგაზრდა ვარსკვლავები მხოლოდ წლების შემდეგ შეიძენენ.
6. ავტორიტეტი გასახდელსა და მოედანზე
კროოსის ავტორიტეტი არ ეფუძნებოდა ყვირილს. ეს იყო პროფესიონალიზმით მოპოვებული პატივისცემა. როდესაც ის ლაპარაკობდა, ყველა უსმენდა. მისი წასვლით „რეალმა“ დაკარგა მორალური კომპასი, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეებს (ვინისიუსს, ბელინგემს, როდრიგოს, კამავინგას) აჩვენებდა, რას ნიშნავს იყო „მადრიდისტა“ ზედმეტი ემოციების გარეშე.
7. პრესინგის დაძლევის ხელოვნება
თანამედროვე ფეხბურთში პრესინგი მთავარი იარაღია, თუმცა კროოსის წინააღმდეგ ის ხშირად უსარგებლო ხდებოდა. მისი სხეულის მოძრაობა და ბურთთან ერთი შეხება საკმარისი იყო, რომ მეტოქის სამი მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაში დაეტოვებინა. ამ კომპონენტში მასთან მიახლოებული მოთამაშე ევროპაში დღეს არ გვეგულება.
8. შემართება და გამარჯვებულის მენტალიტეტი
მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ტონის შინაგანი შემართება დაუჯერებელი იყო. ის არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით. მისი წასვლა ნიშნავს იმ სტაბილურობის დაკარგვას, რომელიც გუნდს სეზონის განმავლობაში ჩავარდნებისგან იცავდა. კროოსი იყო გარანტი იმისა, რომ საშუალო დონის გუნდებთან „რეალი“ ქულებს არ გაანიავებდა.
9. პარალელები - კროოსი და სხვები
თუ შევადარებთ მას სხვა დიდ მაესტროებს, როგორიცაა ჩავი ან პირლო, დავინახავთ, რომ კროოსი უფრო მეტად აერთიანებდა გერმანულ ეფექტურობასა და ესპანურ ტექნიკას. როდრი „სიტიში“ დიდებულია, მაგრამ მას აკლია კროოსისეული ვერტიკალური საფრთხე. დე ბრუინი უფრო შემტევია, მაგრამ მას არ აქვს ის კონტროლის უნარი, რაც ტონის ახასიათებდა. სხვა ფეხბურთელებზე საუბარი ალბათ შორის წაგვიყვანს. აქ შედარებები ალბათ უფრო გემოვნების ამბავია.
10. რატომ არ არსებობს მისი მსგავსი დღეს?
დღევანდელი საფეხბურთო აკადემიები ზრდიან „ათლეტებს“ - სწრაფ, ძლიერ და მრავალმხრივ მოთამაშეებს. თუმცა, კროოსის სტილი მოითხოვს ნელ, თუმცა რაციონალურ ფიქრს სწრაფ თამაშში, რაც დეფიციტურია. ის იყო საუკეთესო გაგებით კლასიკური „რვიანი“, რომელიც თამაშს გონებით მართავდა და არა ფეხებით.
11. ბალანსი ნახევარდაცვაში
კროოსი იყო წებო, რომელიც აკავშირებდა დაცვასა და შეტევას. მისი წასვლით ჩუამენის, ვალვერდესა და კამავინგას ნახევარდაცვა გახდა უფრო ფიზიკური, მაგრამ ნაკლებად კრეატიული. გუნდს ახლა უჭირს ბურთის ამოტანა დაცვიდან, რადგან აღარავინ არის ისეთი, ვინც ბურთს ნებისმიერ წერტილში უშიშრად მიიღებს.
12. სტანდარტული მდგომარეობების ოსტატი
ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენი გოლი გაიტანა „რეალმა“ კროოსის ჩაწოდებული კუთხურებით თუ ჯარიმებით. მისი „გაზომილი“ პასები საჯარიმოში ნახევარი გოლი იყო. ამ კომპონენტის დაკარგვა პირდაპირ აისახება გუნდის შედეგიანობაზე რთულ მატჩებში.
13. ტაქტიკური დისციპლინა
გერმანელი ოსტატი არასდროს ტოვებდა თავის პოზიციას უმიზეზოდ. მისი დისციპლინა საშუალებას აძლევდა განაპირა მცველებს, თამამად წასულიყვნენ წინ. დღეს „მერენგების“ დაცვა უფრო მოწყვლადია, რადგან ნახევარდაცვაში გაჩნდა სივრცეები, რომლებსაც ტონი თავისი სწორი პოზიციონირებით ავსებდა.
14. დასკვნა - შეუვსებელი დანაკლისი
შეჯამებისას შეიძლება ითქვას, რომ მადრიდის „რეალმა“ დაკარგა არამხოლოდ ფეხბურთელი, არამედ თამაშის ფილოსოფია. კროოსი იყო უკანასკნელი მოჰიკანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფეხბურთი პირველ რიგში ინტელექტუალური თამაშია. მისი სტილის მოთამაშის პოვნა შეუძლებელია, რადგან ასეთი ფეხბურთელები დღესდღეობით მწვანე მინდვრბზე არ სჩანან.
- დღეს, 13:10
- 32
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




