არდა გიულერი - თურქი „მაესტრო“ ტაქტიკურ გზაჯვარედინზე!

არდა გიულერის მადრიდული კარიერა ნამდვილ დრამას ჰგავს ტრავმებით დაწყებული სეზონიდან, ფენომენალურ ეფექტურობამდე სათამაშო წუთებთან მიმართებაში. მისი პროგრესი ყველაზე მეტად მენტალურ სიმტკიცეში აისახა/ მიუხედავად მცირე დროისა, ყოველი მისი გამოსვლა მოედანზე კონცენტრირებული ნიჭის დემონსტრირებაა. თუმცა, გიულერის განვითარება ახლა იმ ეტაპზეა, როდესაც მხოლოდ „ნიჭიერი ბიჭის“ სტატუსი საკმარისი აღარ არის და საჭიროა მისი ზუსტი როლის განსაზღვრა გუნდის შემადგენლობაში.

სტილისტურად, გიულერი არის კლასიკური „ათიანი“, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში სულ უფრო იშვიათი ხდება. ის თავისი მოძრაობებით, ბურთის ფლობის მანერითა და მოულოდნელი პასებით ძალიან ჰგავს მესუთ იოზილს ან ადრეული პერიოდის დავიდ სილვას. მისი მთავარი იარაღი პერიფერიული ხედვა და მარცხენა ფეხია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, თამაშის ბედი ერთი შეხებით გადაწყვიტოს. ის არის „შემოქმედი“, რომელიც მეტოქის საჯარიმოსთან პოულობს იმ სივრცეებს, რომლებსაც სხვა მოთამაშეები ვერც კი ამჩნევენ. ცალკე აღსანიშნავია უძლიერესი დარტყმა, რომლითაც თავი არაერთხელ დაგვამახსოვრა.

თუმცა, აუცილებელია გაივლოს მკაფიო ზღვარი: გიულერი არავითარ შემთხვევაში არ არის ტონი კროოსის ან ლუკა მოდრიჩის ტიპის ნახევარმცველი. მას არ გააჩნია ის ფიზიკური გამძლეობა და ტაქტიკური დისციპლინა, რაც მოედნის ცენტრში თამაშის განსაზღვრასა  და 90 წუთის განმავლობაში რიტმის კონტროლს სჭირდება. თუ კროოსი და მოდრიჩი იყვნენ დირიჟორები და ტემპის მდგენელები და ის ფიგურები,   რომლებიც ბურთს სიღრმიდან ათამაშებდნენ, გიულერი არის „დამგვირგვინებელი“, რომელიც მხოლოდ შეტევის ფინალურ ფაზაშია ეფექტური.

მბაპე არის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ეძებს თავისუფალ სივრცეს მცველების ზურგს უკან, გიულერი კი სწორედ ის მოთამაშეა, ვისაც ამ სივრცეში ბურთის მიწოდება დახუჭული თვალებით შეუძლია. მათი ტაქტიკური თავსებადობა იდეალურია,  ფრანგის სისწრაფე და თურქის პასის კულტურა ქმნის ეფექტს, რომელიც ნებისმიერ დაცვას შეუქმნის პრობლემას . თურქი ტალანტისთვის  მბაპე არის საუკეთესო „ინსტრუმენტი“, რადგან კილიანის მოძრაობები არდას აძლევს საშუალებას, თავისი პასების დიაპაზონი მაქსიმალურად გამოიყენოს და ასისტების რაოდენობა გააორმაგოს.

არდას ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი თვისება მისი ფიზიკური კონდიციები და დაცვითი ფაზის უგულებელყოფაა. თანამედროვე ფეხბურთში, განსაკუთრებით სამეფო კლუბის სისტემაში, ყველა მოთამაშე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს პრესინგსა და ბურთის დაბრუნებაში. არდას ხშირად აკლია აგრესია ორთაბრძოლებისას და პოზიციური დისციპლინა, როდესაც გუნდი ბურთის გარეშეა. ეს ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რის გამოც მწვრთნელი მას რთულ, მაღალი ინტენსივობის მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში არ აყენებს.

გარდა ამისა, არის თვისებები, რომლებიც მას აქვს, მაგრამ სერიოზულ დახვეწას საჭიროებს. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე. ხშირად ის ცდილობს ზედმეტად რთული და ეფექტური გადაცემის გაკეთებას იქ, სადაც მარტივი გათამაშება უფრო მომგებიანი იქნებოდა. მისი სურვილი, ყოველი შეხებით რაღაც ჯადოსნური შექმნას, ზოგჯერ იწვევს ბურთის არასაჭირო დაკარგვას, რაც „რეალის“ დონის გუნდისთვის ცენტრალურ ზონაში დაუშვებელია.

რა დონემდე შეიძლება მივიდეს გიულერი? პოტენციალით ის ოქროს ბურთის პრეტენდენტობის დონის მოთამაშეა, თუმცა მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოერგება ის მრავალმხრივ როლს. თუ ის დარჩება მხოლოდ „სუფთა ათიანად“, მისი გამოყენება ყოველთვის შეზღუდული იქნება კონკრეტული ტაქტიკური სცენარებით. მაგრამ თუ ის შეძლებს ფიზიკურად მოძლიერებას და „მარჯვენა ვინგერის“ ან „თავისუფალი რვიანის“ როლის ათვისებას, მისი გავლენა გუნდზე კოლოსალური გახდება.

იდეალური სამუშაო პოზიცია გიულერისთვის არის მარჯვენა შემტევი 4-3-3 სისტემაში, ან 10-იანი თავდამსხმელების უკან. სწორედ მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწევა აძლევს მას საუკეთესო კუთხეს თავისი გამანადგურებელი მარცხენა ფეხის გამოსაყენებლად. ამ პოზიციაზე მას ნაკლები დაცვითი ტვირთი ექნება და მეტი თავისუფლება შემოქმედებისთვის.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ თურქის ასაკი. მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები მისგან ყოველ მატჩში სასწაულებს ელიან, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ის უფრო გონიერი ხდება:, იკლებს არასაჭირო დრიბლინგების რაოდენობა და იზრდება ჭკვიანური მოქმედებებისა და  გადაცემების წილი. მისი ფიზიკური ტრანსფორმაცია ბოლო ორი სეზონის განმავლობაში აშკარაა, ის აღარ არის ის სუსტი მოზარდი, რომელიც მადრიდში ჩამოვიდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ფიზიკაზე ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. არდა დღეს  მზად არის მეტი დატვირთვისთვის, ვიდრე იყო მზად 1 წლის წინ, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად იდეალური იქნება მწვრთნელი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პოზიციურ ფეხბურთსა და ბურთის ფლობას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არდა გიულერი არის „რეალის“  დახვეწილი მოთამაშე,  რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება მრავალმხრივი პროგრესის ჩვენება. ის არ არის მოედნის ცენტრის მმართველი, ის არის საჯარიმოსთან არსებული ქაოსის მომწესრიგებელი. მისი წარმატება მადრიდში დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ის გახდეს უფრო ათლეტური და დისციპლინირებული, ისე, რომ არ დაკარგოს თავისი მთავარი ხიბლი.


1

12 თებერვალი 2026 16:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 410

ამ ბიჭის ამოჩემებული კრიტიკა რატო აიტაცეს ყველამ, ყველაზე მეტი ასისტის მქონეა, და მხოლოდ ასისტი ხოარაა ვინც არ ღორობს ცდილობს წინ პროგრესული პასებით თავს იჩენს ესაა. 

ჯუდი (არვამბობ არდა უკეთესია) კილიანის მოსვლის მერე აშკარად კიდე გოლებზე და შეტევის დასრულებაზე აკეთებს აქცენტს და მაგიტო ბალანსი ვერვიპოვეთ, ვერ ჩამოყალიბდა მის როლზე, კამავინგა ვაფშე ძაან არეულ და ქაოსურს აწვება ძირითადში მაგის და ჩუამენის ადგილი არუნდაიყოს, მარა საბოლოოდ ჯოხი მაინც არდაზე ტყდება


2

12 თებერვალი 2026 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 271

ერთი რამ რაც ჭირს ყველა დიდ გუნდთან იკარგება მისი ტალანტი არვიცი დაბნეულობის ბრალია თუ ფიზიკის ფაქტია რომ ისეთი ეფექტური ვერ არის როგორიც გვინდა რომ იყოს მეორე არდა და ჯუდი ისეთი ეფექტური ვერ არის ორივეს როლი იკარგება და ეს კარგად ჩანს მოედანზე


3

12 თებერვალი 2026 23:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 410
12 თებერვალი 2026 22:14, mate71 says:

ერთი რამ რაც ჭირს ყველა დიდ გუნდთან იკარგება მისი ტალანტი არვიცი დაბნეულობის ბრალია თუ ფიზიკის ფაქტია რომ ისეთი ეფექტური ვერ არის როგორიც გვინდა რომ იყოს მეორე არდა და ჯუდი ისეთი ეფექტური ვერ არის ორივეს როლი იკარგება და ეს კარგად ჩანს მოედანზე

პაზის შემთხვევაშიც იგივე იქნება თუ ჯუდმა უკან 8-ანის პოზიციაზე არ ტრანსფორმირდა, ნიკო პაზი უფრო სუფთა 10-იანია ვიდრე ჯუდი, რადგან ჯუდს ბურთის ართმევა და ორთაბრძოლებში გამარჯვება უკეთ გამოსდია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2026 (42)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)
ოქტომბერი 2025 (263)