მაკელელე:„კამავინგა „რეალის“ ლეგენდა უნდა გახდეს“
კლოდ მაკელელემ ედუარდო კამავინგა შეაქო და მის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„როდესაც ედუარდო კამავინგას ვუყურებ, ვხედავ მოთამაშეს, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რათა ჩემი თაობისა და მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდეს. მართალია, ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ უკვე დაგროვებული აქვს წარმოუდგენელი გამოცდილება. ის რენში 16 წლის ასაკიდან თამაშობდა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა „რეალთან“ ერთად და საფრანგეთის ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.“
„ასეთ ახალგაზრდა ასაკში, მსგავსი ტიპის ფეხბურთის ჩვენება მენტალურ სიმწიფესა და უზარმაზარ წნეხთან გამკლავების უნარს მოწმობს. ის აღარ არის უბრალო ტალანტი; ის არის მოთამაშე, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება უმაღლეს დონეზე.“
„ედუს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თვისებაა მისი ფიზიკური ძალა და სისწრაფე, რაც მას მოედნის ცენტრში უნიკალურს ხდის. კამავინგა არ არის მხოლოდ დაცვითი ნახევარმცველი, მას აქვს დინამიურობა და ბურთის სწრაფად გადატანის უნარი, რაც თანამედროვე ფეხბურთს სჭირდება. მას შეუძლია მოწინააღმდეგის პრესინგი მარტივად გაარღვიოს, იდეალურად დახუროს სივრცეები და სწრაფად დაიწყოს კონტრშეტევა.“
„სწორედ ფეთქებადი სისწრაფე საშუალებას აძლევდა, რომ ნახევარდაცვის გარდა, წარმატებით ეთამაშა ფლანგის მცველის პოზიციაზეც, რაც მის ფუნქციურ მრავალფეროვნებასა და მაღალ საფეხბურთო ინტელექტზე მეტყველებს.“
„მისი პოტენციალი როგორც მადრიდის „რეალში“, ასევე საფრანგეთის ნაკრებში, უსაზღვროა. „მერენგებში“ ის უკვე არის ძირითადი ბირთვის ნაწილი, რომელიც გუნდს წარუძღვება პოსტ-მოდრიჩისა და კროოსის ეპოქაში. მისი უნარი, ითამაშოს როგორც ნახევარდაცვის საყრდენად,. ასევე Box-to-Box მოთამაშედ, მას გუნდის ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფასდაუდებელ აქტივად აქცევს. “
„რაც შეეხება საფრანგეთს, კამავინგა არის ის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ნაკრების დაცვითი ბალანსი უზრუნველყოს და ასევე დაამატოს კრეატიულობა ნახევარდაცვის შეტევაზე გადასვლისას.“
„თუ კამა შრომას გააგრძელებს და თავმდაბლობას შეინარჩუნებს, აუცილებლად ჩაეწერება ისტორიაში, როგორც ლეგენდა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ მოუმატოს და შეუცვლელი ფეხბურთელის სტატუსი მიიღოს.“
- დღეს, 13:32
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




