ალონსო:„ამ ფეხბურთელისგან მეტს ველი“
ჩაბი ალონსომ „კაირათთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, როგორც რთული, ასევე მარტივი მეტოქის დამარცხება 3 ქულას ფასობს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჩვენ აქ უდავო ფავორიტის სტატუსით ჩამოვედით. პატივს ვცემთ მეტოქეს და ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ. გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.“
„გასული 24 საათი არც ისე მარტივი იყო. ბევრი ვიფიქრე და „ატლეტიკოსთან“ მარცხი გავაანალიზე. მქონდა საუბარი ფეხბურთელებთანაც, მაგრამ ამ ეტაპისთვის ლა ლიგაზე ფიქრის დრო არ არის. ახლა ჩემპიონთა ლიგის დრო დადგა.“
„ბოლო მატჩში ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მსურდა, მაგრამ ეს იყო კარგი გაკვეთილი.“
„მიყვარს მატჩების გაანალიზება. მერწმუნეთ, მადრიდული დერბის წაგებამ პირადად მე ბევრი მასწავლა, ფეხბურთელებს დეტალურად ავუხსენი სად გვქონდა პრობლემები.“
„როდესაც გუნდში არდა გიულერი, ვინისიუსი, ბელინგემი და სხვები გვყავს, აუცილებლად უნდა იყო ოპტიმისტი. ჩვენ კარგად დაკომპლექტებული, ახალგაზრდებით სავსე გუნდი ვართ.“
„კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა უსაფუძვლო აზრებს დიდხანს არ ვუსმენ. მე ვცდილობ, ვიპოვო გამოსავალი მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება გუნდს.“
„ლა ლიგის ლიდერობის დაკარგვა დროებითია, ჩვენ დავუბრუნდებით პირველ ადგილს.“
„ნახევარმცველები? როგორც გითხარით, ბევრი რამ გავაანალიზე. შუახაზელებთან მქონდა გარკვეული მითითებები. ვეცდებით, მომდევნო მატჩებში უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ.“
„ბელინგემის დაბრუნება? ამ ფეხბურთელისგან მეტს ველი. ის ახლა დაბრუნდა და რა თქმა უნდა საუკეთესო დონეზე არ არის. ჯუდი გოლების გატანასაც დაიწყებს.“
„კალენდარი საკმაოდ ინტენსიური იქნება. ოქტომბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ურთულესი შეხვედრები გველის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.“
„დაცვითი კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ყოველთვის ვმუშაობ.“
„ვეცდები, მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გავიყვანო. დიახ, ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ კონკრეტული მატჩისთვის ყველაზე კარგად არიან მზად.“
„„კაირათის“ რამდენიმე შეხვედრა ვნახე, მათ შორის „სპორტინგთან“ და „სელტიკთან“. ეს გუნდი საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად გადადის კონტრ-შეტევაზე და კარგად იყენებს ფეხბურთელების ფიზიკურ მზაობას.“
„ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია მარჯვენა მცველთან დაკავშირებით. მოდით, ხვალ ვნახოთ.“
- 29 სექტემბერი 2025
- 2 587
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



