ალონსო:„5 გოლის გაშვება ჩემს ეპოქაში აღარ უნდა მოხდეს“
ჩაბი ალონსომ „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მეორე ტაიმში ყველა სადავე გაგვექცა ხელიდან, რაც „ატლეტიკომ“ იგრძნო და არაერთი გოლი გაიტანა.“
„ჩვენ ახლა ბევრი ფიქრის დრო არ გვაქვს. გუნდმა უნდა გააანალიზოს დაშვებული შეცდომები და მომავალში იგივე აღარ გაიმეოროს.“
„სანამ „რეალის“ მწვრთნელი ვიქნები, 5 გოლი არავინ აღარ უნდა გაგვიტანოს, ეს კატასტროფული მაჩვენებელია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 5 გოლის გაშვება აღარ უნდა მოხდეს.“
„ბელინგემი ფუნდამენტური მოთამაშეა, ინგლისელზე დიდ იმედებს ვამყარებ, ის მხოლოდ იმის გამო შევცვალე, რომ 90 წუთი სათამაშოდ მზად არ იყო.“
„მსურს, ქომაგებს ბოდიში მოვუხადო, რადგან ვიცი, რომ მათ იმედები გავუცრუეთ.“
„ეს არ იყო დონე, რომელიც „რეალს“ ეკადრება. პირველ ტაიმში გაშვებული გოლის შემდეგ გონს მალევე მოვეგეთ და წინ გავედით, მაგრამ მეორე ნახევარში დავკარგეთ იდენტობა, ტემპი, აგრესია და შემართება.“
„ეს სეზონის პირველი მარცხია, რაც რა თქმა უნდა, დიდ ტკივილს გვაყენებს, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. სანაკრებო შესვენებამდე მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება მოგვიწევს, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვხვდებით, რომ ეს სამარცხვინო მატჩი იყო. მოურინიოს წაგება „ბარსელონასთან“? ვფიქრობ, პარალელის გავლება სისულელეა. არ მესმის, რატომ იხსენებთ ამდენი წლის წინ გამართულ შეხვედრას, სადაც მეტოქეც სხვა იყო და გარემოებებიც.“
„იდეებს არასდროს ვუღალატებ, ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ. მარცხი ხანდახან მეტ რამეს გასწავლის.“
„აკლდა თუ არა ბალანსი გუნდს? დიახ, ნამდვილად აკლდა და ამ მიმართულებით კვლავ სამუშაოა.“
„ედერ მილიტაოს ტრავმაზე ახლა ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამედიცინო შტაბი კვლევების შედეგებს გაეცნობა. ვიმედოვნებ, სერიოზულ დაზიანებასთან საქმე არ გვექნება, რადგან ჩვენ ისედაც გვაკლია ფერლან მენდი, ტრენტი და ანტონიო რუდიგერი.“
„ლა ლიგის მოსაგებად სტაბილური გამარჯვებებია საჭირო, ეს არაერთხელ მითქვამს. ამ მარცხმა პრობლემა შექმნა, მაგრამ თუ მომდევნო მატჩებში კვლავ 100%-იანი შედეგები გვექნება, ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ეფექტურად ვივლით.“
- 27 სექტემბერი 2025
- 7 509
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.