ჩაბი ალონსო:„„რეალში“ ახალი ვარსკვლავი დაიბადა“
ჩაბი ალონსომ „იუვენტუსთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება შევძელით და ტურნირის 1/4 ფინალის საგზური მოვიპოვეთ. ეს საკმაოდ რთული შეხვედრა იყო, თუმცა დაახლოებით მე-15 წუთიდან გონს მოვეგეთ და გააზრებული ფეხბურთის ჩვენება დავიწყეთ, რამაც გაზარდა წნეხი. მივიჩნევ, რომ მადრიდის „რეალს“ მომატება კიდევ შეუძლია, გუნდი იზრდება და ითავისებს იდეებს, რომელიც მე მაქვს.“
„ტურინული გრანდი დაცვაში განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა და მწვავე შეტევებს ანხორციელებდა. მივიჩნევ, რომ რთული ბარიერის დაძლევა შევძელით.“
„კარლო ანჩელოტისგან ბევრი რჩევა მივიღე. იტალიელი სპეციალისტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ბალანსზე და ეს საკვირველი არ არის. 4 წლის განმავლობაში ანჩელოტიმ ბევრი საქმე გააკეთა, ახლა კი ახალი ეპოქის დროა.“
„ტაქტიკურმა ცვლილებებმა დღეს გაამართლა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დაცვის ხაზის მობილურობა. ჩვენ თამაშის განმავლობაში გამოვიყენეთ, როგორც 3-5-2, ასევე 4-4-2 და 4-3-3 სისტემა.“
„ყველაფერს ველოდი, მაგრამ გონსალო გარსიასგან ამდენ გოლს და ამხელა მარგი ქმედების კოეფიციენტს არა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „რეალში“ ახალი ვარსკვლავი დაიბადა, ის ძალიან თავდაჯერებულია და მიხარია, რომ ასეთი შედეგები აქვს.“
„ტრენტ ალექსანდერ არნოლდისთვის ნებისმიერი მიდგომა გასაგებია, ის ყველა სისტემაში ეფექტურია და როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში ეფექტურად გამოდის. ინგლისელის სახით ძალიან დიდი ფიგურა დავიმატეთ და ამას მომავალ სეზონშიც ვნახავთ.“
„„ბორუსია“ საკმაოდ კარგი გუნდია და მივიჩნევ, რომ ამ კოლექტივთან შეხვედრა საინტერესო იქნება. ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, სადაც მარტივი მეტოქე არ არსებობს.“
„გონსალო შანსს კვლავ მიიღებს, ესპანელი ფეხბურთელი საოცარ დინამიკას აჩვენებს და რატომ არ უნდა მიიღოს წუთები? მაქსიმალურად ვეცდები, კანტერანოს შანსი კვლავ მივცე. მე ვაფასებ შემართებას, რომელიც მას ვარჯიშებზე აქვს.“
„ვფიქრობდი, რომ „იუვენტუსი“ უფრო მეტ პრესინგს განახორციელებდა, მაგრამ იგორ ტუდორმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩია.“
„ვინისიუსი ეფექტური იყო, როგორც საჯარიმო მოედანში, ასევე ფლანგიდან შეტევების დროს. ბრაზილიელის ტემპი გუნდს მეტ დინამიკას აძლევს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების დიდ ჩართულობას მოითხოვს. ვინი კომპლექსური მოთამაშეა, მისი მოძრაობები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მივიჩნევ, რომ ტურინელთა წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა.“
„ჩვენ მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამისთვის კი დიდი ძალისხმევაა საჭირო. ბიჭებმა იციან, რომ პრე-სეზონზეც დიდი დატვირთვა გველის. თუ ახალ სეზონში მეტი ნაყოფიერება გვსურს, ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ.“
„ზოგადი კონკურენცია დიდია, გუნდები ვითარდებიან და ეს ჩვენზეც უნდა გავრცელდეს.“
„ფედე ვალვერდე ჩემს ცხოვრებას ამარტივებს, ის უალტერნატივო ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. ურუგვაელი როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ შესანიშნავია.“
„ჩვენ გვაქვს, როგორც ინდივიდიალური, ასევე კოლექტიური განვითარების პერსპექტივა.“
„მარჯვენა ფლანგზე დანიელ კარვახალისა და ტრენტის ყოლა დიდი ფუფუნებაა. ვეცდები ორივე მაქსიმალურად გამოვიყენო და გუნდის ინტერესებს მოვარგო.“
„მბაპემ სათამაშო დრო მიიღო, წინ კიდევ 3 დღეა იმისთვის, რომ ის უკეთესო ფორმაში შევიდეს. ფრანგისგან ძალიან ბევრს ველი და მიმაჩნია, რომ გუნდის დინამიკაში მალე ჩაჯდება.“
„თუ წააგებ სახლში მიდიხარ, ამიტომ ექსპერიმენტებისთვის ცოტა დრო გაქვს. ეს გამოწვევაა, რომელსაც უნდა უპასუხო, თუ კარგი მწვრთნელი ხარ. მე კი ვეცდები, რომ საუკეთესო შედეგები ვაჩვენო.“
„არდა გიულერს ვენდობი, მას შეუძლია ბურთის ფლობა, ფეხბურთელის მოტყუება და ასე შემდეგ. თურქს დიდი მომავალი აქვს, მომწონს მისი საფეხბურთო ინტელექტი, თანაც უკვე 2 წელია „მერენგების“ რიგებში ირიცხება და ადაპტაციის პერიოდმაც გაიარა.“
„დაცვითი კომპონენტი ყოველთვის გასაუმჯობესებელია და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როდესაც გუნდი ცდილობს პრესინგის თამაშს, დაცვაში ორმაგი ყურადღება მართებს.“
- გუშინ, 10:30
- 3 859
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.