ტრენტი:„„ლივერპულს“ მხოლოდ „რეალის“ გამო დავტოვებდი“
ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.
„ეს არის დიდი ისტორიის კლუბი, რომელმაც არაერთხელ გამაოცა. საოცარი იყო ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება, შემდეგ კვლავ 2 ფინალი. ფაქტია, რომ მადრიდული გრანდი ყოველთვის ყველგან უკონკურენტო იყო.“
„„ლივერპულის“ ფეხბურთელის რანგში სამეფო კლუბს არაერთხელ დავუპირისპირდი და ღიად უნდა ვთქვა, რომ „რეალზე“ ძლიერი მეტოქე არ არსებობდა.“
„ჩაბი ალონსოსთან მცირეხნიანი საუბარი მქონდა. ესპანელმა მითხრა, რომ მომიწევს ბევრი მუშაობა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამისთვის მზად ვარ. მე ფლანგზე ვთამაშობ და მიზიდავს შეტევებში ჩართვაც.“
„დანიელ კარვახალი „რეალის“ ლეგენდაა, მას ფანტასტიკური სეზონები ჰქონდა. ეს არ არის მხოლოდ შრომის შედეგი, მისი ხარისხი ნიჭის შედეგია. მიხარია, რომ ერთმანეთს გამოცდილებას გავუზიარებთ.“
„ჯუდ ბელინგემი ჩემი მეგობარია, ჩვენ გვქონდა საუბრები „რეალის“ შესახებ და ეს სრულიად ნორმალურია.“
„ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბელინგემმა ჩემს გამადრიდელებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, მაგრამ მერწმუნეთ, მთავარი კლუბის ხელმძღვანელობის აქტიურობა იყო. მათ დამარწმუნეს, რომ მადრიდში უნდა მეთამაშა.“
„ჩემი ესპანური? რამდენიმე თვეა ვეუფლები ამ ენას და მივიჩნევ, რომ საკმაოდ კარგი პროგრესი მაქვს.“
„ოქროს ბურთი? ამ ჯილდოს მოგება ალბათ ყველაზე რთულია, თუმცა როდესაც „რეალში“ თამაშობ, არაფერია გამორიცხული. მე ყველა ჯილდოსთვის ვიბრძოლებ და ჯანსაღი ამბიციები მექნება. ცხოვრებაში ახალ ეტაპს ვიწყებ და ჩემი მოტივაცია უდიდესია.“
„თუ „ლივერპულს“ დავტოვებდი, მხოლოდ „რეალში“ ვითამაშებდი, რადგან მხოლოდ ბერნაბეუ იყო ოცნება.“
„სხვა კლუბების შემოთავაზებები არასდროს დაქვემდებარებულა განხილვას, რადგან მხოლოდ „ბლანკოსი“ მსურდა.“
„„ენფილდის“ დატოვება მარტივი არ იყო, რადგან მთელი კარიერა „ლივერპულს“ მივუძღვენი. დიდ პატივს ვცემ პუბლიკას, რომელიც სტადიონზე იკრიბება, „ლივერპული“ ისტორიული და ტრადიციული გუნდია.“
„„ლივერპულმა“ ბევრი მომცა, ამ კლუბის მადლიერი ყოველთვის ვიქნები.“
„„ბარსელონას“ შემოთავაზება? ეს წლების წინ იყო, მაგრამ კატალონია არ მხიბლავს, მაშინ ინგლისში დარჩენა მსურდა, ახლა კი „ბარსელონა“ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე იქნება.“
„ვფიქრობ, მაისურზე მხოლოდ ტრენტი უნდა მეწეროს და ეს გასაგები იქნება.“
„აქ უთამაშია დევიდ ბექჰემს და სხვა ლეგენდარულ ინგლისელებს. აქ სწორედ პრემიერლიგიდან გადმოვიდა კრიშტიანოც და საოცარი ეპოქა შექმნა. მჯერა, რომ მეც წარმატებული ფეხბურთელების სიაში ვიქნები.“
„ჰოისენთან მცირეხნიანი საუბარი მქონდა, ორივე ინგლიდან მოვდივართ და ახალ გარემოსთან ადაპტაცია გვიწევს.“
- 12 ივნისი 2025
- 1 265
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.