კურტუა:„ასეთი თამაშით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელი იყო“
ტიბო კურტუამ „მეთოფეებთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„როდესაც ჩვენს კარში პენალტი დანიშნეს და მოგერიება შევძელი, ჩვენი მუხტი კიდევ უფრო გაიზარდა და შეტევებს ვახორციელებდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. გვაკლდა სიმწვავე და კრეატივი, ამის გარეშე კი შედეგის მიღწევა „არსენალის“ ტიპის მწყობრი გუნდის წინააღმდეგ წარმოუდგენელი იყო. ჩვენ პირველ ტაიმში აუცილებლად უნდა აგვეღო მეტოქის კარი.“
„არტეტას გუნდის პირველი გოლის შემდეგ წონასწორობა მალევე აღვადგინეთ, რამაც კვლავ გაგვიჩინა რწმენა და იმედი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავედით ფონს. გვაკლდა ის მთავარი კომპონენტები, რაც უხვად გვქონდა სხვა შეხვედრებში, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.“
„ჩვენ აღარ გვყავს ხოსელუ, რომელსაც ბრწყინვალედ შეეძლო თავით თამაში და ხშირად ამ კომპონენტის წყალობით ფონს გავსულვართ. „არსენალის“ სტილის გუნდის წინააღმდეგ სივრცეების პოვნა რთულია. ეს გუნდი ყოველთვის მაქსიმალურად ბევრს მოძრაობს და ასევე დიდ უპირატესობას ანიჭებს პრესინგს. ფაქტია, რომ არტეტას გუნდმა 1/2 ფინალში გასვლა დაიმსახურა.“
„გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. გუნდი გრძნობდა სიყვარულს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, ლა ლიგასა და სამეფო თასზე ბოლომდე დავიხარჯოთ და ფანები ამდენი წყენის შემდეგ გავახაროთ.“
„ანჩელოტიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „რეალს“ ამ საღამოს საოცარი თამაში ეჩვენებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.“
„თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. წინ სამეფო თასის და ლა ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის, სწორედ ამიტომ, მობილიზება გვმართებს.“
- 17 აპრილი 2025
- 931
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.