SRM - შეუცვლელი და შეუდარებელი...
მოდით, ერთად გავეცნოთ მას!
სრული სახელი: სერხიო რამოს გარსია
დაბადების თარიღი: 1986 წლის 30 მარტი
დაბადების ადგილი: კამასი (ანდალუსია), ესპანეთი
ეროვნება: ე ს პ ა ნ ე ლ ი
სიმაღლე: 183.2სმ.
წონა: 81 კგ.
პოზიცია: მცველი
მშობლები: მამა–ხოსე მარია, დედა– პაკი
და–ძმა: მირიანი და რენე
სერხიო რამოსი დაიბადა კამასში, სევილია, 1986 წლის 30 მარტს ხოსე მარიასა და პაკის ოჯახში. საფეხბურთო კარიერა რამოსმა ადგილობრივ FC Camas–ში დაიწყო.
ეს იყო მისი უფროსი ძმა, რენე (დღეს უკვე მისი აგენტი), ვინც პატარა სერხიოს უბიძგა ფეხბურთის თამაშისაკენ.
მომავალი ვარსკვლავის ნიჭი შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩენილა, სევილიის მესვეურთ მალევე გამოიჩინეს დიდი ინტერესი მის მიმართ და რამოსი ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა, 2003 წელს კი უკვე პირველ გუნდში მოხვდა. მისი დებიუტი შედგა 2004 წლის თებერვალში დეპორტივოს წინააღმდეგ გასვლით მატჩში (წაგება 0:1), სექტემბერში კი სადებიუტო გოლიც გაიტანა.
მალევე მონდომებულმა ფეხბურთელმა სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე. სევილიაში რამოსი ხესუს ნავასისა და ანტონიო პუერტას გვერდით თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ სევილიას რიგებში რამოსმა თავის დროზე გოლი გაუტანა რეალს.
2004 წელმა პირველი სერიოზული წარმატება მოუპოვა რამოსს, როდესაც ის ესპანეთის 19–წლამდელთა ნაკრების წევრის რანგში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ამასობაში, ევროპის ბევრმა კლუბმია მიაქცია ყურადღება ამ ნიჭიერ და პროგრესირებად ფეხბურთელს, მათ შორის იყო რეალი.
ლა ლიგაში თამაშის ორწლიანი გამოცდილების შემდეგ, 2005 წელს, შედგა რამოსის 27 მილიონ ევროდ ღირებული ტრანსფერი რეალში, რის შედეგადაც სერხიო გახდა ასოციაციის ისტორიაში მე–6 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, ასევე თინეიჯერი, რომლის ტრანსფერში ყველაძე მეტი თანხა დაიხარჯა, რუნის შემდეგ.
რამოსი სწრაფად შეეგუა ახალ გუნდს და 2005 წლის 9 სექტემბერს შედგა მისი მადრიდული დებიუტი ვიგო სელტას წინააღმდეგ მატჩში. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა უნარი, ეთამაშა არა მხოლოდ მარჯვენა მცველის ადგილას, არამედ ნებისმიერ პოზიციაზე დაცვაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ რამოსი იყო ფლორენტინო პერესის პირველი ვადის პერიოდში რეალის ერთადერთი ესპანური ეროვნების შენაძენი.
უკვე 21 წლის ასაკში რამოსი ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედე იქცა რეალისათვის, მისმა თავდადებამ, სპორტულმა ჟინმა, ბრძოლისუნარიანობამ და, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმმა, ის რეალის ერთ–ერთ შეუცვლელ სახედ აქცია. 2006/2007 სეზონზე მან პარტნიორობა გაუწია რაულს ბერნაბეუზე ბარსელონას წინააღმდეგ მე–2 წუთზე გოლის გატანაში. 2007 წლის 10 მარტს კამპ ნოუზე რამოსმა პირველი გოლი გაიტანა ელ კლასიკოზე, რომელიც ფრედ 3:3 დასრულდა.
2008 წლის 4 მაისს რამოსი დაეხმარა იგუაინს 89–ე წუთზე ოსასუნას კარის დალაშქვრაში, სწორედ ამ 2:1 ანგარიშით გასვლაზე მოგებულმა მატჩმა მოუპოვა რეალს ლა ლიგის 31–ე ტიტული. იმავე სეზონის ბოლო მატჩში სერხიომ 2 გოლი გაუტანა ლევანტეს.
მომდევნო სეზონის დასაწყისში, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, ვალენსიას წინააღმდეგ, რამოსის მიერ გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამის შემდეგ იგი ფორმიდან ამოვარდა, თუმცა მალევე აღიდგინა კონდიციები და 2009 წლის 11 იანვარს შესანიშნავი გოლი გაიტანა მალიორკას წინაარმდეგ გასვლით მატჩში, რომელის ბლანკოსმა 3:0 მოიგო. მომდევნო კვირას რამოსნა კვლავ გაუტანა ბერნაბეუზე ოსასუნას (3:1).
2009/2010 სეზონის სტარტზე რამოსი რეალის 4 კაპიტანს შორის დასახელდა. მან განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო კაპიტანთა შორის ყოფნა და იმედოვნებდა, რომ რამდენიმე ხანში სამკლავურსაც მოირგებდა.
2010 წლის 21 თებერვალს მან მე–200–ე მატჩი ჩაატარა თეთრების რიგებში, ეს ასევე იყო მისი 150–ე მადრიდული თამაში ლა ლიგაზე, რომელშიც ბლანკოსმა ვილარეალის წინააღმდეგ 6:2 იმარჯვა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, რამოსის დებიუტი შედგა 2005 წლის 26 მარტს ჩინეთის წინააღმდეგ მატჩში და ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს 18 წლის ასაკში მოახერხა 1941 წელს მეკარე ხუან აკუნას შემდეგ. მოგვიანებით ეს რეკორდი დაამხო ცესკ ფაბრეგასმა. დღეს უკვე რამოსი ნაკრებშიც უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს, შეიტანა რა დიდი წვლილი ესპანეთის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონად გახდომის პროცესში.
რამოსი ძირითადად გვევლინება ცენტრალური ან მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა შესანიშნავად შეუძლია თამაში მოედნის ცენტრში, ფლანგებზე, შეტევაში, სადაც განსაკუთრებით გამოირჩევა თავური დარტყმებით, 2006/2007 წლების სეზონზე მან 4 გოლის გატანა სწორედ ამგვარად შესძლო. მთლიანობაში, თავისი პირველი 4 მადრიდული სეზონის განმავლობაში მან 20–ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა ბლანკოსის რიგებში, რაც მცველისათვის ნამდვილად უნიკალური შედეგია. ეს ყველაფერი შეიძლება იმითაც ავხსნათ, რომ, როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, წლების წინ ის თავდამსხმელად თამაშობდა.
სერხიო უნივერსალური ფეხბურთელი გახლავთ. მას ახასიათებს ძლიერი დარტყმები, აკეთებს შესანიშნავ ჯვარედინ და შორეულ გადაცემებს, არის ძალიან სწრაფი, აქვს გოლის გატანის ალღო. ის ნამდვილი ლიდერია.
სერხიო რეალში ასპარეზობს საპატიო 4 ნომრიანი მაისურით, რომელიც თავის დროზე რეალის ლეგენდას– ფერნანდო იეროს ეკუთნოდა.
სერხიოსთვის ოჯახი და მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანია, იგი არასოდეს უშვებს შანსს ჩავიდეს სევილიაში და მოინახულოს ისინი. რამოსს ჰყავს ძაღლი, სახელად ოდი, რომელიც ძალიან უყვარს. სერხიო, რენე და ოდი ერთად გამოჩნდნენ ცხოველთა სატელევიზიო შოუში PELOPICOPATA, როდესაც ძმებმა რამოსებმა წაიყვანეს ძაღლი ვეტერინართან, რათა თათზე გადაეღოთ ექოსკოპია. :)
სერხიო წლებია ატარებს გრძელ თმას და აცხადებს, რომ არასოდეს აპირებს შეიჭრას ის.
რამოსი ასევე გამოირჩევა ტატუების სიმრავლით. მაგალითად, მარცხენა მკლავის შიდა მხარეს მან წაიწერა საკუთარი მშობლების ინიციალები და საკუთარი იღბლიანი ციფრი– 7. მას ასევე აქვს ტატუები იმ თარიღების აღნიშვნით, რომლებშიც ტერორისტებმა განახორციელეს თავდასხმა ნიუ იორკსა და მადრიდზე. გარდა ამისა, 4 ტატუ მის სხეულზე ეძღვნება სერხიოს მშობლებისა და და–ძმის დაბადების დღეებს.
თანაგუნდელები რამოსს pajero–სა () და Gitano–ს უწოდებენ ფლამენკოსადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის გამო. რამოსი ძალიან მოდური ადამიანია, ესპანეთში მას ძალიან დიდი გავლენა აქვს მოდის ტენდენციის შექმნაზე.
სერხიო გატაცებულია კორიდით და აცხადებს, რომ თუ ფეხბურთელი არ გახდებოდა, მისი ოცნება იყო სწორედ მატადორი გამოსულიყო. მას ასევე უყვარს ჩოგბურთისა და გოლფის თამაში.
პირადად ჩემთვის, ძალიან შთამბეჭდავი იყო სერხიოს საქციელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებული ფინალების შემდეგ, როდესაც მან ამ დიდებულ მომენტშიც არ დაივიწყა 22 წლის ასაკში გარდაცვლილი მეგობარი, ყოფილი თანაგუნდელი ანტონიო პუერტა და ჩაიცვა მაისური მისი ფოტოთი და ქვეშ დევიზით “Siempre con Nosotros” (ყოველთვის ჩვენთან).
რეალ მადრიდი
ლა ლიგა: 2006/2007, 2007/2008
ესპანეთის სუპერთასი: 2008
ესპანეთი
მსოფლიო ჩემპიონატი: 2010
ევროპის ჩემპიონატი: 2008
ევროპის 19–წლამდელთა ჩემპიონატი: 2004
ინდივიდუალური
უეფას საუკეთესო ახალწვეული მოთამაშე 2004/2005
უეფას წლის საუკეთესო მცველი: 2005/2006
Don Balón–ის ჯილდო წლის საუკეთესო შემტევი: 2005
უეფას წლის ნაკრები: 2008
FIFA.com წლის ნაკრები: 2008
Castrol Index: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე
ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავთა ნაკრები: 2010
და სხვა.
P.S. დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ამიტომ მინდოდა, სტატიაც რაიმე განსაკუთრებულისადმი მიმეძღვნა. რამოსი კი ნამდვილად ასეთი გახლავთ ჩემთვის და უამრავი მადრიდისტასათვის.
- 22 სექტემბერი 2010
- 2 801
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.