ანჩელოტი:„სეზონის საუკეთესო თამაში ჩავატარეთ“
კარლო ანჩელოტიმ მანჩესტერ „სიტის“ ელეგანტურად დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ეს იყო სრულყოფილი თამაში, რომელმაც უდიდესი კმაყოფილება დამიტოვა. როგორც დაცვში, ასევე ნახევარდაცვასა და შეტევაში იდეალური ფეხბურთი ვითამაშეთ. ვიპოვეთ ბალანსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, „რეალის“ ყველა ფეხბურთელმა უმაღლესი კლასი აჩვენა, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშის დროს.“
„შესაძლოა, ეს მატჩი სეზონის საუკეთესო დაპირისპირებაც იყო, რადგან შეცდომა არ დაგვიშვია და ყველა ფეხბურთელი ზედმიწევნით ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს.“
„გვარდიოლას გუნდს ჰალანდი ძალიან დააკლდა, ჩვენ კი სწრაფმა გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. საოცარი თამაში ჩავატარეთ, დარწმუნებული ვარ, ქომაგები ბედნიერები არიან.“
„ბურთის გარეშე მუშაობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ საკითხზე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ. ტაქტიკური განსწავლულობისთვის ყოველთვის არის დრო საჭირო. მაშინ, როდესაც 3 დღეში ერთხელ მოედანზე გასვლა გვიწევს, ამოცანების შესრულება რთულდება.“
„1/8 ფინალში ვართ, რაც დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, მაგრამ ამისთვის 10 თამაში ჩავატარეთ, ეს კი ძალიან ბევრია.“
„ამ დინამიკით, ამ ხაზით, ამ სისტემით და ამ ბალანსით თამაში ნებისმიერ გუნდთან მოგვიტანს წარმატებას. ჯუდ ბელინგემი და როდრიგო დაცვას ძალიან ეხმარებოდნენ.“
„მბაპეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „რეალის“ კრიშტიანო რონალდუ გახდეს, თუმცა ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, ვინაიდან პორტუგალიელმა საოცრებები ჩაიდინა, მის ანგარიშზე 450-ზე მეტი გოლია.“
„დანი სებალიოსს დიდი წვლილი მიუძღვის სამეფო კლუბის წარმატებაში, ესპანელი ფეხბურთელი ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტურ როლს ასრულებს.“
„რაულ ასენსიოს გამოძახება ნაკრებში? ეს ადამიანი დიდ პროგრესს აჩვენებს და საგოლე გადაცემებითაც გამოირჩევა. ფაქტია, რომ რაულმა აჩვენა დიდი ძალა და პოტენციალი. თუ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით.“
„ჩუამენი ნახევარდაცვას დაუბრუნდა და ძალიან მაღალი დონე აჩვენა, ის ფიზიკურად საოცრად ძლიერია და ერთი ერთზე ბრძოლებში ბრწყინვალე შედეგები აქვს.“
„ფედერიკო ვალვერდე დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუდარებელია, ის ყოველთვის განსაკუთრებულ მოტივაციას ფლობს. მნიშვნელოვანია, რომ ურუგვაელმა იდეალურად მოირგო მარჯვენა მცველის როლი, თუმცა ლუკას ვასკესის დაბრუნების შემდეგ, ფედე ნახევარდაცვაში დაბრუნდება.“
„იტალიურ ფეხბურთში პრობლემებია, რაც ჩემპიონთა ლიგის შედეგებშიც აისახა. დარწმუნებული ვარ, სერია „ა“-ს წარმომადგენლები მოუმატებენ და უკეთესი შედეგები ექნებათ ევროსარბიელზე.“
- 20 თებერვალი 2025
- 5 105
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.