კაზემირო:„ეს მხოლოდ მბაპეს შეუძლია“
კარლოს ენრიკე კაზემირო ტომას რონსეროს შეხვდა და საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაიხსენა.
„მბაპე? ის შეუჩერებელია. როდესაც ერთმანეთს პირველად შევხვდით, გუნდის ხელმძღვანელობას ვუთხარი, რომ ფრანგი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა გამხდარიყო მადრიდისტა. ის, რასაც კილიანი აკეთებს, მხოლოდ მას შეუძლია. მერწმუნეთ, არცერთი წუთით არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ წინახაზელი კიდევ უფრო მეტს გაიტანს, ის არნახულ ნიჭს ფლობს და გოლების გატანის საოცარი უნარი აქვს.“
„მახსოვს საფრანგეთში წაგებული 1:0, მაშინ პარიზული გუნდი მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა, მაგრამ კილიანი საოცარი იყო. როდესაც ის ბურთს ეხებოდა, ჩვენ განსაკუთრებულ მობილიზაციას ვაცხადებდით. მბაპეს წინააღმდეგ თამაში ურთულესი ამოცანა გახლდათ.“
„როდესაც მილანში „ატლეტიკო“ დავამარცხეთ, ლუკა მოდრიჩი გასახდელში შემოვიდა და თქვა, რომ ამ შესანიშნავ გუნდს ლიგაზე დუბლი უნდა შეესრულებინა, რასაც მართლაც მოჰყვა კარდიფის ფინალი და ზედიზედ მეორე გამარჯვება. დიახ, ლუკას არ დავიწყებია ძველი ნათქვამი და განგვიცხადა, რომ ჰეთ-თრიკის დრო იყო, ჩვენ კი ეს კიევში შევძელით. მაშინდელი გუნდი უბრალოდ შეუჩერებელი გახლდათ, ბრწყინვალე მენტალობით, რესურსითა და სტრუქტურით.“
„მე არ ვიცი, ვინ არის დღეს ფედერიკო ვალვერდეზე ძლიერი ნახევარმცველი. ვფიქრობ, ურუგვაელი თანამედროვეობის გამორჩეული ფიგურაა.“
„მბაპეს გაუმართლა, რომ მის გვერდით როდრიგო და ვინისიუს ჟუნიორი არიან. დრო მოვა, როდესაც ამ ტრიოზე ძალიან ბევრს ისაუბრებენ, მე მჯერა მათი.“
„ვინისიუს ჟუნიორს დიდი მომავალი აქვს, მან „რეალთან“ ერთად უკვე 2-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება და ვფიქრობ, ოქროს ბურთსაც იმსახურებდა. საკვირველია, რომ ბრაზილიელმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა ეს დრო აუცილებლად დადგება.“
„პატივს ვცემ როდრის და მივიჩნევ, რომ მან ძალიან ბევრი დაიმსახურა, თუმცა შარშან ვინი უალტერნატივო ფეხბურთელი იყო.“
„ჩემთვის სამი საუკეთესო მწვრთნელი ანჩელოტი, ზიდანი და ტიტე იყვნენ. ის, რასაც კარლო „რეალში“ ახლაც აკეთებს, სრულიად წარმოუდგენელია. დიახ, ანჩელოტი არის ძველი სტილის მწვრთნელი, მაგრამ ის არ ჩარჩა წარსულში და ფეხი აუწყო თანამედროვეობას, ახალ ტაქტიკურ მონახაზებს, ფიზიკურ განვითარებას და სტილს, რომელიც ფეხბურთელმა ბოლო ათწლეულში შემოგვთავაზა.“
„დიახ, იტალიელი სპეციალისტი წარმატებული იყო, როგორც 90-იან წლებში, ასევე 2000 წლის შემდეგ. არაერთ ჩემპიონატში შეძლო თავის დამკვიდრება და წარმატების მიღწევა. სიმშვიდე, რომელიც კარლოს აქვს, კარგად მოქმედებს ფეხბურთელებზე, მას შეუძლია სიტუაციის მართვა. ასევე უნდა აღინიშნოს დავიდეს როლი, რომელმაც მამისგან ბევრი ისწავლა, მაგრამ ტექნოლოგიური მიმართულებით კარლოს უდიდეს დახმარებას უწევს.“
„არასდროს მავიწყდება სცენარი, რომელიც „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირებაში განვითარდა. მაშინ გუნდს გმირად როდრიგო მოევლინა, ეს იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ სამეფო კლუბი საფინალო სასტვენამდე იბრძვის.“
„ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგები, ყოველთვის განსაკუთრებულ სამართლიანობას იჩენენ. თუ გულშემატკივარი ხედავს, რომ ბოლომდე იხარჯები, ის მხარს გიჭერს, ზარმაცობას კი რა თქმა უნდა, არავინ გაპატიებს.“
„„რეალში“ ჩამშლელის პოზიცია ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ გუნდის სტილი არის შეტევა, როგორც თავდამსხმეელები, ასევე ფლანგის მცველები და ნახევარმცველები შეტევაში გარბიან, შენ კი ვალდებული ხარ, გუნდი დააბალანსო, საჭირო დროს ცენტრალური მცველის ფუნქცია მოირგო, საჭირო დროს გადამწყვეტი დარტყმა განახორციელო. იმისთვის, რომ სამეფო კლუბს იდეალურად მოერგო, წლებია საჭირო, ვინაიდან ეს არის ძალიან სარისკო პოზიცია.“
„კამავინგა? ჩუამენი? ორივე ძალიან ძლიერი და დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. თუ მათ წლების მანძილზე სურთ, მოწოდების სიმაღლეზე დგომა, ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. ასევე აუცილებელია იდეალური სინთეზი ნახევარდაცვის სხვა წევრებთან, სხვაგვარად წარმატების მიღწევა არ გამოდის.“
„მე გამიმართლა, რომ კროოსთან და მოდრიჩთან ერთად წლები ვთამაშობდი, თუმცა ისინი ამინდს ქმნიდნენ, ესთეტიური ფეხბურთი უყვარდათ, სწორედ ამიტომ, დაცვაში ორმაგი სამუშაოს შესრულება მიწევდა. მათთან ერთად თამაში ქმნიდა დიდ კომფორტს, მაგრამ ამასთან ერთად მეკისრებოდა დიდი პასუხისმგებლობაც.“
„ჩემი გაცილება ბერნაბეუდან? ბედნიერი ვიქნები, თუ წლების შემდეგ „რეალის“ სტადიონზე ქომაგებს კვლავ ჩავეხუტები და მათგან სიყვარულს ვიგრძნობ, თუმცა ახლა მარსელოს სცენარის განვითარებაზე არ ვფიქრობ.“
„33 წლის ვარ და მივიჩნევ, რომ სწორი ვარჯიშის, კვებისა და ცხოვრების წესის შემთხვევაში, კიდევ დიდხანს შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს. ამ მხრივ ახლა არანაირი პრობლემა არ მაქვს.“
„დარწმუნებული ვარ, „მერენგები“ წელს მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებენ. ხანდახან არსებობდა ჩავარდნები, თუმცა ახლა სამეფო კლუბში ყველაფერი წესრიგდება. თუ გადამწყვეტ ეტაპზე ანჩელოტის განკარგულებაში ფეხბურთელების უმეტესობა იქნება, „რეალი“ აუცილებლად იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის.“
- 17 თებერვალი 2025
- 2 778
- 21
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.