ანჩელოტი:„მბაპეს სკამზე ჯერ არ დავსვამ“
კარლო ანჩელოტიმ „ჟირონასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. ეს ვერ იქნება მარტივი გასეირნება, რადგან „ჟირონას“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც მკაფიო იდეა და სათამაშო სტილი.“
„მიუხედავად იმისა, რომ წინა დაპირისპირებაში დავმარცხდით, ჩვენ განწყობა ცუდი არ არის. გვჯერა, რომ 3 ქულის მოპოვებას მოვახერხებთ, რაც სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“
„გუნდს აქვს შემართება და იცის, რომ ამ სეზონში თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვართ უდიდეს კონკურენციაში, როგორც კატალონიის „ბარსელონასთან“, ასევე მადრიდის „ატლეტიკოსთან“, რომელმაც ბოლო კვირებში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.“
„ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება, თუმცა ახლა ჩვენი კონცენტრაცია თავიდან ბოლომდე „მონტილივიზე“ შეხვედრას უკავშირდება.“
„თუ ჩვენ „ჟირონას“ ვერ დავამარცხებთ, ლა ლიგაში სიტუაციას გავირთულებთ, ამიტომ ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი უნდა ვიღონოთ.“
„მე ვფიქრობ, რომ არსებული კრიტიკა მეტისმეტად დიდია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ დასკვნას გამოვიტანთ და ვეცდებით, რომ ეს წნეხი სასარგებლოდ გამოვიყენოთ. გუნდი ბრძოლაშია და მხარდაჭერას საჭიროებს.“
„ვინისიუსი დაბრუნდა, მაგრამ თამაში ჯერ არ შეუძლია, ის ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტს ივარჯიშებს. ჩემი აზრით, ბრაზილიელი ფეხბურთელი „ატალანტას“ წინააღმდეგ დაბრუნდება.“
„ალაბამ სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა, მან დღეს დამატებითი დატვირთვები მიიღო, თუმცა კიდევ 1 თვე დასჭირდება მოედანზე გასასვლელად. ავსტრიელი სათამაშო წუთებს იანვრიდან მიიღებს.“
„რა თქმა უნდა, გუნდი არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი რაც შეიძლება მალე ვაჩვენოთ, ამის პერსპექტივა ნამდვილად არსებობს.“
„„ლივერპულთან“ და „ბილბაოსთან“ კარგად გამოჩნდა, რომ ისინი დიდ პრესინგს თამაშობდნენ. როდესაც სიტუაცია ასეთია, გრძელ პასებზე მეტი აქცენტი უნდა გააკეთო, ეს პრემიერლიგაში მუშაობის დროს კარგად გავითავისე.“
„მბაპე? ყველამ ვიცით, რომ ის საუკეთესო ფეხბურთს ვერ თამაშობს, მაგრამ ჩვენ მასთან ერთად ვართ და ერთად ვცდილობთ, სიტუაციის შეცვლას. მჯერა, რომ კილიანი ამ სეზონშივე მოახერხებს ბევრი გოლის გატანას და უფრო ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას, ის მაღალი დონის პროფესიონალია.“
„კილიანს სათადარიგო სკამზე მაშინ დავსვამ, როდესაც ძალიან დაღლილი იქნება, სხვა შემთხვევაში, ეს საკითხი არ განიხილება.“
„კრიტიკა? რა თქმა უნდა, ეს ჩემზეც მოქმედებს, თუმცა ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევ. ყველაზე მეტად მაღიზიანებს კრიტიკა, რომელიც ცვლილებებთან დაკავშირებით მოდის. მერწმუნეთ, ჩემზე კარგად არავინ იცის, რა საჭიროება არსებობს კონკრეტულ მომენტში და რომელი ფეხბურთელი უფრო მზადაა გუნდის დასახმარებლად.“
„დასვენება? რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგია დასვენება, მათ შორის არის მბაპე. ფრანგმა ბოლო მატჩებში მოუმატა, მაგრამ კიდევ მოუმატებს.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კენჭისყრას თვალი მივადევნე. ჯგუფი საინტერესოა, როგორც ჩვენი, ასევე სხვების. აქ სხვადასხვა ფილოსოფიისა და სპეციფიკის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ეს ჩემპიონატი დიდ ინტერესს გამოიწვევს და კარგი შეხვედრები შედგება.“
„ადაპტაცია მხოლოდ კილიანს არ სჭირდება. ასევე უნდა აგიხსნათ, რომ „რეალის“ ფეხბურთელებსაც სჭირდებათ მბაპეს თვისებებზე მორგება. როდესაც ეს სრულფასოვნად მოხდება, ფრანგი ბოლომდე გაიხსნება.“
„არ ვთვლი, რომ გუნდში პენალტის შემსრულებლები უნდა შეიცვალონ. მბაპე კვლავ დაარტყამს და აუცილებლად გაიტანს.“
„გუნდში კარვახალის ფაქტორი უდიდესი გახლდათ. ესპანელი ფეხბურთელის დაკარგვამ არამხოლოდ მარჯვენა ფლანგის ვარსკვლავი, არამედ მყარი ფსიქოლოგიის მქონე ფეხბურთელი გამოგვაკლო, ჩვენთვის მისი არყოფნა ძალიან დიდი დანაკლისია.“
„რეალური პრობლემების დანახვა მარტივი გზით არ არსებობს. ჩვენ ფუნდამენტურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ტრავმებისა და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების კვალდაკვალ ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე.“
- 6 დეკემბერი 2024
- 3 578
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.