რეალი მატჩიდან მატჩამდე უმატებს
სამეფო კლუბმა გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულად მოიპოვა სამი ქულა. მადრიდელთა მსგავსად 2:0 გაიმარჯვა მილანმაც და სამეფო კლუბთან ერთად ლიდერობს ჯგუფს.
როდესაც ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, გულშემატკივართა უმრავლესობა იმ ფაქტს უსვავდა ხაზს, რომ პორტუგალიელის ყველა გუნდი ჩაკეტილ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს აჩვენებდა. ექსპერტთა აზრით მოურინიო ტრადიციას არ უღალატებდა და თეთრებსაც ასე ათამაშებდა, რაზეც ტიტულებს მოწყურებული მადრიდისტები თანახმანი იყვნენ.
ლა ლიგას პირველივე ტურში მადრიდის რეალმა ის ფეხბურთი ითამაშა, რომელსაც ელოდნენ. ფეხბურთელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. თეთრების თამაში ნამდვილად არ ყოფილა მომენტებით დატვირთული და სერია ა-ში მოთამაშე გუნდს უფრო გავდა ვიდრე ლა ლიგაში. იგივე შეიძლება ითქვას ოსასუნასთან დაპირისპირებაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში რეალს გაცილებით მეტი შანსი ჰქონდა გოლის გატანისა, მაინც 1:0 და უღიმღამო თამაში ვიხილეთ. გუშინ კი მოურინიომ ყველას დაანახა, რომ რეალი მიმდინარე სეზონში არ დაცვაში ჯდომას და კონტრშეტევებზე თამაშს არ აპირებს.
აიაქსთან დაპირისპირებაში მადრიდელებმა თავიდანვე იგდეს ხელთ უპირატესობა და ბურთსაც კარგად აკონტროლებდნენ, რამაც თავის მხრივ საგოლე მომენტების სიმრავლე მოიტანა. მოურინიოს მოსვლის შემდეგ მადრიდის რეალმა შეიძინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ოზილი, დი მარია, ხედირა და კარვალიო. ეს ოთხი ფეხბურთელი გუშინ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს. ყველაზე დიდი დისკუსიები მესუთის ტრანსფერმა გამოიწვია, მადრიდისტები ორ ბანაკად გაიყვნენ, პირველი ნაწილის აზრით, როდესაც გუნდში კაკა, ვან დერ ვაარტი და კანალესი არიან, გერმანელი უკვე ზედმეტი იყო, მათ მიაჩნდათ, რომ მადრიდის რეალში ადაპტაციაგავლილი ჰოლანდიელი უფრო შედეგიანი იქნებოდა, ვიდრე თურქული წარმომავლობის ფეხბურთელი. ხოლო მეორე ნაწილის აზრით, სწორედ ოზილზე იყო დამოკიდებული მომავალი მადრიდის რეალის წარმატება. გერმანელმა ზუსტად 2 მატჩში დაამტკიცა, თავისი კლასი და პროფესიონალიზმი, მან ყველას ანახა, რომ დიდი მომავალი აქვს და ხელმძღვანელობამ მისი შეძენით უმაღლესი დონის გამთამაშებელი მოიყვანა გუნდში, თან სულ რაღაც 15 მილიონ ევროდ. ამ ფასად შესაძლოა იყიდო კარგი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს გააძლიერებს, მაგრამ ვუნდერკინდში ასეთი თანხის გადახდა ძალიან ცოტაა.
ბოლო წლებში მადრიდის რეალს შეტევაში კრეატიულობა აკლდა, გასულ სეზონში გუნდის ფლეიმეიქერად კაკა ითვლებოდა, მაგრამ ბრაზილიელი ტრავმებმა გააწამეს და იგი ვან დერ ვაარტმა ღირსეულად შეცვალა, თუმცა ეს მადრიდული პუბლიკისათვის საკმარისი არ იყო. ისინი მეტს ითხოვდნენ, ამიტომ პერესმა გადაწყვიტა დაეზღვია თავი და კაკას შემცვლელად ორი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა მოიყვანა, რომელიც მომავალში გუნდ ძალიან გამოადგება. არ არის გამორიცხული სულ მალე ვიხილოთ ე.წ. ბარსელონული მოდელი მადრიდის რეალში, ერთი საყრდენი და ორი ფლეიმეიქერი, ოღონდ რეალში ხავი-ინიესტას ნაცვლად, ოზილი და კანალესი იქნებიან. ეს უფრო სამომავლო გეგმაა ვიდრე ახლანდელი. ფლორენტინოს ორივე ტრანსფერმა გაუმართლა, კანალესი მართალი ახალგაზრდაა, მაგრამ მისი გამჭოლი პასები, შეუდარებელია, 19 წლის ფეხბურთელს შესანიშნავი მოდენის ხედვა აქვს. რაც შეეხება ოზილს, გერმანელი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია რეალისათვის, მან მოახერხა და შეავსო ის ხვრელი მადრიდის რეალში, რაც ზიდანის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ჯერ ნაადრევია იგი ზიდანთან შევადაროთ, მაგრამ მესუთის წყალობით რეალს შეტევის გაგრძელებაში პრობლემები არ აქვს, მას შესანიშნავი ფანტაზია აქვს და ამასთან ერთად საშუალება ეს ყველაფერი მოედანზე რეალობად აქციოს.
გუშინდელ შეხვედრაში იმდენად კარგად ითამაშეს ოზილმა და დი მარიამ, რომ კრიშტიანო რონალდო ჩრდილში მოექცა, თუმცა ეს ყველაფერი გუნდისათვის არის სასარგებლო. აიაქსთან მატჩში ანხელ დი მარიამ დაამტკიცა, რომ არც მასში დახარჯული ფული არის წყალში გადაყრილი, მთელი შეხვედრის განამვლობაში არგენტინელი აქტიურობდა და შესანიშნავ პასებს არიგებდა, მან რამდენჯერმე კარის მიმართულებით დარტყმაც მოახერხა. აგრეთვე გამოსარჩევია ხედირა, რომლის ტრანსფერსაც ცოტა არ იყოს სკეპტიკურად უყურებდნენ, გუშინ კი გამოჩნდა, რომ გერმანელი ხაბი ალონსოსთან ერთად შესანიშნავ დუეტს ქმნის და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სამეფო კლუბს ნახევარდაცვის ცენტრში არანაირი პრობლემა აღარ ექნება. მოურინიოს მოსვლის შემდეგ, თეთრებმა დაცვაში თამაში საგრძნობლად გამოასწორეს. მადრიდელებმა უკვე 3 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს და არც ერთი გოლი არ გაუშვიათ, რაც დაცვაში გამოცდილი კარვალიოს მოყვანით შეიძლება აიხსნას. პეპე და რიკარდო შესანიშნავად აკონტროლებენ სიტუაციას და მეტოქე ფეხბურთელებს გასაქანს არ აძლევენ. ჟოზეს ხელი დაეტყო მარსელოსაც, რომელიც მართალია კვლავ ხშირად ერთვება შეტევებში, თუმცა დაცვაში ჩამოსვლასაც ასწრებს და პარტნიორების დაზღვევასაც.
მადრიდის რეალმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ დიდი თანხა დახარჯა და შეიძინა 6 ფეხბურთელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ყველაფერი მიზანმიმართულად განხორციელდა, ბლანკოსმა შეიძინა ის ფეხბურთელები, რომლებიც მას სჭირდებოდა ყველაზე მეტად. ყველაზე დიდი შენაძენი კი მადრიდის რეალისათვის ჟოზე მოურინიოს გუნდში მოყვანაა, რომელმაც მადრიდის რეალში მოიყვანა თავისი ერთგული პარტნიორები და ააგო ახალი სისტემა სამეფო კლუბისათვის, რომელიც ჯერ-ჯერობით წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
- 16 სექტემბერი 2010
- 1 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.