ანჩელოტი:„ჩვენ გვჯერა გამარჯვების და 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ“
კარლო ანჩელოტიმ კატალონიის „ბარსელონასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდი კარგად მომზადებული და მოტივირებულია. ვიმედოვნებ, „ელ კლასიკო“ ჩვენი წარმატებით დასრულდება. ფეხბურთელების შემართებით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ საშინაო არენაზე 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში.“
„„ბარსელონას“ შეტევის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე დგას, რაც წინა შეხვედრებშიც დამტკიცდა. ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავეთ.“
„დაცვა? ამ მხრივ მართლაც გვაქვს პრობლემები, მაგრამ „ელ კლასიკოში“ მხოლოდ დაცვის მოწოდების სიმაღლეზე დგომა საკმარისი არ იქნება. საჭიროა დაბალანსებული და ეფექტური თამაში.“
„ბელინგემის როლი ძალიან დიდია. ინგლისელმა ფეხბურთელმა შარშანდელ „ელ კლასიკოებში“ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. მსურს, ინგლისელმა ახლაც გაიბრწყინოს.“
„ეს არის შეხვედრა, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ფავორიტი არ არსებობს, ამაზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია.“
„მბაპეს გოლები გააქვს, ის ნელ-ნელა ადაპტირდება გუნდთან და სასარგებლო საქმის კეთებას განაგრძობს. დარწმუნებული ვარ, ბარსელონელთა წინააღმდეგ კილიანი ძალიან ეფექტური და შედეგიანი იქნება.“
„შარშან კარიმი დავკარგეთ, თუმცა მისი წასვლით არსებული დანაკლისი, ჯუდმა, ბრაჰიმ დიასმა და ხოსელუმ აღმოფხვრეს. ახლა ჩვენ თავდამსხმელის პრობლემა არ გვაქვს, შესაბამისად, ჯუდი სხვა ფუნქციებსაც ასრულებს.“
„ლევანდოვსკი ამ ასაკში საოცრად თამაშობს. „ბარსელონას“ ეს ფეხბურთელი უნდა დავაფასოთ, რადგან არის ეტალონი და მაგალითი ყველასთვის. იგივეს თქმა შემიძლია ლუკა მოდრიჩზეც, რომელიც ასაკის მიუხედავად, საოცარ ფორმაში და ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს.“
„გეგმა არსებობს, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.“
„როდრიგო „ელ კლასიკოში“ არ ითამაშებს. ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ბრაზილიელი არ გვეყოლება. მისი როლი ტოპ მატჩებში ყოველთვის ძალიან დიდია, მაგრამ ახლა სხვა შემადგენლობით უნდა შევძლოთ 3 ქულის მოპოვება.“
„ასეთი თამაშების წინ ბევრი საუბარი არ არის საჭირო. მთავარია მკაფიო გეგმა, ალტერნატიული გეგმები და ფეხბურთელების მოტივირება.“
„ლამინე იამალმა საფეხბურთო კარიერა ეფექტურად დაიწყო, მას დიდი პერსპექტივა აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება წინახაზელის მომავალი.“
„იამალი და მესი? ლამინე ჯერ არ არის მესი, მას არ სჭირდება ფსიქოლოგიური ზეწოლა.“
„მბაპეს „ბარსელონასთან“ თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. კილიანს კატალონიელთა წინააღმდეგ არაერთი გოლი გაუტანია.“
„„დორტმუნდთან“ მატჩის მეორე ტაიმში „რეალმა“ საოცარი ფეხბურთი აჩვენა. ეს იყო მაგალითი იმისა, რომ თუ მოვინდომებთ, დიდი ინტენსივობით თამაში შეგვიძლია. სისწრაფე ხშირად გადამწყვეტია.“
„ფლიკის „ბარსელონამ“ სტილი შეცვალა. ისინი პირდაპირ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და არასდროს ამახვილებენ ყურადღებას ბევრ პასზე. გერმანელი მუშაობას ახლა შეუდგა. დასკვნები კი სეზონის ბოლოს უნდა გამოვიტანოთ.“
„ვინისიუსი ოქროს ბურთს მოიგებს. შეუძლებელია, რომ ასე არ მოხდეს. მთავარი ის არის, რომ ბრაზილიელი სულ რაღაც 24 წლის არის და უდიდეს გამოცდილებას ფლობს. მომდევნო წლებში ვინი კიდევ უფრო მოუმატებს და „რეალისთვის“ დიდ სარგებელს მოიტანს.“
- 25 ოქტომბერი 2024
- 2 943
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.