კროოსი:„ამ საიდუმლოს პირველად ვამხელ“
ტონი კროოსმა „მარკასთან“ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ეს არის ინტერვიუ, რომლის წაკითხვა და გააზრებაც მართლაც ღირს.
„მადრიდის „რეალი“ ჩემი ცხოვრების კლუბია, რომელმაც ძალიან ბევრი მომცა. 10 წელი, რომელიც „მერენგების“ რიგებში გავატარე უბრალოდ დაუვიწყარია და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ღირსებას ვიცავდი. არასდროს დამავიწყდება ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგების დიდი ოვაციები და პატივისცემა, რომელიც ბოლო შეხვედრაში ვიგრძენი. ჩემი გული და მეხსიერება ამ მომენტებს ყოველთვის შეინახავს.“
„გადაწყვეტილებას თვეების მანძილზე ვიღებდი და ეს მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ყველაფრის შეფასების შემდეგ მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. ამ გადაწყვეტილების თქმა ანჩელოტისთვის ურთულესი გამოდგა, ვინაიდან იტალიელს სხვა რეაქცია ჰქონდა. ასევე ძალიან რთული იყო ჩემი შვილისთვის ყველაფრის ახსნა, რომელიც ახლაც ვერ ეგუება იმას, რომ „რეალის“ თამაშებზე მწვანე მინდორზე არ ვარ.“
„განსხვავებულ სიტუაციაშია ჩემი უმცროსი გოგო, რომელიც აღფრთოვანებულია იმით, რომ ბევრს აღარ ვმოგზაურობ და გასვლით თამაშებზე სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ყოფნა არ მიწევს. ვცდილობ, ოჯახთან ერთად ბედნიერად ვიგრძნო თავი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეუღლეს და შვილებს დიდ დროს ვუთმობ და ამით ვტკბები, მე ყოველთვის მქონდა მათთან ურთიერთობის ნაკლებობა.“
„ფლორენტინო პერესი გენიალური ადამიანია, მადრიდის „რეალის“ ყველა ფეხბურთელი თავს დაფასებულად გრძნობს და ამაში პრეზიდენტის როლი ძალიან დიდია, ის გენიალური ადამიანია. 21-ე საუკუნის „რეალი“ სწორედ პერესს უკავშირდება, ის მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ და გუნდისთვის მუშაობს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებზე.“
„არ ყოფილა მომენტი, როდესაც „რეალიდან“ წასვლაზე ვფიქრობდი. ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, მაგრამ 10 წლის მანძილზე ჩემი ყურადღება მხოლოდ მადრიდულ გრანდზე იყო გადატანილი და სხვა კლუბები არ მხიბლავდა.“
„2014 წელს ანჩელოტიმ დამირეკა და მითხრა, რომ გუნდში ვჭირდებოდი. იტალიელს ვკითხე, რატომ ვიყავი საჭირო, როდესაც მან მაშინდელი ფორმაციის კოლექტივით „ლა დესიმა“ მოიგო, მან კი მიპასუხა, რომ ჩემი ტრანსფერი „რეალს“ უფრო ძლიერ გუნდად აქცევდა, სწორედ ამის შემდეგ, ბერნაბეუზე გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე და დაიწყო საოცარი ეპოქა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი.“
„„რეალში“ ყველამ იცოდა, რომ ღამე სახლიდან გასვლა არ მიყვარს და ოჯახში ყოფნა ჩემთვის პრიორიტეტულია. რამდენჯერმე თანაგუნდელს ვაწყენინე, როდესაც ვახშამზე არ მივედი, თუმცა ბოლოს ყველა მიხვდა, რომ ვახშამზე არმისვლით მათ მიმართ უპატივცემულობას არ ვიჩენდი. 10 წლის განმავლობაში არაერთი წვეულება გაიმართა, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმეზე ვარ ნამყოფი.“
„თანაგუნდელებს დიდ პატივს ვცემდი, თითოეულს ცალ-ცალკე ვუთხარი, რომ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. იყო წინააღმდეგობა, არაერთი მოთამაშე ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო იყო.“
„ზიდანი? მასთან ფიქრის დროს საუბარი არ მქონია, თუმცა როდესაც საჯარო გახდა, რომ კარიერას ვასრულებდი, ფრანგმა ლეგენდამ პირადად დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს.“
„მბაპე? ადრე თუ გვიან ის მადრიდული გრანდის ღირსებას დაიცავდა. დიახ, ვიცოდი, რომ მბაპე მოვიდოდა, თუმცა ამას ჩემს გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია, ვინაიდან გაცილებით დიდ მასშტაბებში ვფიქრობდი.“
„ლუკა მოდრიჩი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლეგენდაა, რომელმაც მადრიდის „რეალში“ დიდი ისტორია დაწერა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მასთან ერთად თამაში დიდი კომფორტი იყო, ის გახლდათ ჩემთვის მისაბაძი ადამიანი, რომელთან ერთადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. ეპოქა, რომელიც ერთად შევქმენით ფასდაუდებელია, მოვა დრო როდესაც, კარიერას ისიც დაასრულებს და ბევრ რამეს ერთად გავაანალიზებთ.“
„ამ საიდუმლოს პირველად ვამბობ, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ. კარიერის დასრულების შემდეგ არ ყოფილა არცერთი დღე, რომელმაც ვარჯიშის გარეშე ჩაიარა. ზუსტად იგივე პროგრამით ვვარჯიშობ, რაც მოქმედი ფეხბურთელობის დროს მქონდა, თუმცა აქ რა თქმა უნდა, ფიზიკური ნაწილი იგულისხმება და არა ბურთთან ერთად სესიები.“
„ფედერიკო ვალვერდეში უდიდეს პერსპექტივას ვხედავ. მიხარია, რომ ჩემი ნომერი სწორედ მან აიღო, ის არის სულით ლიდერი და დარწმუნებული ვარ, „ბლანკოსში“ კიდევ დიდი ისტორია გადახდება თავს.“
„ანჩელოტისთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, ის გუნდში ყოველთვის იდილიას ქმნის. გამოცდილება, რომელიც იტალიელს აქვს, მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავს. მთავარი ის არის, რომ იტალიელმა ათწლეულების მანძილზე ფეხბურთის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე უდიდეს წარმატებებს მიაღწია. ასევე აღსანიშნავია, კარლოს საოცარი უნარი, რომელიც ახალგაზრდებთან ურთიერთობას უკავშირდება.“
- 22 ოქტომბერი 2024
- 3 935
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.