ანჩელოტი:„„რეალში“ ეს უნდა დასრულდეს, საკმარისია!“
კარლო ანჩელოტიმ „შტუტგარტთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ გუნდი ძალიან ბევრჯერ გადარჩა. ეს უნდა დასრულდეს. არ შეიძლება სანტიაგო ბერნაბეუზე რომელიმე გუნდი მსგავსი სიმწვავის შეტევებს ახორციელებდეს. მსურს, მივულოცო „შტუტგარტს“, ამ გუნდმა მართლაც ძალიან ბევრი იბრძოლა და დარწმუნებული ვარ, მომდევნო ტურებში აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგებს.“
„მილიტაო ბოლომდე მზად არ იყო, სწორედ ამიტომ, კარვახალი ცენტრალურ მცველად გამოვიყენე, ბრაზილიელი კი მხოლოდ მეორე ნახევარში დავტვირთე. როგორც დანი, ასევე ვასკესი, კარგად კომბინირებდნენ, თუმცა კარვახალს ცენტრში თამაში მეორე სართულზე გაუჭირდა, სწორედ ამიტომ, მეორე ნახევარში მარჯვენა მცველის პოზიციას დაუბრუნდა.“
„შეტევების ორგანიზებაზე მეტი მუშაობა გვმართებს. კრეატივის პრობლემა არ არის, რადგან გუნდში მეგა ვარსკვლავები თამაშობენ, თუმცა მათ სჭირდებათ სწორი მიმართულების მიცემა.“
„რუდიგერი ფანტასტიკური ფეხბურთელია. გერმანელი საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს, ის „ბლანკოსის“ დაცვის უდავო ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანტონიო შეტევებსაც შესანიშნავად ამწვავებს.“
„დღესდღეობით ტიბო კურტუა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მინახავს, თუ არა ბელგიელის დონის კარის დარაჯი კარიერის მანძილზე? რა თქმა უნდა, კი, შემიძლია სიაც მოგცეთ, თუმცა ამ ეტაპზე ის უალტერნატივოა.“
„ენდრიკი არის განსაკუთრებული თავდამსხმელი, რომელსაც აქ ძალიან ძლიერი დარტყმა და შესანიშნავი სისწრაფე. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ყველასათვის მოულოდნელად შორეული მანძილიდან დაარტყა და ეფექტური გოლის გატანა შეძლო. ვფიქრობ, ის კიდევ ბევრს გაიტანს.“
„რატომ არ გააკეთა ენდრიკმა პასი? იმიტომ, რომ გუნდს გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდა, სხვა შემთხვევაში, ის კოლექტიურ პასუხისმგებლობას გაიზიარებდა.“
„ენდრიკი ყოჩაღი ბიჭია, ორ დღეში მან ცოლიც მოიყვანა და გოლიც გაიტანა.“ (იცინის).
„ჩემპიონთა ლიგაზე მარტივად მოსაგები თამაში არ არსებობს. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ, თუმცა ვიცი, რომ სამუშაო კიდევ ბევრია. გასულ სეზონთან პარალელებს არ ვავლებ, პრობლემები შარშანაც იყო.“
„ჩემპიონთა ლიგაზე სხვადასხვა გუნდი 200-ზე მეტ მატჩში გამიყვანია და ყველა შეხვედრა სხვადასხვაგვარია. ეს ტურნირი არის დიდი გამოწვევა, რომელიც პროფესიონალურად უნდა მივიღოთ.“
- 18 სექტემბერი 2024
- 3 030
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.