ანჩელოტი:„მშვიდად იყავით, მბაპე ბევრს გაიტანს“
კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„გუნდი კარგად ემზადება. მთავარი ის არის, რომ კვირიდან კვირამდე უკეთესები ვხდებით და ეს ვარჯიშებზე კარგად ჩანს.“
„როტაცია? ეროვნული ნაკრებების პაუზის შემდეგ მეტი როტაცია გვექნება, მანამდე კი მეტწილად ფიქსირებულ შემადგენლობას ვენდობი.“
„დავიდ ალაბამ მწვანე მინდორზე ივარჯიშა, მაგრამ მას ინდივიდუალური პროგრამა აქვს. პროგრესი აშკარაა, მაგრამ ავსტრიელის დაბრუნებაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, ეს ნამდვილად ვერ მოხვდება უახლოეს კვირებში.“
„მბაპეს მშრალი სერია? მან მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ გაიტანა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფრანგმა ევროპის სუპერთასზე მეტოქის კარი აიღო და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“
„მეცინება, როდესაც ამბობენ, რომ კილიან მბაპეს „რეალში“ კრიზისი ეწყება. მან ზუსტად 3 კვირის წინ დაიწყო ვარჯიში და ადაპტაციისთვის აუცილებლად საჭიროებს დროს.“
„ფედე ვალვერდე? ის კვლავ იტანს გოლებს. ამ სეზონში 30 გოლის გატანა დავავალე (იცინის).“
„სამუშაო, რომელსაც ურუგვაელი ფეხბურთელი ასრულებს ფასდაუდებელია. ის მოედნის ყველა წერტილში ჩნდება და ეხმარება, როგორც დაცვას, ასევე წინა ხაზს. ვალვერდეს აქვს საოცარი ენერგია, რაც გუნდს უფრო შემართულს და მრავალფეროვანს ხდის.“
„ხანდახან ფორმატის ცვლილებები კარგია, მაგრამ არ ვიცი, გაამართლებს, თუ არა ახალი ფორმატი ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა აზრი არ მაქვს ჩამოყალიბებული, ამ ყველაფერს დრო გამოცდის და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“
„ჩუამენი მრავალმხრივი მოთამაშეა, მას შეტევების ჩაშლის გარდა საკმაოდ კარგი პასების დარიგება შეუძლია და ნუ დაგვავიწყდება, რომ საოცარ დარტყმას ფლობს. ფრანგი არ ჰგავს კროოსს, მას სულ სხვა მახასიათებლები აქვს.“
„რეინიერ ჟესუსი ნიჭიერი ფეხბურთელია, მას სჭირდება ისეთი კლუბის მოძიება, სადაც შესაძლებლობებს სრულფასოვნად გამოავლენს.“
„რუდიგერისა და მილიტაოს სახით ფანტასტიკური დუეტი გვყავს. მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის პრობლემების შემდეგ მილი მოწოდების სიმაღლეზე დადგა.“
„გუნდს გოლების პრობლემა ნამდვილად არ ექნება, რადგან ჩვენ გვყავს მბაპე, ვინისიუსი და როდრიგო. ამ სეზონში 3 ოფიციალური თამაში ჩავატარეთ და 6 გოლი ჩავიწერეთ აქტივში. ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის, თუმცა მომატების პერსპექტივაც გვაქვს.“
- 28 აგვისტო 2024
- 1 085
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.