აზარი:„ჩემთვის ზიდანი მესისა და რონალდუზე მაღლა დგას“
ედენ აზარმა ვრცელ ინტერვიუში ძალიან საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„„რეალში“ თამაში ჩემი ოცნება იყო. ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე მსურდა, მაგრამ არაფერს ვნანობ. ეს იყო ლამაზი დღეები, კვირები, თვეები და წლები.“
„რას შევცვლიდი ჩემ ცხოვრებაში? დალასში გაკეთებულმა ოპერაციამ ძალიან დიდი პრობლემები შემიქმნა, რადგან შემდეგ კოვიდ 19 დაიწყო და რეაბილიტაციის კურსი მარტომ გავიარე. მე მჭირდებოდა ფიზიოთერაპევტის ყოველდღიური ჩართულობა. აღდგენა სრულფასოვნად ვერ მოხდა, რამაც დამატებითი პრობლემები გამოიწვია, „რეალში“ კი კონკურენცია პიკს აღწევდა. სწორედ ამას შევცვლიდი, ან ოპერაციას არ გავიკეთებდი, ან ფიზიოთერაპევტის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამდი.“
„ჭარბწონიანობა? დიახ, მადრიდში მართლაც მაწუხებდა ჭარბი წონა, მაგრამ ეს „ჩელსიშიც“ ყველა ზაფხულის შემდეგ ასე ხდებოდა. სულ რაღაც 1 თვე დამჭირდა ფორმაში ჩასადგომად, მაგრამ მალევე მივიღე ტრავმა.“
„საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია? სიაში ტოპ პოზიციებს ალბათ ბენზემას და ლუკა მოდრიჩს მივანიჭებდი, თუმცა ვერ დავივიწყებ ფრენკ ლამპარდს, დე ბრუინს და სხვებს.“
„ზინედინ ზიდანი? ის საოცარი სპეციალისტია. რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ პრემიერლიგაში არანაირი პრობლემა არ ექნება და თუ მართლაც გაწვრთნის ინგლისის რომელიმე გუნდს საოცარ შედეგებს დააფიქსირებს.“
„კარლო ანჩელოტი ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია. მას ნამდვილად უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებლის სტატუსზე.“
„მე როდრიგო გოეშის დიდი გულშემატკივარი ვარ, მასში ნამდვილად არის ნიჭი, რომელიც ხან ჩანს, ხანაც არა.“
„მესი თუ რონალდუ? ჩემთვის მესი მწვერვალია, მისი თამაშის სტილი ძალიან მიზიდავს, თუმცა რა თქმა უნდა, რონალდუს კლასს დიდ პატივს ვცემ. ის გოლების გატანას 50 წლის ასაკშიც შეძლებს. სიმართლე გითხრათ ორივე მოთამაშეს ზიდანი მირჩევნია.“
„ვინისიუს ჟუნიორი საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მინიმუმ 10 წელი იქნება, მისი მადრიდული კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო, რამაც ბრაზილიელს უდიდესი გამოცდილება დაუგროვა.“
- 19 თებერვალი 2024
- 1 667
- 4