ანჩელოტის გუნდებს სეზონის მეორე ნაწილში უფრო უჭირთ
მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა და ლა ლიგის პოტენციური ლიდერიც გახლავთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენცია მაინც ძალიან დიდია. ესპანელი ანალიტიკოსები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც ანჩელოტის გუნდების შედეგებს სეზონის მეორე ნაწილში ეხება...
ყველა შემთხვევაში იტალიელი სპეციალისტის გუნდები პირველ წრეში უფრო მეტ ქულას აგროვებენ, ვიდრე მეორეში, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ნაწილის მიწურულს ხშირად აზრი ეკარგება ბრძოლას და გუნდებს სხვა მიმართულებით აქვთ აქცენტი გადატანილი, რაც ქულების დაგროვებას გარკვეულწილად ხელს უშლის.
კარლიტომ „რეალის“ მწვრთნელობის პირველ ეტაპზე 2013/14 წლებში პირველ წრეში ლა ლიგაში 47 ქულა დააგროვა, მეორე წრეში კი 40.
2014/15 წლების სეზონში კვლავ „რეალში“ პირველ წრეში 48 ქულა, ხოლო მეორეში 44.
ამის შემდეგ იყო „ბაიერნი“, სადაც გუნდმა პირველ წრეში 42, ხოლო მეორეში 40 ქულა დააგროვა.
2018/19 წლების სეზონში კარლიტომ „ნაპოლიში“ იმუშავა, სადაც პირველ წრეში 44 ქულას მოუყარა თავი, ხოლო მეორეში 35 ქულას.
ამის შემდეგ იყო „ევერტონი“, სადაც გუნდმა პირველ წრეში 33, ხოლო მეორეში 26 ქულა დააგროვა.
ანჩელოტი 2021 წელს „ბლანკოსში“ დაბრუნდა და ტრადიციაც გაგრძელდა. „რეალმა“ პირველ წრეში 46 ქულა დააგროვა, ხოლო მეორეში 40.
გასულ სეზონში გუნდმა პირველ წრეში 45 ქულა დააგროვა, ხოლო მეორეში 33. შარშან დაფიქსირდა პირველ და მეორე წრეს შორის რეკორდული სხვაობა, როდესაც გუნდმა ისტორიაში პირველად ანჩელოტის ხელმძღვანელობით 12 ქულიანი სხვაობა აჩვენა.
მადრიდისტები იმედოვნებენ, რომ არასასიამოვნო ტრადიცია არ გაგრძელდება და ანჩელოტის დამოძღვრილები ამ სეზონში მაინც შეცვლიან სტატისტიკას. „რეალს“ პირველი 19 დაპირისპირების შემდეგ 48 ქულა აქვს, მეორე წრეს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან ლა ლიგისთვის კვლავ ბრძოლაში რჩებიან „ჟირონა“, „ბარსელონა“ და მადრიდის „ატლეტიკო“.
- 21 იანვარი 2024
- 792
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.