ვინი:,,კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მქონდა"
ვინისიუს ჟუნიორმა „ბარსელონასთან“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი...
„ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით და 3 გოლის გატანით. წარმოუდგენელია, რომ ჰეთ-თრიკის შესრულება შევძელი. როდესაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მივედი, ვიცოდი, რომ გავიტანდი, ვინაიდან საოცარი მუხტი მქონდა. „ბარსელონელთა“ წინააღმდეგ ერთ მატჩში 3 გოლი არასდროს გამიტანია, ეს ნამდვილად ისტორიული საღამო იყო, რომელმაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანე, მაგრამ რომ არა ჩემი თანაგუნდელები, მარტოს არაფერი გამომივიდოდა, სწორედ ამიტომ მადლობა მათ. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც თავდაჯერებულობა შემმატა, არ ვთვლი, რომ საუკეთესო ფორმაში ვარ, რადგან ახლახანს დავბრუნდი, მაგრამ ყოველ მომდევნო დაპირისპირებაში უკეთესი ფეხბურთის ჩვენებას შევძლებ.“
„დიახ, გოლი კრიშტიანო რონალდუს მივუძღვენი, რომელიც ჩემი კერპია და ახლა საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს. არ შემეძლო, რომ ასე არ გამეკეთებინა. პორტუგალიელს დიდ პატივს ვცემ და ვიცი, რომ ის ჩვენი დიდი გულშემატკივარია. რონალდუს „ბარსელონას“ დამარცხება ძალიან გაუხარდა.“
„„ბარსელონას“ 4-1 დამარცხება მარტივი არ არის, ეს დიდი შრომის შედეგია, რომელიც ყოვედლღიურ რეჟიმში გვაქვს. მადრიდში ბედნიერები ვბრუნდებით და გვჯერა, რომ წარმატება გაგრძელდება.“
„რა თქმა უნდა, „რეალი“ ყველა ტურნირის ფავორიტია. ჩვენ ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი წავაგეთ და მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ასე იქნება. სულ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ და ამისთვის ვიბრძოლოთ.“
„კონცენტრაციას არ ვკარგავთ და ვიცით, რომ რამდენიმე დღეში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ძალიან საპასუხისმგებლო დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს. გუნდს აქვს დიდი რესურსი და ტრავმების მიუხედავად, ყველა ფეხბურთელი ახერხებს შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი.“
„კურტუას, მილიტაოს, ალაბას და სხვებს დროულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ამ ტიტულის მოგებას ვულოცავ. ეს თასი ყველას ეკუთვნის.“
„ტრავმები არასდროს მაწუხებდა, მაგრამ ამ სეზონში 2-ჯერ მომიწია პაუზის აღება, რაც ჩემთვის კატასტროფა იყო, თუმცა ყველაფერი ცუდი უკან მორჩა და ახლა წინსვლაზე ვფიქრობ. ძალიან ბევრ კომპონენტს ვითვალისწინებ იმისთვის, რომ დაზიანება აღარ მივიღო და გუნდისთვის საჭირო მომენტში საჭირო ადგილზე ყოფნა შევძლო. ეს ჩემთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია.“
„ყოველთვის ვცდილობ გავუმჯობესდე, როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი და სპორტსმენი. ჩემს კადრებს ხშირად ვუყურებ და ვაანალიზებ, რა უნდა გამეკეთებინა და რა არა. დიახ, პრესაში ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ პროფესიონალი ვარ და სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ.“
„სერჟი რობერტო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ემოციები შემეკავებინა, თუმცა მერწმუნეთ, როდესაც ფინალში „ელ კლასიკოს“ თამაშობ, თავის შეკავება ურთულესია.“
- 15 იანვარი 2024
- 2 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.