ანჩელოტი:,,ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს"
კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„ჩემი განახლება? ამისთვის დრო არის. როგორც იცით, მადრიდის „რეალში“ ყოფნაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მომავალს უკვე ქმნიან ფეხბურთელები, რომლებმაც ხელშეკრულებები გაახანგრძლივეს.“
„სამწუხაროდ, არდა გიულერს ისევ პრობლემა აქვს, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საშინლად მოქმედებს, თუმცა თურქს ვამშვიდებ და პირობას ვაძლევ, რომ საქმეში მალე ჩავრთავ. სანაკრებო შესვენების შემდეგ ის აუცილებლად დაბრუნდება. ტრავმის რეციდივთან საქმე არ გვაქვს, ამას გამოვრიცხავ.“
„ვინისიუსი „ვალენსიასთან“ შეხვედრას განსაკუთრებული ემოციით არ შეხვდება, ვინაიდან შეცვლილი არაფერია. ბოლოს ამ გუნდთან დაპირისპირების დროს მასზე სერიოზულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს უკვე წარსულია.“
„ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს, ვინაიდან წინა ტურში დასანანად ვერ მოვიგეთ. ჩვენ გვსურს პირველ ადგილზე გადასვლა, ამისთვის კი „ვალენსია“ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. საერთო ჯამში შედეგებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტი გვმართებს, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში.“
„ითამაშებს თუ არა ბელინგემი? მან კარგად ივარჯიშა , გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ, თუმცა მოედანზე გასვლის შანსი ნამდვილად აქვს.“
„მეტი არდას შესახებ? მას მენისკის პრობლემა არ აქვს. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, შემდეგ იყო კუნთების დაზიანება, რასაც თანმდევი პრობლემები მოჰყვა. როგორც გითხარით, არდა მოედანზე გასვლას სანაკრებო შესვენების შემდეგ შეძლებს, ახლა მას ვერ გამოვიყენებთ.“
„ვალენსიელი გულშემატკივრები? ვფიქრობ, მათი ადგილი ბერნაბეუზე მოიძებნება. მათ მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ქომაგებმა დიდი სიამოვნება უნდა მიიღონ დინამიური მატჩით, რომელიც ხვალ გაიმართება.“
„4-4-2 სისტემით გუნდი კარგად ასპარეზობს, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს. ბელინგემის უნივერსალურობა და თავისუფლება შეტევაში მეტ პოტენციალს გვაძლევს.“
„რჩევა გიულერს? რა თქმა უნდა სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე. მე მესმის მისი, მაგრამ არდას მთელი კარიერა წინ აქვს და აუცილებლად ითამაშებს „რეალის“ მაისურით, თანაც ბევრჯერ.“
„ჩემს მომავალზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. თუ დავრჩები ბედნიერი ვიქნები, თუ ასპარეზს სხვას გადავაბრებ, ამ გადაწყვეტილებასაც გაგებით მოვეკიდები. ჩემსა და ხელმძღვანელობას შორის სრული იდილია და პატივისცემაა.“
„ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის კეპა, ჩუამენი, სებალიოსი, არდა და სხვები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, არსებული რესურსის ათვისებას.“
„ახალგაზრდა მეკარეები? იმედი მაქვს, ამის საჭიროება არ დადგება, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ფრანისა და კანისარესის გამოყენებაც.“
„ფედეს განახლება? ვამაყობ, რომ ურუგვაელის მწვრთნელი ვარ, მასთან მუშაობა ნებისმიერი სპეციალისტისთვის პრივილეგიაა, ვალვერდე სრულიად განსხვავებული კალიბრის მოთამაშეა.“
- 10 ნოემბერი 2023
- 3 462
- 5