ვალვერდე:„გპირდებით, „რეალში“ ამას გავაკეთებ“
„რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ ფედერიკო ვალვერდემ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...
„თავს ძალიან ამაყად ვგრძნობ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ. ისევ ამ სივრცეში დავბრუნდი და ახალი კონტრაქტი გავაფორმე.“
„დიდი ბედნიერებაა „რეალის“ გერბის დაცვა. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა, მათ შორის ღირებულებები, ღირსება, შეხედულებები და თვითრწმენა. დიდი იმიჯია მადრიდში თამაში.“
„როდესაც ამ კლუბთან კონტრაქტის განახლების შესაძლებლობა გეძლევა, ბევრი არ უნდა იფიქრო. ეს მსოფლიოს საუკეთესო ადგილია.“
„9 ტიტული მოვიგე, მაგრამ მჯერა, რომ ახალი კონტრაქტის ფარგლებში კიდევ ბევრ ჯილდოს მივიღებ. ტიტულები მწყურია, როდესაც აქ თამაშობ, ყოველთვის წარმატებაზე ხარ ორიენტირებული.“
„ბერნაბეუზე თამაში ადრენალინია. ქომაგები დიდ მოტივაციას გვაძლევენ და უფრო ძლიერებს გვხდიან.“
„ფლორენტინო პერესი ბრწყინვალე პრეზიდენტია. ჩემი ოჯახი ყოველთვის იქნება მისი მადლიერი. „„რეალის“ მმართველმა იცის, როგორ იზრუნოს ფეხბურთელებზე.“
„„რეალში“ ყოფნის დროს ცხოვრება ძალიან ლამაზია. არასდროს მავიწყდება მომენტები, როდესაც ჩემპიონების რანგში „სიბელესისკენ“ მივდიოდით და მთელ ქალაქს თეთრი მაისური ეცვა. ეს არის საოცარი ტრადიცია.“
„„ბლანკოსში“ არასდროს ნებდებიან, როდესაც გვიჭირს ვიცით, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და მსაჯის საფინალო სასტვენამდე შანსი გვაქვს. გამარჯვებულის „დნმ“ ამ გუნდში უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებულია.“
„ვეტერანი ფეხბურთელები ახალგაზრდებს დიდ გამოცდილებას უზიარებენ, თუმცა გუნდში არ იცვლება ხედვები და მიზნები. აქ ყოველთვის გამარჯვებაა მთავარი წერტილი.“
„კროოსი, მოდრიჩი და კაზემირო დამეხმარნენ იმაში, რომ ჩამოვყალიბებულიყავი პროფესიონალ ფეხბურთელად, მეგრძნო ბურთი, უკეთ შევსულიყავი ორთაბრძოლებში და ასე შემდეგ.“
„თვისებებს ყველაზე მეტად მაშინ ვავლენ, როდესაც მოედნის ცენტრში ან ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ვარ, თუმცა გარკვეულ მომენტებში შემიძლია სხვა პოზიციის მორგებაც. ენერგიით სავსე ვარ და მინდორზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.“
„არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი მშობლების როლი, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს ჩემი სპორტული კარიერის განვითარებისთვის. მადლობელი ვარ და მათ ღვაწლს ვერასდროს დავივიწყებ. მამას ხშირად უთქვამს უარი საჭმელზე იმისთვის, რომ ჩემთვის ბუცები ეყიდა, ის დღისა და ღამის განმავლობაში შრომობდა იმისთვის, რომ მე ყველაფერი მქონოდა.“
„ჩვენ ფეხბურთელები ვართ, მაგრამ ჩვენს უკან დგანან მზარეულები, ფიზ.მომზადების სპეციალისტი, ფსიქოლოგები, სხვადასხვა მიმართულების მწვრთნელები და ასე შემდეგ. ეს დიდი და კომბინირებული პროცესია, ამიტომ ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ.“
„როდესაც მადრიდში ჩამოვედი, კლუბის ბაზაზე ვცხოვრობდი და მივიჩნევდი, რომ ეს იყო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ის დრო არასდროს დამავიწყდება.“
„მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც „რეალის“ კაპიტანი გავხდები. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია. გპირდებით, ამას გავაკეთებ.“
- 10 ნოემბერი 2023
- 1 284
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.