ნურასოდეს დამივიწყებ!

ნურასოდეს დამივიწყებ!

წინასიტყვაობა - ღამეა, თქვენ რბილ სავარძელში ხართ მოკალათებული და სულმოუთქმელად ელოდებით საფეხბურთო მატჩის დაწყებას, რომელშიც თქვენი საყვარელი გუნდი მონაწილეობს. ტელევიზორს იმედიანად შესცქერით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ტრანსლირება გვიან ღამით მიმდინარეობს, თქვენ ეს სრულიად არ გაღელვებთ, საყვარელ გუნდს მხურვალედ ქომაგობთ და დიდი წარმატების მოლოდინში ხართ... მაგრამ არა, ხდება ყველაზე საშინელი რამ, რაც კი შეიძლება მოხდეს, ან მომხდარიყო, მწვრთნელი თქვენ არაფრად გაგდებთ, მას უბრალოდ არ აინტერესებთ, იგი თქვენ უბრალო მაყურებლად მიგიჩნევთ... მას სრულიად არ ანაღვლებს, რომ თქვენ საყვარელ გუნდს, ყველგან და ყოველთვის გვერდში უდგახართ, მას არასდროს ივიწყებთ, გვიან ღამით, როდესაც ძილისპირული ახლოვდება, თქვენ მაინც დიდი ინტერესით შესცქერით ტელევიზორს იმ იმედით, რომ მატჩის მიმდინარეობისას რაიმე საინტერესო მომენტი არ გამოგრჩეთ. შეხვედრა გრძელდება... მატჩის მსვლელობას მსაჯის სასტვენი აფერხებს, ამ დროს კი ისმის მაღვიძარას ხმა, თქვენ ხომ ხვალ ბევრი სამუშაო გაქვთ, ძილი გჭირდებათ, მაგრამ არ იძინებთ, რადგან დღეს თქვენი საყვარელი გუნდი თამაშობს, თქვენ კი არ დაუშვებთ, რომ თამაშის დასამახსოვრებელი მომენტები გამოგრჩეთ... თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ სასაწაული კვლავ განმეორდა, „ღმერთის ქუსლი“ – „ელ პასე დე ლა მუერტე“ და გენიალური გოლი, გენიალური ფეხბურთელის შესრულებით. დიახ დიახ, ის გუტია, ხოსე მარია გუტიერესი, ის სულ ახლახანს გამოჩნდა მოედანზე... მან ეს კვლავ მოახერხა... მატჩი დასრულდა, მშვიდად წახვედით დასაძინებლად, ემოციებისგან დაცლილი და კმაყოფილი. თვალებს დახუჭავთ და ჩაიცინებთ, ჩაიცინებთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ბედნიერი, რათა კიდევ ერთხელ იხილეთ, გენიალურობის, ფენომენალურობის და ღვთიური გაბრწყინების ნაზავი... თქვენ ხომ სწორედ ამიტომ გიყვართ ფეხბურთი...

INTERMEDIUS - სიკეთის და ბოროტების, წარმატების და წარუმატებლობის, სიყვარულისა და სიძულვილის შუაში.

„როდესაც გუტიზე ვსაუბრობ, პირველყოვლისა მისი მშობლები მახსენდება, რომლებმაც შვილის საკეთილდღეოდ ყველაფერი გაიღეს, მიუხედავად მძიმე ცხორებისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მამამისი ყოველთვის ახერხებდა მის ვარჯიშებზე ტარებას... მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ის პირველად ვიხილე. ჩემთან ერთერთი დამხმარე მწვრთნელი მოვიდა და მითხრა - „ვისენტე, შეხედე ამ ბიჭს ბურთთან ერთად როგორ მოქმედებს...“ და მართლაც, როდესაც მე ეს ყველაფერი ვიხილე დავრწმუნდი, რომ იგი განსაკუთრებული იყო, გუტი ყველასგან გამოირჩეოდა...“

„მას ყოველთვის მრავალი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ ბოლოს ყველა მიხვდა, რომ იგი გენიოსია, გენიოსების გაკრიტიკება კი არ შეიძლება... ისეთმა დიდმა გუნდმა, როგორიც მადრიდის რეალია, გაზარდა უდიდესი ფეხბურთელი, რომელმაც უდიდეს კონკურენციას გაუძლო, იგი ფენომენალური პიროვნება და უბრალოდ საოცარი ფეხბურთელია.“

„ის მადრიდში ძალიან პატარა ასაკში მოვიდა და ყრმობის პერიოდიდანვე დაიმსახურა ჩემი პატივისცემა. იგი ყველასთან ჰარმონიულად ურთიერთობდა და იყო ჭეშმარიტი - „მადრიდისტა“.

„ერთხელ გუტის ვკითხე, თუ რატომ არ იჭრიდა თმებს... მეგონა დაფიქრდებოდა და რაიმე ბავშვურ პასუხს გამცემდა, თუმცა მან ძალიან საინტერესოდ მიპასუხა - „თმებს მაშინ შევიჭრი, როდესაც თქვენ ულუაშებს მოიპარსავთ.“

„524 მატჩი მადრიდის რეალში - დიდი მიღწევაა. მე მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ ცხოვრებაში.“ - ვისენტე დელ ბოსკე.

დებიუტი

„თუ ჩვენ მიმდინარე წელს, ახალ ფეხბურთელებს არ შევიძენთ, მე გუნდში კანტერანოებს ვუხმობ.“ - ეს გახლდათ ხორხე ვალდანოს განცხადება, რომელმაც იგი 1995 წელს გააკეთა, სწორედ მაშინ, როდესაც მადრიდელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.
ნურასოდეს დამივიწყებ!
ტრავმები, გაუთავებელი დისკვალიფიკაციები, მადრიდელთა ცუდი თამაში... სწორედ ეს გახლდათ ვალდანოს მუქარის ასრულება, რომელიც მომავალში გუნდის პრეზიდენტსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ახალი სეზონის დაწყებიდან სამი თვის თავზე, ხორხე ვალდანო რამოდენიმე კანტერანოს პირველ გუნდში გადმოყვანის კანდიდატურას განიხილავდა. საბოლოოდ, არგენტინელმა თავკაცმა გადაწყვიტა, რომ მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში ორი კანტერანო, 18 წლის ალფარო და 19 წლის გუტი გადმოეყვანა.

რაულის თაობა

პირველი კავშირის შემდეგ, რომელიც ხორხე ვალდანომ, რაულის თაობასთან დაამყარა, იგი დღითიდღე ინტერესდებოდა ახალგაზრდა მადრიდელი ფეხბურთელებით. მიმდინარე სეზონში, ვალდანო მთავარ გუნდში რეგულარულად ათამაშებდა კალვოს, ალვაროს, გუტის, მორანას და ლუის მარტინესს. კანტერანოები, ამხანაგურ მატჩებში იღებდნენ მონაწილეობას, სწორედ ასეთი რამ მოხდა 1995 წლის 10 ოქტომბერსაც, როდესაც „ატლეტიკო სელაიასთან“ მატჩში მოედანზე, ხოსე მარია გუტიერეს ფერნანდესი გამოჩნდა...

ვალდანომ, პირველად რაული მოსინჯა, შემდეგ იყო ალვარო, შემდეგ კი გუტი, რომელმაც გასულ წელს 18 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. 95-96 წლების სეზონში, გუტიმ „რეალ მადრიდ კასტილიასთან“ ერთად სეგუნდა დივიზონში მე-4 პოზიცია დაიკავა, ესპანელი ფეხბურთელი კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (მისი მონაგარი 25 მატჩში 11 გოლს შეადგენდა).
1995 წელს - წერს გუტის მეგობარი რეპორტიორი, კარლოს კარბახოსა - „მე გუტისა და ვიქტორ სანჩესს ვთხოვე „ელ მუნდოსთვის“ სურათები გადაეღოთ. ისინი იმ დროს კასტილიაში საუკეთესოები იყვნენ.“

ვალდანოს ყოველთვის სჯეროდა ახალგაზრდა ფეხბურთელების. მას შემდეგ, რაც 1996 წელს მადრიდელთა რიგებში ახალწვეულებმა, რინკონამ და ესნაიდერმა საშინელი სეზონი ჩაატარეს. კლუბს ახალი მოთამაშეების შესაძენად ფინანსები აღარ ჰყოფნიდა, რჩებოდა ერთი შანსი, მადრიდელ სპეციალისტებს ახალგაზრდა, ნიჭიერი კანტერანოები დიდ ფეხბურთელებად უნდა ჩამოეყალიბებინათ და შემდეგ გაეყიდათ, რათა გადაერჩინათ გუნდის ბიუჯეტი.
„ჩემი დებიუტის დროს ძალიან ვნერვიულობდი და ამასთან ერთად უზომო კმაყოფილების გრძნობით ვიყავი გამსჭვალული“ - იხსენებს გუტი. „მადრიდში უამრავი დასამახსოვრებელი დღე გავატარე, თუმცა დებიუტი მათგან ყველაზე მეტად გამოირჩევა.“

ბოსმანის საქმე

ბოსმანის საქმემ ქარის სისწრაფით მოიარა ევროპა და დაანგრია "ფიფას" სატრანსფერო პოლიტიკა. ევროპის წამყვანმა კლუბებმა დაიწყეს ლეგიონერთა გადმობირება, ოღონდ ამჟამად ლეგიონერებად არამხოლოდ არაესპანელები ითვლებოდნენ, არამედ ყველა ის ადამიანი ვისაც EC პასპორტი არ ჰქონდა.
1995–96 წლის სეზონში, მადრიდის "რეალის" რიგებში 6 ლეგიონერი ირიცხებოდა (რედონდო, ზამორანო, ლაუდრუპი, ესნაიდერი, რინკონი და პეტკოვიჩი),ხოლო ბოსმანის წესის შემოღების შემდეგ, "მადრიდელთა" რიგებში, არაესპანელ ფეხბურთელთა რიცხვმა 11–მდე იმატა (ილგნერი, რობერტო კარლოსი, პანუჩი, ზეედორფი, რედონდო, მიატოვიჩი, შუკერი, პეტკოვიჩი, სეკრეტარიო, სეზარ პრაცი და ზე რობერტო)...
ნურასოდეს დამივიწყებ!
ბოსმანის საქმე ესპანურ ფეხბურთს ყველაზე უდროოდროს დაატყდა თავს, მაშინ როდესაც "ფურია როხას" ისტორიაში "ოქროს თაობა" იზრდებოდა – რაული, გუტი, დე ლა პენია, ეჩებერია, ალვარო, მარკოსი, სერხი, ფრანი, როხერი, ლუის მარტინესი, არანსაბალი, სელადესი, კარანკა ვიქტორი და სხვები...

ზოგიერთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ბოსმანის საქმემ დამღუპველად იმოქმედა, ანუ არსებობდა ფეხბურთელთა კატეგორია, რომელთათვისაც პირველი გუნდის კარი სამუდამოდ დაიხურა... რა მოხდა გუტის შემთხვევაში?

სათადარიგოს ფილოსოფია

სირთულეების დაძლევა, სწრაფი მოქმედების უნარი და სულიერი სიმტკიცე, სწორედ ასეთი გამორჩეული თვისებების მატარებელი უნდა ყოფილიყო მაშინ თითოეული "მადრიდისტა". ამ ყველაფრის შესახებ, გუტისთვის თავიდანვე გახდა ცნობილი. ახალგაზრდა ბიჭმა, ყრომობის ასაკიდანვე დაიწყო ზრუნვა თავის მომავალზე. მოგეხსენებათ, მადრიდში ახალგაზრდა ფეხბურთელმა, პირველ გუნდში მოხვედრამდე სამი ეტაპი უნდა გადალახოს, პირველი – უნდა მოხვდეს გუნდის განაცხადში, მეორე – უნდა მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში და ბოლო, ანუ მესამე, რომელიც ნებისმიერი კანტერანოსთვის უდიდესი პრივილეგიაა – მოიპოვოს გულშემატკივართა ნდობა და აღიარება...

1996 წლის 12 მაისი, გუტის პირველი გოლი მადრიდის "რეალის" რიგებში

ეს მოხდა "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მადრიდელებმა გამანადგურებელი ანგარიშით 0–3 მოიგეს. არსენიო იგლესიასი, რომელმაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხორხე ვალდანო შეცვალა, გუტის სრულ ნდობას უცხადებდა, თუმცა იგლესიასის გუნდიდან წასვლის შემდეგ გუტის მდგომარეობა მადრიდში ერთიორად გართულდა...

არსენიო იგლესიასი 1996 წლის ზაფხულში გუნდიდან ოფიციალურად გაუშვეს, ეს ყველაფერი განპირობებული იყო გუნდის არადამაჯერებელი ასპარეზობით, რამაც საერთო ჯამში მადრიდის "რეალის" ევროთასებს მიღმა დარჩენა განაპირობა. გუნდის მწვრთნელის პოსტზე, ფაბიო კაპელო დაინიშნა, რომელიც კანტერანოებს საკმაოდ დიდ ნდობას უცხადებდა, თუმცა რატომღაც დონ ფაბიო გუტის არ სწყალობა. მიუხედავად იმისა, რომ გუტიერესი პირველი გუნდის წევრად ითვლებოდა, იგი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკავებას ვერადავერ ახერხებდა...

სევდიანი გენიოსი

კაპელოსა და შუკერს შორის სერიოზული განხეთქილება წარმოიშვა... იტალიელი სპეციალისტი გუნდის მესვეურებს, "მონაკოში" მოასპარეზე ტიერი ანრის გადმობირებას სთხოვდა, ხოლო პრეზიდენტის შვილის ფერნანდო სანსის ადგილს გუნდში ვერ ხედავდა და შესაბამისად მისი გუნდიდან გაშვება სურდა. ასეთი ავანგარდული გარემოებების ფონზე, დონ ფაბიო მადრიდიდან, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე "გააპანღურეს"...
ნურასოდეს დამივიწყებ!
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფაბიო კაპელო, იუპ ჰაინკესმა შეცვალა, რომელსაც ფეხბურთის თავისებური ხედვა გააჩნდა. მან პირველ რიგში გუნდში მყოფი 27 ფეხბურთელიდან რამოდენიმე კანტერანო გაუშვა და რამოდენიმე ახალი ტრანსფერიც განახორციელა. თავდაპირველად, ჰაინკესი გუტის გუნდიდან გაშვებასაც გეგმავდა, თუმცა შემდგომში გადაიფიქრა და იგი მადრიდში დატოვა, თავისი გადაწყვეტილება მან ასეთი სიტყვებით ახსნა – "გუტი გუნდში უნდა დარჩეს, რადგან იგი ძალიან ნიჭიერია..."

თავისმხრივ, გუტიც განიცდიდა ჰაინკესის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს. "ჰაინკესი შესანიშნავი მწვრთნელი და ძალიან კარგი პიროვნებაა" – აცხადებდა გუტი.

პირველი გაუგებრობა

1997–98 წლის სეზონში, ჰაინკესმა "ტენერიფესთან" დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გუტის უყვირა და იგი მატჩის "ანტიგმირად" შერაცხა. ამას მოჰყვა ექვსმატჩიანი უგულებელყოფა, რომელმაც გუტი ძალიან გაანაწყენა. იგი პრესასთან საუბარში აცხადებდა, რომ შექმნილი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილო და ნაწყენი იყო...
მიუხედავად ყველაფრისა, ჰაინკესი ჯიუტად აცხადებდა, რომ გუტისი სჯეროდა და მას პირველი გუნდის მოთამაშედ მიიჩნევდა, თუმცა მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოძებნას კვლავაც ვერ ახერხებდა...

მიმდინარე წელს მადრიდის "რეალმა" მეშვიდედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი... გუტის მეგობრები ძალიან მარტივად გახდნენ ვარსკვლავები, მათ მუნდიალზეც ითამაშეს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ გუტის იღბალმა უმუხთლა...

შენ გენიოსი ხარ

"ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გუტი თავს ძალიან კარგად გრძნობს... მისი მთავარი პრობლემა არის ის, რომ იგი ძალიან ემოციურია, მას არ შეუძლია ვნებების დაოკება... გუტის ესპანელ ბექემსაც უწოდებენ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ იგი ძალიან მოდური პიროვნებაა, მას უყვარს თანამედროვე ცხოვრება, იგის ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორსაც თანამედროვეობა მოთხოვს." – სტივ მაკმანამანის ავტობიოგრაფიიდან.
ნურასოდეს დამივიწყებ!
"გუტი შესანიშნავი ფეხბურთელია, წესით მას არაფერი არ უნდა უჭირდეს, მაგრამ წარუმატებლობის საიდუმლოც მისივე ავანგარდულ ხასიათშია." – ფაბიო კაპელო 1996–97 წლები.

"გუტი ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მას გაცილებით მეტი შეუძლია. ის თუ ასე გააგრძელებს, იგი ვარსკვლავი ვერ გახდება, იგი ყოველთვის არშემდგარ ვარსკვლავად დარჩება." – ჰაინკესი 1997–98 წლები.

ბავშვის სახიანი, მოდას აყოლილი, პატარა ბიჭი არაერთხელ მოექცა გულშემატკივრის კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა იგი ხალხს ყურადრებას არასდროს აქცევდა...
მაშინ, როდესაც 1999 წელს რედონდომ მძიმე ტრავმა მიიღო, გუტის თავის გამოჩენის საშუალება მიეცა. მან ეს შანსი დიდებულად გამოიყენა... მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე გუტის ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე არასდროს უთამაშია, მან მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვა და გულშემატკივრის წინაშე წარსდგა, როგორც – "ახალი რედონდო"...


By Kevlisha...

  • kevlisha
  • 30 აგვისტო 2010
  • 3 577
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)