ანჩელოტი:„„რეალს“ წინ ძალიან სერიოზული თამაშები აქვს“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„განწყობა რა თქმა უნდა, პოზიტიურია, რადგან გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. სანაკრებო პაუზაზე პირველი ადგილით გავდივართ. ვიმედოვნებ, ტრავმას არავინ მიიღებს და შემეძლება რესურსის სრულფასოვნად ათვისება. საკლუბო სეზონის განახლების შემდეგ ძალიან რთული დაპირისპირებები გველის.“
„რუდიგერის 4 ყვითელი ბარათი? მე მას არ დავავალებ, რომ ფრთხილად იყოს. ადრე თუ გვიან გერმანელს მოუწევს თამაშის გამოტოვება. იმედია, ეს არ იქნება „ბარსელონას“ წინააღმდეგ, თუმცა საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს დღე, როდესაც კამავინგას მარცხენა მცველად ვიხილავთ, ჩუამენის კი ცენტრალურ მცველად (იცინის).“
„მე ნამდვილად მსიამოვნებს ამ გარემოში ყოფნა, რადგან „რეალში“ ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ. როგორც ახალგაზრდა, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები გასახდელში სასიამოვნო გარემოს ქმნიან.“
„ბელინგემი გვავიწყებს, რომ მხოლოდ 20 წლის არის. ინგლისელი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მიწაზე მყარად დგას. ჯუდისთვის ეიფორია უცხოა, ის აგრძელებს მუშაობას და ბევრი კომპონენტის დახვეწას.“
„მოდრიჩის მიმართ ოვაციები ჩვეულებრივი ფაქტია. ლუკამ საოცარი თამაში ჩაატარა და გულშემატკივრებისგან სიყვარული კიდევ ერთხელ მიიღო. როდესაც ის მოედნიდან გამოვიდა, მივულოცე და ვუთხარი, რომ კვლავ შესანიშნავი ფორმაშია.“
„ბელინგემს მხოლოდ გოლების გატანა არ ევალება, ეს არ არის მისი პირდაპირი მოვალეობა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ამდენჯერ აიღო მეტოქის კარი და ლა ლიგი საუკეთესო ბომბარდირია. დარწმუნებული ვარ, ჯუდი სხვა კომპონენტებშიც უპირობო ლიდერის სტატუსს მოირგებს.“
„ჯუდს არ აქვს ფიქსირებული პოზიცია, რაც მას უფრო მრავალფეროვანს ხდის. ახალი ტაქტიკის წყალობით, ინგლისელს სრულად გახსნის საშუალება მიეცა. ნამდვილად არავინ ელოდა ბელინგემისგან ამდენს გოლს, ეს მართლაც დიდი სიურპრიზია.“
„ხოსელუს პენალტი? ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება ეს დაემართოს, სწორედ ამიტომ სჯობს, ყურადღება პოზიტიურ კომპონენტებზე გავამახვილოთ, მან დღეს გოლი გაიტანა.“
„თამაში სრულფასოვანი იყო. აუცილებლად აღსანიშნავია ჩუამენის უშეცდომო თამაში დაცვის ცენტრში. ჩვენ ამ მხრივ პრობლემები გვქონდა, მაგრამ მოედანზე რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ.“
- 7 ოქტომბერი 2023
- 5 616
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.