მოდრიჩი:„კარიერას დავასრულებ, როდესაც ეს მოხდება“
ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც სამომავლო გეგმებზე, ხორვატიის ნაკრებზე, მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებულ საკითხებსა და პირად გადაწყვეტილებებზე ისაუბრა...
„10 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რამხელა სიამოვნებას მივიღებდი „რეალის“ რიგებში და რა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული ჩემი ბერნაბეუზე ყოფნა, ნამდვილად არ დავიჯერებდი. ამის აღწერა საუბრით არ შეიძლება. ეს არის ემოცია, რომელსაც ყოველდღიურად შევიგრძნობ. 2 დღეში 38 წლის ვხდები, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ყოფნის საშუალება მომცა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.“
„ბურთთან ურთიერთობა სულ პატარა ასაკიდან დავიწყე. მადლობა ღმერთს, ეს ნამდვილად დიდი წყალობაა. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელთან ერთადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. ეს არის სრული ჰარმონია.“
„ფეხბურთელის წარმატების გასაღები მოტივაცია და ფიზიკური კონდიციებია. ჩემი აზრით, ახლა კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მაქვს, ვიდრე ადრე მქონდა, ფიზიკურად კი თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თითოეულ დაპირისპირებაში 90 წუთის ჩატარება შემიძლია და ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. მინდა, რომ მოედანზე ხშირად გავიგე და გუნდის დახმარება შევძლო. დიახ, კონტრაქტი სწორედ იმიტომ გავახანგრძლივე, რომ საკუთარი შესაძლებლობების მჯერა. როდესაც მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიდგები, „რეალსაც“ დავტოვებ და ფეხბურთელის კარიერის დასრულებაზეც ვიფიქრებ. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ახალ ხელშეკრულებაზე შევთანხმდით, ყველაფერი სწრაფად მოხდა, ვინაიდან „ბლანკოსმა“ იცის ჩემი დამოკიდებულება კლუბის ისტორიისადმი.“
„ანჩელოტიმ იცის, რომ მე არ მჭირდება ისეთი მიდგომა, როგორც დამსახურებულ მოთამაშეს. მე მსურს მომიდგნენ ისე, როგორც საჭირო ფეხბურთელს. შემიძლია გუნდისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო, სწორედ ამიტომ, აზრთა ერთობლიობამ ახალი კონტრაქტის გაფორმებისკენ მიბიძგა.“
„ზედიზედ 3 თამაში სათადარიგო სკამზე არასდროს ვყოფილვარ, ეს უჩვეულო შეგრძნება იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. ანჩელოტიმ იცის, რომ თამაში მწყურია და მუდამ მზად ვარ, მოედანზე გასასვლელად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ხორვატიის ნაკრებში რამდენიმე თვის წინ 120 წუთიან დატვირთვას ვიღებდი. როგორც გითხარით, ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასაკი მხოლოდ ციფრებია. მოედანზე ვამტკიცებ, რა შემიძლია.“
„აქ იმისთვის დავრჩი, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო. მადრიდის „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია და ბედნიერი ვარ, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშს ვაგრძელებ. ეს მაგიური სტადიონია, რომლის რეკონსტრუქციაც კიდევ უფრო დიდ ისტორიას დაწერს.“
„ჩვენ გვყავს საუკეთესო ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც გზის გაკვალვა სჭირდებათ. ანჩელოტიმ ამიხსნა, რომ დროს მივიღებ, მაგრამ აქცენტი სწორედ მომავალ თაობაზე უნდა გაკეთდეს. ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს. მე ვაზროვნებ გლობალურად და ვიცი, რა საჭიროებებია სამეფო კლუბში. იტალიელ სპეციალისტთან არანაირი გაუგებრობა არ არსებობს, მე დამრიგებელს სრული მხარდაჭერა აღვუთქვი.“
„გამოცდილი ფეხბურთელების ვალი კლუბის მიმართ, ახალგაზრდების დახმარებაა. ვფიქრობ, უკვე წლებია მომავალ თაობას ვეხმარები. ჩემს თვალწინ არნახული პროგრესი აჩვენეს როდრიგომ, ვინისიუსმა, ფედერიკო ვალვერდემ, კამავინგამ, მილიტაომ და სხვებმა. ისინი ნამდვილ ლიდერებად ყალიბდებიან.“
„მსურს დავტკბე ყოველი წამით, რომელსაც სამეფო კლუბში ვატარებ. არ მჭირდება ვაჭრობა და საუდის არაბეთიდან მომდინარე წინადადებებით სპეკულირება. თავიდან ბოლომდე „ბლანკოსზე“ ვარ ორიენტირებული და ვცდილობ, სიამოვნება მივიღო ამ ლამაზი დღეებითა და თვეებით.“
„ბენზემა ძალიან მენატრება, ჩვენ ერთად 11 წელიწადი გავატარეთ, ის ჩემი მეგობარია, ერთად ბევრი რამ გადაგვხდა თავს. ასევე ძალიან მენატრებიან სერხიო რამოსი, მარსელო, კაზემირო და კრიშტიანო რონალდუ. ერთად დიდი ეპოქა შევქმენით და „ბლანკოსი“ კიდევ უფრო დიდი კლუბი გავხადეთ.“
„მე და კროოსი არ ვნებდებით, გერმანელი ძალიან გამოცდილია, მასთან ერთად თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტონის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვს. ის ჩემზე ბევრად უმცროსია, თუმცა არ აპირებს, რომ პროფესიონალური ფეხბურთი წლების მანძილზე ითამაშოს. პატივს ვცემ გერმანელის არჩევანს და მას ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ.“
„ხორვატიის ნაკრებთან ერთად გრძელვადიანი გეგმები არ მაქვს და ეს ბუნებრივია, ვინაიდან 38 წლის ვხდები. მთავარი ის არის, რომ ახლა ამ გუნდთან ერთად ვიმყოფები და თანაგუნდელებს იქამდე დავეხმარები, სადამდეც შემეძლება. ვამაყობ ჩვენი გუნდით, ვინაიდან არნახულ შედეგებს მივაღწიეთ.“
- 7 სექტემბერი 2023
- 2 582
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.