პერესს 3 „ახალი ზიდანი“ ჰყავს
„რეალის“ პრეზიდენტის სამომავლო გეგმები.
2021 წელს, სამეფო კლუბში დაბრუნებით კარლო ანჩელოტი საკმაოდ დიდ რისკზე წავიდა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ნამდვილად იცოდა, რას აკეთებდა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, მისი მეორე ეპოქა უფრო წარმატებულად შეფასდება, ვიდრე პირველი, ვინაიდან მის ანგარიშზე უკვე 5 ტიტული იქნება, რაც განვლილ წინა მონაგარს ერთით აღემატება.
63 წლის დამრიგებელს „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდე აქვს დაკავშირებული მომავალი, თუმცა კლუბის მაღალი მოთხოვნებიდან გამომდინარე, არავინ იცის, მიეცემა თუ არა კონტრაქტის პირობების ბოლომდე შესრულების საშუალება.
„მარკას“ ინფორმაციით, პაპა კარლოს წასვლის შემდეგ, გუნდის მეთაური „ზიდანის ფორმულის“ გამეორებას აპირებს და ამისათვის უკვე ჰყავს 3 „ახალი ზიდანი,“ რაულის, არბელოასა და ალონსოს სახით. სამივე ახალბედა მწვრთნელების რიგების მიეკუთვნებიან და საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობენ.
2020 წელს, „ელ კაპიტანომ“ „რეალის“ ასაკობრივ გუნდს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა და „კასტილიას“ მიაშურა. მიმდინარე სეზონში მისი შეგირდების ასპარეზობა შექებას იმსახურებს. მადრიდელები სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებენ და სერიოზულ განაცხადს აკეთებენ ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში დაწინაურებასთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ლეგენდარულმა „შვიდიანმა“ არა ერთი სერიოზული შეთავაზება დაბლოკა, როგორც პრემიერ ლიგიდან, ასევეს ბუნდეს ლიგიდან. მისი ოცნებაა პირველი შემადგენლობის ჩაბარება.
ჩაბი ალონსომ სამწვრთნელო საქმიანობის საწყისი ნაბიჯები „რეალის“ აკადემიაში გადადგა. ის Infantil A-ში მუშაობდა და კლუბის სურვილი იყო ეტაპობრივად დაეწინაურებინა ყოფილი შეგირდი, თუმცა ბასკი ჯერ „რეალ სოსიედადის“ მეორე კოლექტივში გადაბარგდა, ხოლო ცოტა ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები, გერმანიის ჩემპიონატის ბინადარი „ბაიერი“ ჩაიბარა, რომელიც კრიზიულს მდგომარეობაში იყო. საკმაოდ მოკლე დროში ჩაბის მიღებულმა ზომებმა ეფექტურად იმოქმედა ლევერკუზენელებზე. გუნდის მიზანია ევროპის საგზურის მოპოვება.
რაც შეეხება ალვაროს არბელოას, ის Juvenil A-ს უძღვება. ყოფილი განაპირა მცველის ლიდერულ და მენეჯერულ თვისებებზე ბევრს საუბრობენ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში. ალვაროს დარიგებულები შთამბეჭდავი ბურთაობით გამოირჩევიან და წლეულს არა ერთი რეკორდის დამყარება მოახერხეს.
- 10 თებერვალი 2023
- 4 419
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.