ანჩელოტი: „ისინი სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან ფინალს“
კარლო ანჩელოტიმ „ალ აჰლისთან“ ჩატარებული თამაში შეაჯამა.
„მოხარული ვარ ვალვერდეს გამო, მან დიდებული მატჩი ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა. ფედემ ჩვეულ სტილში იასპარეზა და ხარისხი გამოავლინა. ნელ-ნელა როგორც სხვები, ისიც ფორმას იბრუნებს.“
„1 საათის განმავლობაში მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით. შემდეგ ვფიიქრეთ, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა თავიდან მოგვიწია დაწყება. გუნდი ზრდას განაგრძობს. დავალებას წარმატებით გავართვით თავი.“
„როგორც უკვე ვთქვი, 0-2-ის დროს გვეგონა აღარაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი რაღაცები. ნაადრევად დავიჯერეთ, რომ თამაში მოგებული გვქონდა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ.“
„ზოგჯერ პენალტების გაცუდებაც ხდება. ლუკა ყოველთვის კარგად ასრულებდა თერთმეტმეტრიანებს. მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიდან, ის საუკეთესო დამრტყმელი იყო. ვფიქრობ, აღნიშნულ კომპონენტზე მუშაობა რთულია, ვინაიდან ვარჯიშის დროს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინება ვერ მოხდება.“
„სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერი სუფევდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქომაგებს. შთამბეჭდავი პაექრობა გამოდგა და ამაში თავისი წვლილი მეტოქემაც შეიტანა. ეგვიპტელები მაქსიმალურად ცდილობდნენ.“
„კარიმი შედარებით უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე მილიტაო. ისინი არ გამოჯანმრთელებულან. პარასკევს ივარჯიშებენ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვგონებ, კარვახალი და ასენსიო მზადყოფნაში შეხვდებიან ფინალს.“
„„ალ ჰილალმა“ კარგი ბურთაობის წყალობით დაძლია ნახევარფინალური ბარიერი. პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც გამოირჩევა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური თვალსაზრისით. ისინი ჩვენსავით აღტაცებულნი ელოდებიან შეხვედრას. ფეხბურთი შეიცვალა, მსოფლიოს მასშტაბით ბევრ გუნდს შეუძლია ბრძოლა და კონკურენციის გაწევა.“
„ახალგაზრდული სისტემა მნშვნელოვანია ასპექტია. აქ არავის ავიწყდება აკადემიის ფეხბურთელები. „რეალის“ პირველ გუნდში ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები ირიცხებიან. შესაბამისად, სხვებისთვის სათამაშო წუთების მინიჭება ადვილი არ არის. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რა თქმა უნდა, კანტერანოსები პერიოდულად დაწინაურდებიან.“
„ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს, ვინისიუსს ყველგან მოსწონს თამაში. მან საკმაოდ სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. ბევრს ცდილობდა, ფანტასტიკური გოლიც გაიტანა და ხიფათსაც ქმნიდა.“
„„ფლამენგოს“ მარცხმა გაოცება გამოიწვია. ინდივიდუალურ კომპონენტში ისინი აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს, თუმცა ფიზიკურად მოიკოჭლებდნენ და ამისათვის დაისაჯნენ.“
- 9 თებერვალი 2023
- 710
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.