ანჩელოტი:„„რეალი“ გაცილებით ძლიერია ახლა, ვიდრე 2 კვირის წინ“
კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს არის გუნდი, რომელიც თავს კარგად იცავს და კონტრ-შეტევაზე სახიფათოდ თამაშობს. თუ გამარჯვების მოპოვება გვინდა, უკანა ხაზში განსაკუთრებული ყურადღება და შეცდომების მინიმიზება გვმართებს.“
„ალაბას ტრავმა უკან მორჩა. ავსტრიელი ხელმისაწვდომია და „მალიორკასთან“ მატჩს დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.“
„მილიტაოს და ბენზემას ასპარეზობა ხვალინდელ მატჩში გამორიცხულია. ისინი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩვენთან ერთად გაემგზავრებიან, მაგრამ ახლა არ შემიძლია გითხრათ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ტურნირში. ორივე მოთამაშისთვის დამატებითი ტესტირება ჩაინიშნა.“
„როგორც კროოსი, ასევე სებალიოსი პროფესიონალები არიან და მაქსიმალურად ცდილობენ სეზონის წარმატებით დასრულებაზე იფიქრონ. კლუბი ორივე ფეხბურთელთან საუბრობს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“
„ჩვენთვის მოთამაშეების შემოთავაზება არ ყოფილა. „რეალს“ თავიდანვე გაცხადებული გეგმა ჰქონდა. იანვარში არცერთი მოთამაშის დამატება არ იყო დაგეგმილი.“
„გუნდი ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე 2 კვირის წინ. ტრავმები პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ რესურსის სრულად ათვისების საშუალებას გვაძლევს. ვიმედოვნებ, ყველაფერი ცუდი უკან მორჩა და წინ დიდი წარმატებები გველის.“
„ვინისიუსთან ბევრი საუბარი არ მჭირდება. ბრაზილიელს არნახული მოტივაცია აქვს, ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მაქსიმუმის გაღებას ცდილობს.“
„მუნდიალზე თავდაჯერებულად ჩასვლისთვის ხვალინდელი მატჩის მოგება გვჭირდება, სწორედ ამიტომ არავის დავასვენებ. თერთმეტეული იმის მიხედვით ჩამოყალიბდება, თუ რა კონდიციაში არიან მოთამაშეები.“
„კროოსი და მოდრიჩი? ორივე ძალიან ძლიერია. მათ საქმეში არაერთხელ გვიჩვენებს პროფესიონალიზმი, მაგრამ ხანდახან ჩანაცვლებაც საჭიროა.“
„სებალიოსი აგრესიულია, როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალზე.“
„ჩემს შვილიშვილებს ვინისიუსი ძალიან მოსწონთ და მისი მაისური აქვთ. ვფიქრობ, ბრაზილიელი მომავალი თაობისთვის სამაგალითოა.“
„ბენზემას მომავალი? მე ვფიქრობ, რომ მსგავსმა ლეგენდებმა კარიერა „მერენგების“ რიგებში უნდა დაასრულონ.“
„ზიდანის მესამე ცდა „რეალის“ მწვრთნელის პოსტზე? მე ამაზე არაფერი ვიცი. ჭორებს დიდ დროს არ ვუთმობ და მშვიდად ვმუშაობ. ზუსტად ვიცი, რომ ზიდანი ყველგან და ყოველთვის წარმატებას მიაღწევს, ის განსაკუთრებულია.“
„ვალვერდეს პროგრესი აშკარაა. ურუგვაელს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა განსხვავებული სურათია. გოლების სიმცირე? მას სხვა დავალებები მივეცით და არა მეტოქის კარის ბადის შერხევა. ვფიქრობ, ფედე გუნდს მეტ ინტენსივობას და ტემპს სძენს.“
„ბევრი უნდა ილოცო იმისათვის, რომ ფეხბურთელები მწყობრში გყავდეს. ვფიქრობ, თებერვლის თვე საკმაოდ დატვირთული იქნება. ამას ემატება უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებები. სამწვრთნელო შტაბს ეფექტური მუშაობა მოუწევს.“
„ახლა მსოფლიო მუნდიალზე არ ვფიქრობთ. ახლა ჩვენი საზრუნავი „მალიორკასთან“ წარმატების მიღწევაა. სწორედ ამის შემდეგ გადავერთვებით სხვა ტურნირზე.“
- 4 თებერვალი 2023
- 7 220
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.