ანჩელოტის 13 პრობლემა
„განსხვავებულ სეზონთან გვაქვს საქმე. მსოფლიოს ჩემპიონატი შუა ნაწილში გაიმართება და არავინ იცის, როგორ კონდიციებში დაბრუნდებიან ფეხბურთელები კლუბებში“ - აცხადებდა ანჩელოტი კატარის მუნდიალის დაწყებამდე.
იტალიელი დამრიგებელი გრძნობდა, რომ მთავარი საფეხბურთო ფორუმის შემდეგ, არასახარბიელო სიტუაცია შეიქმნებოდა და მისი პროგნოზი გამართლდა. არსებული მომენტისათვის კარლიტოს 13 ფეხბურთელთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, რაც გამოწვეულია მწირი სათამაშო ფორმით, ტრავმებითა და უნდობლობით.
კარვახალი
ჯერ კიდევ მუნდიალის მერვედფინალურ დაპირისპირებაში (მაროკოსთან), ლუის ენრიკემ განაპირა მცველი სათადარიგოზე დატოვა. ამის მიზეზი კი, მისი ფიზიკური მდგომარეობა იყო, რაც კლუბშიც გრძელდება. სწორედ ამიტომ, „სუპერკოპას“ ფინალში ანჩელოტიმ დასვენების საშუალება მისცა. მისი ასპარეზობა „ბარსელონას“ წინააღმდეგ კრიტიკას ვერ უძლებს.
მენდი
მართალია ფრანგს კატარში არ უასპარეზია, თუმცა დამსახურებულ ადგილს იკავებს აღნიშნულ ჩამონათვალში. ფერლანმა საშინლად ითამაშა სუპერ თასამდე, „ვილიარალის“ წინააღმდეგ.
რუდიგერი
დავიდ ალაბას ტრავმამ ტონის გზა გაუხსნა სასტარტო შემადგენლობისკენ. „ბარსას“ პირველ გოლში გერმანელის ბრალეულობის მაჩვენებელი მაღალია. ის ჯერ შორს არის იმ რუდიგერისგან, რომელიც „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.
ვალვერდე
მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ პაუზამდე, ურუგაველი ნახევარმცველი საუკეთესო იყო „რეალში.“ დოჰადან დაბრუნებული ფედერიკო საკუთარ თავს არ ჰგავს. ის მეტად არაპროდუქტიული და შენელებულია.
მოდრიჩი
ხორვატი ფეხბურთელი დაღლილი ჩანს. 37 წლის მოდრიჩზე დიდი გავლენა მოახდინა სანაკრებო ტურნირმა. კატალონიელებთან შერკინების დროს ლუკა ჩრდილიდან არ გამოსულა. მას გარკვეული დრო სჭირდება, რათა ძალები მოიკრიბოს და ჩვეული დონე დაიბრუნოს.
კამავინგა
ედუარდოს მუნდიალზე ბევრი სათამაშო წუთი არ მიუღია. „სუპერკოპას“ ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწყო, მაგრამ ორივევეჯერ მწვრთნელმა შესვენებაზე შეცვალა შეგირდი. მან ანჩელოტისგან მიღებული დავალებები ვერ შეასრულა.
ალაბას, ჩუამენისა და ვასკესის შემთხვევაში საქმე გვაქვს ტრავმებთან. ავსტრიელი და ფრანგი მოედანს 3 კვირაში დაუბრუნდებიან, ხოლო ესპანელი 1 თვეში.
რაც შეეხებათ ოდრიოსოლას, აზარს, მარიანოსა და ვალეხოს, დამრიგებელი უბრალოდ არ ენდობა მათ და შესაბამისად, ძალიან იშვიათად იყენებს.
- 17 იანვარი 2023
- 1 125
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.