„რეალის“ კრიზისი - რას აპირებს პერესი?
„სუპერკოპას“ ფინალში განცდილი მარცხის ფონზე, „რეალის“ მდგომარეობა არასახარბიელოა.
„მარკას“ ინფორმაციით, მიუხედავად მძიმე პერიოდისა, ფლორენტინო პერესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არ აპირებს. ის და ხოსე ანხელ სანჩესი მაქსიმალურ ნდობას უცხადებენ სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მათი აზრით, არსებული წარუმატებლობა სათანადო ფიზიკური კონდიციების არქონას უკავშირდება, რაც სავსებით გამოსწორებადია.
პრეზიდენტი არ აყვება გულშემატკივრების პანიკას, რომლებიც გარკვეულ ცვლილებებს ითხოვენ. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოდრიჩისათვის, კროოსისა და ბენზემასათვის კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადებით გამოდიოდნენ, თუმცა განვითარებული მოვლენების შემდეგ, არა ერთმა უკვე შეცვალა პოზიცია. ცხადია, კლუბი ვერ გაიზიარებს ასეთი ადამიანების მოწოდებებს.
როგორც ანჩელოტიმ აღნიშნა, „უფერული დრო ჩაივლის და „რეალი“ აუცილებლად დაბრუნდება.“ და თუ ვინმე იმსახურებს მხარდაჭერასა და პატივისცემას, მოთამაშეები არიან, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ოქროს მედლებით დიდი სიხარული მიანიჭეს ინჩადას.
- 16 იანვარი 2023
- 2 011
- 3